Accessibility links

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სირიაში დაღუპვის ფაქტმა საზოგადოებას ხელახლა შეახსენა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევა, რომელიც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ უკავშირდება. სწორედ ამ დაჯგუფების რიგებში იბრძოდა 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სირიაში უკვე 10-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. როგორ და რატომ მიდიან ახალგაზრდები საბრძოლველად საქართველოდან და რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო ამ გლობალური პრობლემის წინააღმდეგ?

თურფალ ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ძივახევიდან 6 თვის წინ გაემგზავრა თურქეთში, საიდანაც შემდეგ უკვე სირიაში გადავიდა და ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლთა რიგებს შეუერთდა. 23 წლის ბიჭის დაღუპვის ამბავი ხეობაში 28 ივნისს საღამოს შეიტყვეს. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ და, მაგალითად, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, თურფალ ბორჩაშვილი მეთორმეტე დაღუპულია პანკისის ხეობიდან სირიაში წასულ ახალგაზრდებს შორის. ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი ახალგაზრდაა წასული საქართველოდან სირიაში ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლად. უხეში გათვლით, ლაპარაკია რამდენიმე ათეულ ადამიანზე.

მართალია, „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებისთვის საბრძოლველად ახალგაზრდები სირიაში, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც წასულან, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე რთულად არის საქმე პანკისის ხეობაში და რადიო თავისუფლებამ ამ თემაზე მაისში საგანგებო ვიდეოსიუჟეტიც მოამზადა. როგორც ამ სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი, კერძოდ, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი ახალგაზრდა კაცი სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, ზოგიერთები ასეთ ნაბიჯს უმუშევრობისა და უსაქმურობის გამოც დგამენ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებს, არც მეტი და არც ნაკლები, „ომში სიკვდილიც“ სწყურიათ. სულხან ბორძიკაშვილის დაკვირვებით, ასეთი მიდგომები სულ უფრო იმაგრებს ფეხს ხეობაში:

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ შემთხვევაში დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები - თუნდაც, ევროპაში - და მოქმედებს იმ მეთოდებით, რომლებითაც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში...

„პოპულარული ხდება ხეობაში „ისლამური სახელმწიფო“. მაგალითისთვის ვამბობ, თუკი ადრე იყო 10–15 კაცი, ახლა შეიძლება 150 კაცს მოსწონს და იღებს ამ სახელმწიფოს“.

ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთანო, ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და იქვე განმარტავს, რომ ბევრი რამ ქვეყნის შიდა სარბიელზე და უშუალოდ პანკისის ხეობაშიც კეთდება:

„ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობასთან, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და, რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები – ეს არის სოციალური, სპორტული პროგრამები თვითონ იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და, ამ შემთხვევაში, ხეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ შემთხვევაში დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები - თუნდაც, ევროპაში - და მოქმედებს იმ მეთოდებით, რომლებითაც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში“.

პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ხეობაში, ჩვენთან საუბრისას კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ იქ უკვე დასასრულს უახლოვდება სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, თუმცა, სხვა მხრივ, სასიკეთო ცვლილებები მას არ შეუმნევია. მეტიც, მისი აზრით, ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესების გაძლიერება დიდწილად სწორედ სახელმწიფოს გულგრილობის ბრალია. მექა ხანგოშვილი თვლის, რომ თავის როლს განათლებისა და დასაქმების პრობლემებიც თამაშობს, თუმცა მთავარ გამოწვევას მაინც იდეოლოგიური ფაქტორი განაპირობებს:

„ყოველთვის ვამბობდი მე, რომ ტრადიციული ისლამის შესუსტებამ და ამ სალაფიტური მიმდინარეობის გაძლიერებამ გამოიწვია ის, რომ დღევანდელი ახალგაზრდები საკუთარი ნებით მიდიან ამ სასაკლაოზე. ბოლო წლების განმავლობაში სულ ვითხოვდით, რომ სახელმწიფოს ყურადღება მიექცია, თუნდაც, ტრადიციული ისლამის განვითარების კუთხით, თუნდაც, უხუცესთა ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. სამწუხაროდ, ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკა არც ერთ მთავრობას ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხეობის მიმართ არ ჰქონია“.

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფოში არსებობდეს კომპლექსური მიდგომა ზოგადად ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით...

პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას რთულს უწოდებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე, თუმცა მისთვის არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების გადაბირების პრობლემები აჭარაში, გურიასა და ქვემო ქართლშიც არსებობს. გიორგი გობრონიძე რადიო თავისუფლებასთან კომპლექსური ანტიტერორისტული პოლიტიკის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

„რაც გულისხმობს იმას, რომ თავიდან ბოლომდე იქნეს შეზღუდული ტერორისტული აქტივობა და მოხდეს პრევენცია. ეს არის მხოლოდ მედლის ერთი მხარე, რომ სოციალური, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები იყოს გატარებული და მეორე მხარე უკვე ის არის, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა იმუშაონ ისე, როგორც უნდა იმუშაონ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფოში არსებობდეს კომპლექსური მიდგომა ზოგადად ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით“.

ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემა ასახულია შეერთებული შტატების ყოველწლიურ ანგარიშშიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ისლამისტი ექსტრემისტები საანგარიშო პერიოდში (2014 წელს) კვლავაც სატრანზიტო მიზნებით იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას, ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიასა და სირია-ერაყს შორის გადასაადგილებლად. გარდა ამისა, საქართველო განხილულია ასევე ტერორიზმის „წყაროდაც“. ანგარიშის ავტორები ეყრდნობიან მედიაში გავრცელებულ ცნობებს და ვარაუდობენ, რომ „ალყაიდისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ დასახმარებლად საქართველოდან 50-დან 100-მდე ახალგაზრდაა წასული ერაყსა თუ სირიაში.

თუკი ერთიან სურათს გადავხედავთ, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას დიდწილად შესწევს ძალა, რომ ტერორიზმის შემთხვევები გამოავლინოს, შეაკავოს და მათზე რეაგირება მოახდინოს. დოკუმენტში ასევეაღნიშნულია, რომ საქართველომ სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმთან დაკავშირებული ზოგიერთი მუხლი შეცვალა და „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში“ მოიყვანა. თუმცა ლაპარაკია გამოწვევებზეც, მაგალითად, უწყებათა შორის კოორდინაციის კუთხით და აქვეა რეკომენდაციები,რაც სახელმწიფოს მეტის გაკეთების აუცილებლობას უკარნახებს. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია, რადიკალიზაციის რისკის შემცირების მიზნით, მუსლიმ თემთან მეტი კავშირის დამყარებასაც გულისხმობს.

14 ივნისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის და ტერორისტულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად პირების გადაბირების ბრალდებით დააკავეს. სწორედ მას ბრალდება რამდენიმე ახალგაზრდის და, მათ შორის, (2015 წლის აპრილში) არასრულწლოვანის გადაბირება და წაყვანა სირიაში. პარალელურად, 14 ივნისს თბილისში დააკავეს, სავარაუდოდ, აიუფ ბორჩაშვილის მიერ გადაბირებული კიდევ 3 პირი – გიორგი ხუტუნიშვილი, გიორგი კუპრავა და დავით ფირისებია. 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათი დაკავება შესაძლებელი გახდა 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG