Accessibility links

logo-print

სირიელი მიგრანტები, მიმართულების გარეშე


პოლიცია და მიგრანტი ბავშვი საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

პოლიცია და მიგრანტი ბავშვი საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმება მიგრანტების თურქეთში დაბრუნების თაობაზე სხვადასხვა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა. ისინი მიუთითებენ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სხვა პრობლემებზე, რომლებიც ამ კუთხით 18 მარტს შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეიქმნა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტომ შეწყვიტა თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ჩამოსული მიგრანტების გადაყვანა მიმღებ დაწესებულებაში.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ორგანიზაციის სპიკერი ეხმაურება თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიგრანტთა საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას და ამბობს, რომ ლტოლვილთა გადაადგილების უსაფრთხოება გარანტირებული აღარაა. მისივე თქმით, ეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთში გაჩერებული მიგრანტების თურქეთში დაბრუნებას, ნაადრევად იყო მიღებული.

გასულ კვირას, 17 მარტს, ბრიუსელში მიღწეული ამ შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა საბერძნეთიდან უკან უნდა მიიღოს მიგრანტები, ხოლო ევროკავშირი ანკარას ვიზის ლიბერალიზაციას, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დაჩქარებულ მოლაპარაკებებსა და ლტოლვილთათვის ფინანსური დახმარების 6 მილიარდ ევრომდე გაზრდას ჰპირდება.

გადასახლების პრობლემის მოგვარების იდეა მიგრანტების საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნებით არაეთიკურია. სასოწარკვეთილი ხალხი ევროპაში შესვლის სასოწარკვეთილი გზების ძიებას დაიწყებს...

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა 18 მარტს მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება დაასრულებს მიგრანტების ნაკადის შესვლას თურქეთიდან ევროკავშირში:

„მინდა აღვნიშნო მთავარი, რამაც შეთანხმების მიღწევის საშუალება მოგვცა: პირველი, ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ყოველ მიგრანტს, რომელიც ევროპაში ჩამოდის, ინდივიდუალურად მოეპყრობიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შეთანხმება ითვალისწინებს ევროპისა და საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც ქვეყნიდან არგაძევების პრინციპს გულისხმობს“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია ლტოლვილი დააბრუნონ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ის გაასამართლონ ან აწამონ.

ეს შეთანხმება ძალაში 20 მარტს უნდა შესულიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიგრანტებმა განაგრძეს თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლა. როგორც 21 მარტს „ესოშიეიტიდ პრესი“ იტყობინებოდა, საბერძნეთის კუნძულებზე, ჩიოსსა და ლესბოსზე, ჯამში, 1600-ზე მეტი მიგრანტი გადავიდა.

როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ამბობენ, მათ ევროპისკენ გზის გაგრძელების იმედი აქვთ და თურქეთში დაბრუნებას არ აპირებენ:

„ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად გერმანიაში წასვლა მინდა“.

„თურქეთში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ ფული შემეგროვებინა და აქ ჩამოვსულიყავი. ჩამოსვლიდან ხუთ დღეში თურქეთში გაბრუნება ძალიან საშიშია. ცუდია“.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელსაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუდოღლუმ ისტორიული უწოდა, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი და, მათ შორის, „მაშველთა საერთაშორისო კომიტეტი“ ამ შეთანხმებას უსამართლოს მიიჩნევს.

„იმ ხალხში, რომელიც უკვე საბერძნეთშია, ეს კიდევ უფრო მეტ უწესრიგობას, ღირსების შელახვას და ქაოსს გამოიწვევს. გადასახლების პრობლემის მოგვარების იდეა მიგრანტების საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნებით არაეთიკურია. სასოწარკვეთილი ხალხი ევროპაში შესვლის სასოწარკვეთილი გზების ძიებას დაიწყებს“, ეუბნება სააგენტო „როიტერს“ მაშველთა საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი, ლუსი კერიგანი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდისა (მარცხნივ) და თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს (მარჯვნივ) შეხვედრა ბრიუსელში

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდისა (მარცხნივ) და თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს (მარჯვნივ) შეხვედრა ბრიუსელში

​თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტომ. ორგანიზაციის უმაღლესმა კომისარმა 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, ახალი წესებით, მიგრანტთა მიმღები ცენტრები საპატიმრო დაწესებულებებად გადაიქცა. მისივე თქმით, ლტოლვილები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ არიან დაკავებულები, ამიტომაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო მიგრანტების თავშესაფრებში გადაყვანას გადაწყვეტს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ევროკავშირის ოფისის თავმჯდომარემ კი, ივერნა მაკგოვანმა, ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებას „სამართლებრივად და მორალურად გაუმართავი“ უწოდა და თქვა, რომ არ შეიძლება თურქეთი მიგრანტებისათვის უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვალოს.

როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, ქვეყანა ამ ადამიანების ევროპისკენ სვლას ვერ შეაკავებს, თუ თურქეთმა თავის სანაპიროზე არ მიიღო შესაბამისი ზომები.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელს საბერძნეთში, სულ ცოტა, 144 ათასი მიგრანტი შემოვიდა. მათი უმეტესობა სირიელი, ავღანელი ან ერაყელია.

როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, სავარაუდოდ, 4 აპრილიდან დაიწყება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG