Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინათლე ჩვენს გისოსებში


პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში თანამდებობა დატოვეს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა, პასუხისგებაში მიეცა გლდანის საპყრობილის ათზე მეტი თანამშრომელი, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ შესულიყვნენ საპყრობილეებში და პირადად გასაუბრებოდნენ პატიმრებს, თუმცა, ამგვარი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კვლავ რჩება საზოგადოების მომეტებული ყურადღების ცენტრში. საზოგადოებისათვის კვლავ მნიშვნელოვანია ის, თუ რა პირობებში იმყოფებიან პატიმრები, ვინ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე, ხომ არ აქვს ადგილი წამების ახალ ფაქტებს და როგორ აპირებს ახალი მინისტრი ვითარების გამოსწორებას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში გლდანის საპყრობილის თითქმის ყველა პატიმარს მიეცა საშუალება შეხვედროდა ოჯახის წევრს. მეტიც, საპყრობილის რკინის კარი რამდენჯერმე გაიღო ჟურნალისტებისა და სასულიერო პირებისათვის. დეკანოზმა შალვა კეკელიამ თავისი შთაბეჭდილებები საზოგადოებას საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ გაუზიარა:

„პატიმრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა, რაც აღარაფერი ხდება - არ სცემენ, ცუდად არ ექცევიან, მაგრამ ყველა პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ და დღესაც მუშაობს რამდენიმე ზედამხედველი, რომლებიც მათ სასტიკად ექცეოდნენ. გვითხრეს მათი სახელი და გვარები, რომლებიც გადავეცით დაწესებულების ხელმძღვანელს. დაგვპირდნენ, რომ ამ ადამიანებს სამსახურიდან დაითხოვენ.“

უღირსი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების პირობა დადო სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმაც. 22 სექტემბერს, საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილიების მიზნით, გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის რანგში თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა. გიორგი ტუღუშმა იმის შესახებ ილაპარაკა, თუ რა ვითარებაა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში და რის გაკეთებას აპირებს ის ვითარების შესაცვლელად. გიორგი ტუღუშის თქმით, პირველ რიგში, დასადგენია ყველა დაზარალებულის ვინაობა, რათა მათ გაეწიოთ კვალიფიციური დახმარება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, პარალელურად კი დაიწყება სისტემის რადიკალური რეფორმირება:

„გადავალთ თანამედროვე სტანდარტებზე და აღებული იქნება საუკეთესო მოდელები იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური, ადამიანის პატივსა და ღირსებაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემა. გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შევიტანთ 1600 ახალ მატრასს და პატიმრებს მკვეთრად გავუუმჯობესებთ პირობებს. იგეგმება ასევე პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება. ასევე იგეგმება ზოგადად პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა.“

გიორგი ტუღუში ასევე აპირებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას და მისი სერვისების გათანაბრებას სამოქალაქო სექტორის მომსახურებასთან. ასევე იგეგმება პაემნების მექანიზმის გამარტივება და საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა. ტუღუშის თქმით, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება მინისტრის მრჩეველთა საბჭო, გარკვეულ პირებს კი ექნებათ უფლება დაუბრკოლებლივ განახორციელონ მონიტორინგი სისტემაში, რაც, ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, მნიშვნელოვანი და საშური საქმეა.

„სხვათა შორის, ძალიან მარტივად და მოკლე დროში - ალბათ, ერთ თვეში - შეიძლება ამის გაკეთება, რადგანაც არსებობს პოლიტიკური ნება, მოტივაცია და მინისტრს აქვს ამის უფლება. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ამდენი მსხვერპლისა და უბედურების შემდეგ მივაღწიეთ ასეთ წინაპირობებსა და დაპირებებს“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

სხვათა შორის, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ავტორიტეტიანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოითხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭოს შექმნა. მიხეილ სააკაშვილისათვის გაგზავნილი მიმართვის მიხედვით, საბჭომ, როგორც მონიტორინგის ალტერნატიულმა წყარომ, უნდა განახორციელოს საზოგადოებრივი ზედამხედველობა სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობაზე, თუმცა ამ და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება, როგორც ჩანს, გიორგი ტუღუშს მოუწევს. საყურადღებოა ისიც, რომ ახალმა მინისტრმა რადიო თავისუფლების შეკითხვას, გაიხსნება თუ არა პენიტენციური სისტემა ჟურნალისტებისათვის, დადებითად უპასუხა.

„რა თქმა უნდა, მე გპირდებით, რომ პერიოდულად თქვენთან ერთად გარკვეულ დაწესებულებებს მოვინახულებთ, თუმცა გუშინ ნახეთ რამხელა სენსიტიზირება გამოიწვია გლდანის საპყრობილეში მედიისა და კამერების დანახვამ (დღეს მე გამოსაცვლელი მაქვს ფანჯრების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც დაამტვრიეს პატიმრებმა). რა თქმა უნდა, ეტაპობრივად სასჯელაღსრულების სისტემა გახდება იმაზე ბევრად გამჭვირვალე, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა ვაღიაროთ, რომ აქამდე ოდნავ გამჭვირვალეც არ ყოფილა. მალე გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ და გავიგოთ არა მარტო ის, რა ხდება ეზოში ანუ კედლებს გარეთ, არამედ კედლებს შიგნითაც“, განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG