Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

“სინედოკ თბილისი” (CinéDOC-Tbilisi) კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალია, რომელიც 14-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება. ეს ფესტივალი განსხვავებულია იმით, რომ ერთ-ერთი სექცია, “სინედოკ იანგი” (CinéDOC-Young), საგანგებოდ არის განკუთვნილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

კინოთეატრ “რუსთაველის” დარბაზი მერვეკლასელებით გაივსო. შუქი ჩაქრა და ფილმიც დაიწყო. მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავენ. თითქმის ყოველი მათგანი ფილმის დაწყებამდე ტაბლეტებით ერთობოდა და “სელფებს” იღებდა და უცებ სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ: ეკრანზე იხილეს სხვა ბავშვები, რომლებიც მათნაირები არიან, მათსავით იცინიან, ჩხუბობენ, თამაშობენ, მაგრამ სულ სხვა ცხოვრება აქვთ – ოჯახებისგან შორს, ადის-აბებას ქუჩებში დაეხეტებიან და თავს მათხოვრობითა თუ ქურდობით ირჩენენ.

პირობა ასეთია: მოსწავლეებმა ფილმი 1-დან 5 ქულამდე უნდა შეაფასონ, ამის შემდეგ კი, მოდერატორის დახმარებით, დისკუსია იმართება. ყველა თანხმდება, რომ ფილმის გმირებს “ბავშვობა წაართვეს”. თანაუგრძნობენ მათ, წუხან და ვერ იხსენებენ ნაცნობსა თუ მეგობარს, რომელიც ამ ფილმის გმირებს შეიძლება ჰგავდეს:

“ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. აუცილებლად ხვალაც მოვალ დანარჩენ ფილმებზეც”.

“რეალურად იყო ყველაფერი ასახული და მართლა ის იყო გადმოცემული, რაც სინამდვილეში ხდება”.

“ფილმი საკმაოდ კარგი იყო, ღრმა შინაარსის და ადვილად გასაგები იყო”.

ზოგი პატარა მაყურებლისთვის, მათივე თქმით, რამდენიმე სცენა უცხო და გაუგებარი დარჩა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დასკვნა საერთო გამოიტანეს: ქუჩის ბავშვები არა მხოლოდ ეთიოპიაში, საქართველოშიც ბევრია. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა მოსწავლეებმა იქვე გამოთქვეს სურვილი, იქნებ ქუჩის ბავშვების დასახმარებლად საგანგებო ფონდი შევქმნათო.

CinéDOC-Young-ი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის საკონკურსო სექციაა, რომელშიც ახალგაზრდები მაყურებლებიც არიან და ჟიურის წევრებიც. CinéDOC-Young-ის კურატორი მარიამ გულბიანი ამ სექციას საგანმანათლებლო-კულტურულ და თავისუფალ სივრცეს უწოდებს. CinéDOC-Young-ში 9 ფილმია წარმოდგენილი და თითოეულის ჩვენების შემდეგ დისკუსია იმართება, რომელშიც ფსიქოლოგიც მონაწილეობს. რამდენიმე შეხვედრაში წარმოდგენილი ფილმების რეჟისორებიც იღებენ მონაწილეობას.

ფილმები ახალგაზრდა მაყურებლებზეა გათვლილი. მარიამ გულბიანის თქმით:

“ეს არის პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები ბავშვებზე და ბავშვებისთვის. ფილმები იმის მიხედვით შეირჩა, თუ როგორ მიიღებდნენ ამ ფილმს საქართველოში მათი თანატოლები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბავშვები გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრებას, გაეგოთ, რა პრობლემები აქვთ მათ თანატოლებს, როგორ უყვართ ან სტკივათ”.

საკონკურსო ფილმები შემეცნებითი ხასიათისაა. თემატიკა მრავალფეროვანია: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეკოლოგია და სხვა. თუმცა CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორის არჩილ ხეთაგურის თქმით:

“...რა თქმა უნდა, ყველა ფილმი იმიტომ არის არჩეული, რომ ისინი მაღალი დონის შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმებია – ეს იყო მთავარი კრიტერიუმი და არა თემატიკა”.

ფესტივალის ერთი სექციის ახალგაზრდებისთვის დათმობა, მათთვის ჟიურის სტატუსის მინიჭება და დისკუსიების გამართვა, ყველაფეერთან ერთად, დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მარიამ გულბიანი ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი მიზანი იყო ეს ბავშვები არა მხოლოდ მაყურებლებად, არამედ კინორეჟისორებად გაიზარდონ:

“...ან თუნდაც, უბრალოდ, თავიანთი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა შეძლონ... ხშირ შემთხვევაში სკოლა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებისთვის ისეთი სივრცე შეიქმნას, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ თვითგამოხატვას”.

არჩილ ხეთაგური კი თვლის, რომ:

“ფილმების დახმარებით ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს კრიტიკული აზროვნება. ეს ხელს შეუწყობს მათ შემოქმედებით განათლებას... რომელიც განსხვავდება ტრადიციული, სკოლის განათლებისგან. ბავშვი ეჩვევა ფილმის ანალიზს და ნელ-ნელა უყალიბდება კრიტიკული აზროვნება...”

ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობენ, რომ ბავშვებს თავიანთი მოსაზრებები არ მოახვიონ თავს და საშუალება მისცენ ფილმებზე თავადვე იმსჯელონ.

სკოლის მოსწავლეები არამხოლოდ CinéDOC-Young-ში არიან აქტიურად ჩართული. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ფესტივალის სხვა აქტივობაშიც მიიღოს მონაწილეობა - მაგალითად, იყვნენ მოხალისეები ან რეჟისორებთან გამართულ დისკუსიებს გაუძღვნენ. ერთ-ერთი ასეთი მოხალისე, ანა ქიტიაშვილი, ფესტივალზე მუშაობის გამოცდილების შესახებ გვიამბობს:

“მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, რომ სკოლის მოსწავლე ვარ და, ბუნებრივია, ამ ასაკში დასაქმების საშუალება არ მაქვს. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, რომელსაც მომავალში ხელოვნების სფეროში და, განსაკუთრებით, კინოს სფეორში სურს მოღვაწეობა, ეს ფესტივალი ძალიან დიდი გამოცდილებაა. ძალიან ბევრი რაღაცის ორგანიზება გვიწევს და ვსწავლობთ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”.

CinéDOC-Young-ის გამარჯვებულს ახალგაზრდები 19 ოქტომბერს ხმის მიცემის წესით გამოავლენენ. ამასთანავე, ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებენ მონაწილეებს: მათივე თხოვნით, ბავშვთა დღის ცენტრებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა ბავშვებმა ფესტივალზე წინასწარ გაგზავნეს საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები - მოთხრობები, ნახატები და ფოტოები. ამ ნამუშევრებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეაფასებენ და ფესტივალის ბოლო დღეს გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG