Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეეწირა


24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სირიაში მიმდინარე ბრძოლას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 21 წლის სულთან გუმაშვილი, შეეწირა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებისთვის იბრძვის დაღუპულის მამაც. დაუზუსტებელი სტატისტიკით, სხვადასხვა დროს სირიაში საბრძოლველად საქართველოს ასამდე მოქალაქე გადავიდა. რატომ უერთდებიან საქართველოს მოქალაქეები სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციას, რატომ არის სირიის პრობლემა მსოფლიოს თავის ტკივილი, რა შეიძლება შეცვალოს თურქეთის მიერ წამოწყებულმა სახმელეთო ოპერაციამ რეგიონში?

როგორც პანკისის სათემო რადიო (WAY) იტყობინება, დაღუპული სულთან გუმაშვილი სირიაში მამასთან, ადამ გუმაშვილთან ერთად იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი კი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად მოიხსენიება. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი სულთან გუმაშვილი საქართველოდან სირიაში 2013 წელს თურქეთის გავლით გაემგზავრა. მაშინ ის 18 წლის იყო და გაკვეთილების სისტემატური გაცდენის გამო გარიცხული იყო სკოლიდან. ამავე წყაროს ცნობით, სულთან გუმაშვილი პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ქისტი პოეტის, სულეიმან გუმაშვილის, შვილიშვილია.

„ოჯახი სამძიმარს იღებს, ე. ი. ეს სამწუხარო ამბავი დადასტურებულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის ხეობის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა. ის დიდ პრობლემად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეების სირიაში საბრძოლველად წასვლას, თუმცა თვლის, რომ სახელმწიფო ამით წარსულში დაშვებულ შეცდომებს იმკის, რადგანაც სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური ისლამის გაძლიერებისთვის:

„ჩემი ნათესავი გახლავთ ეს ახალგაზრდა... მაგრამ, თავისთავად, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერებისთვის... თავისთავად, ეს არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფოს თავის დროზე არ ჰქონდა მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა ამ ხეობის მიმართ... მთავარი, რისთვისაც ეს ახალგაზრდები იქ მიდიან, ეს არის იდეოლოგიური ფაქტორი და რადგან თავის დროზე არ მოხდა ამ იდეოლოგიური ფაქტორის აღმოფხვრა, ამის შედეგებს ვიმკით დღეს ჩვენ“.

პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

სირიაში გამგზავრებულთა ნუსხა რამდენიმე ათეულ საქართველოს მოქალაქეს ითვლის და ისინი ძირითადად პანკისის ხეობიდან არიან. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ამ დრომდე პანკისის ხეობის 21 მკვიდრია დაღუპული. სირიისკენ სწრაფვის უმთავრეს მიზეზად ასევე იდეოლოგიურ ფაქტორს მიიჩნევს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძეც. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სირიაში საბრძოლველად ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახებიდანაც მიდიან:

„მათ სჯერათ, რომ ომში მონაწილეობა არის საღმრთო საქმე და ეს არის ჯიჰადი და ყველა მუსლიმის ვალია, რომ ამ ომში მიიღოს მონაწილეობა. უმეტესობა სწორედ ამ მიზნით მიდის ომში“.

ალეკო კვახაძე შეგვახსენებს, რომ ახალგაზრდების საბრძოლველად სირიაში გადინება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და რომ ამ პრობლემის წინაშე დგას მსოფლიოს არაერთი განვითარებული და მდიდარი ქვეყანა – მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც - და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ტერორიზმს ერთიანი ძალებით უნდა დაუპირისპირდეს.

სირია
სირია

ალ-ყაიდის წიაღში აღმოცენებული „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას ისევ დასავლეთის სისუსტედ აღიქვამს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი გობრონიძე. ის ფიქრობს, რომ პრობლემა სწორედ დასავლეთის უმოქმედობამ და უსაფრთხოების პოლიტიკის მარცხმა შექმნა და ის მიგრანტთა კრიზისის სახით შემოუტრიალდა ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტი გამოთქვამს ასევე ვარაუდს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში წარმატებულ შედეგს ვერც თურქეთის მიერ წამოწყებული სამხედრო სახმელეთო ოპერაცია მოიტანს, რის შესახებაც 24 აგვისტოს იუწყებოდა უცხოეთის მედიასაშუალებები. გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, ისევე როგორც წლების წინ ერაყის ტერიტორიაზე შეჭრისას, თურქეთის მთავარი მიზანი ამჯერადაც ადგილობრივ ქურთებთან ანგარისწორებაა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების სირიისკენ მიგრაციას, გიორგი გობრონიძე ვარაუდობს, რომ საქართველოდან უკვე აღარავინ მიდის საბრძოლველად სირიაში და ასეთ შედეგს, ცხადია, ვერ მოიტანდა მხოლოდ გამკაცრებული კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, უკვე ისჯება უცხო ქვეყნის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში გაწევრიანება და ბრძოლა. გიორგი გობრონიძე მთავარ მიზეზად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ახალგაზრდების იმედებს ვეღარ ამართლებს, თუმცა აქვე ესმება ხაზი სახელმწიფოს გააქტიურების ეფექტსაც:

„პირველი, ეს ორგანიზაცია არც ისე წარმატებული აღმოჩნდა და იმ რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებსაც, ვისაც წარმოედგინა, რომ ამ გზით შეიძლებოდა საკუთარი თავის რეალიზება, ასე ვთქვათ, იმედები გაუცრუვდათ... მეორე, ჩასვლა ადვილია ამ ორგანიზაციაში, მაგრამ, სამაგიეროდ, იქიდან წამოსვლაა ძნელი და რამდენიმე ადამიანი მოკლეს კიდეც, როდესაც მათ სირიის დატოვება გადაწყვიტეს. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფოს მიერ შემუშავებული კომპლექსური პოლიტიკა: მე ხშირად ვაკრიტიკებდი სახელმწიფოს ამ მიმართულებით, რომ ბევრი არაფერი კეთდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში იმავე პანკისის ხეობაში შეინიშნება ერთგვარი გამოცოცხლება – თუნდაც იგივე ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურების დონეზე, სახელმწიფოს გააქტიურების დონეზე და გაჩნდა ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი თავის რეალიზება სურს“.

პანკისის ხეობის გამოცოცხლების ტენდენციას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ხეობაში ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტები, აშენდა სპორტული კომპლექსი, ტარდება კულტურული ღონისძიებები, მაგრამ კვლავაც მწვავე პრობლემად რჩება დასაქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და, მით უმეტეს, ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში უშლის ხელს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG