Accessibility links

logo-print

„აშშ-მა არ უნდა დაუთმოს სირია რუსეთს“ - ასეთი სათაური აქვს 30 სექტემბერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მოხსენებაა გაანალიზებული. ავტორის აზრით, ბარაკ ობამას მიერ გაეროს ტრიბუნაზე წარმოთქმული მიმართვის შინაარსიორ ძირითად მესიჯს შეიცავდა: აშშ-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოიტანა დასკვნა, რომ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია სტაბილურობის დამყარება უცხო მიწაზე, ხოლო სირიის დილემის შემთხვევაში, კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, აშშ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რუსეთისა და ირანის ჩათვლით.

ამ ფონზე კი, ვლადიმირ პუტინის სიტყვა შეიცავდა მწვავე საყვედურებს აშშ-ის მისამართით, რომელმაც დაამხო ერაყის, სირიის, იემენისა და ლიბიის ხელისუფლება, მაგრამ ვერ შეძლო ამ ქვეყნებში წესრიგის აღდგენა. „ახლა თუ მაინც აცნობიერებთ, რა ჩაიდინეთ“, - იკითხა ცივი სახით ვლადიმირ პუტინმა, რომლის სამიზნე აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგობრივი ბუნებაა - პოლიტიკისა, რომელიც აცხადებს, რომ ბაშარ ალ ასადი უნდა წავიდეს, მაგრამ ჯერ არ შეუქმნია გამძვინვარებული „ისლამური სახელმწიფოს“ პრაქტიკული ალტერნატივა“, - წერს დევიდ იგნაციუსი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“.

ცნობილი ჟურნალისტისა და მიმომხილველის აზრით, საქმეს ისეთი პირი არ უჩანს, რომ რუსეთი იმაზე უფრო მეტ სამხედრო წარმატებას მიაღწევს სირიასა და ერაყში, ვიდრე აშშ-მა მიაღწია, მაგრამ დღეისათვის, პუტინი ნამდვილად არის გამარჯვებული წარმოსახვათა თამაშში. საფრთხეს წარმოადგენს იმის აღქმა, რომ რეგიონალური სახელმწიფოები მიმდინარე მოვლენებში დაინახავენ აშშ-ის მოახლოებულ უკუქცევას, მსგავსად იმისა, როგორც 1971 წელს გაიყვანა ქანცგამოლეულმა ბრიტანეთმა თავისი სამხედრო გარნიზონი „აღმოსავლეთ სუეციდან“, რაც ბრიტანეთის იმპერიის უკანასკნელ ამოსუნთქვას ჰგავდა“, - წერს დევიდ იგნაციუსი „ვაშინგტონ პოსტში“ და დასძენს, რომ ვაშინგტონი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ დაჰყვება მოსკოვის ნებას, რადგან რუსეთის სამხედრო ჩარევა კი არ დაამარცხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს სუნიტთა ამბოხებას და უფრო დიდ ქაოსს გამოიწვევს რეგიონში, რომელიც საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, თურქეთსა და ისრაელსაც მოიცავს.

ამავე თემას ეძღვნება „უოლ სტრიტ ჯოურნალში“ გამოქვეყნებული ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მოღვაწის, ჭადრაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის გარი კასპაროვის საავტორო სტატია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქაოსი სირიაში ხელს აძლევს რუსეთსა და ირანს, რომლებიც იხეირებენ ნავთობზე გაზრდილი ფასებით. „10 წლის განმავლობაში ბატონმა პუტინმა პირველად წარმოთქვა სიტყვა გაეროს ტრიბუნაზე, რადგან საერთაშორისო ტრიბუნაზე მნიშვნელოვან პერსონად წარმოჩენა არის ერთადერთი რამ, რაც მას დარჩა რუსეთში საკუთარი ძალაუფლების გასამართლებლად. ათი წლის წინ იგი გაურიგდა რუსეთის მოსახლეობას, რომ კეთილდღეობას მოუტანდა საკუთარ უფლებებსა და დემოკრატიაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ახლა კი ჩვენ აღარც ერთი არ გვაქვს. ბატონ პუტინის ბოლო გამბიტი ეს არის პრეტენზია, რომ ის იცავს სიდიადეს რუსეთისას, რომელსაც მტრები ახვევია. მას შემდეგ, რაც პუტინის შეტევა უკრაინაში ჩაიფუშა, მას დასჭირდა ახალი ფრონტი, რაც სირიასა და გაეროში გახსნა“, - წერს გარი კასპაროვი „უოლ სტრიტ ჯოურნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც აკრიტიკებს ბარაკ ობამას არათანამიმდევრულ და გაუბედავ პოლიტიკას სირიის საკითხში, რასაც შედეგად მოჰყვა „ისლამისტური სახელმწიფოს“ გააქტიურება სირიასა და ერაყში.

„შექმნილ ვითარებას ვერავითარი გარიგება ვერ შეცვლის. ირანსა და რუსეთს რეგიონში საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, ხოლო მშვიდობა არც ერთის ინტერესში არააა. ირანი მსოფლიოში ლიდერობს, როგორც ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყანა, ხოლო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ბატონ პუტინის მეთოდი, როგორც ეს ჩეჩნეთმა აჩვენა, ხალიჩისებურ დაბომბვაში მდგომარეობს. როცა ამ მეთოდმა წარმატებას ვერ მიაღწია, მან მოისყიდა რეგიონის სასტიკი სამხედრო ლიდერი რამზან კადიროვი. ბატონ პუტინს გაეროში არაფერი ახალი არ უთქვას, რადგან ეს არც სჭირდებოდა. მან იცის, რომ აქვს კონკრეტული უპირატესობა, რაც ყოველგვარ სიტყვებზე ბევრად ეფექტურია: მას ჰყავს ტანკები უკრაინაში, რეაქტიული თვითმფრინავები სირიაში და ბარაკ ობამა თეთრ სახლში“, - ირონიულად წერს გარი კასპაროვი „უოლ სტრიტ ჯოურნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრშია თალიბანის გააქტიურება ავღანეთში, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლებმა ორშაბათს ყუნდუზის პროვინციის ადმინისტრაციული ნაწილი დაიკავეს და ციხიდან ასეულობით პატიმარი გაათავისუფლეს. მოგვიანებით ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა შეძლეს პროვინციის უდიდეს ნაწილზე კონტროლის ხელახლა დამყარება, თუმცა ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან მსგავსი იერიშების განმეორების საფრთხე არათუ მშფოთვარე პროვინციებში, არამედ კარგად გამაგრებულ ქაბულშიც არსებობს. თანაც, როგორც „ტაიმსი“ მიიჩნევს, თალიბანი არ წარმოადგენს ერთადერთ საფრთხეს ავღანეთისათვის. სარედაქციო სტატიის აზრით, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო მისიის - „ურყევი მხარდაჭერის“ - დასრულებამდე 8 თვე რჩება, თალიბანის მიერ ყუნდუზის დაკავება არის სიგნალი, რომ ავღანეთის რეჟიმი, რომლის გაძლიერებასაც აშშ-ისა და ბრიტანეთის ჯარებმა დიდი დრო და რესურსი - დაახლოებით, 65 მილიარდი დოლარი - შეალიეს, ძალიან მყიფეა, ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცემული ბრძანებები კი დედაქალაქის ფარგლებს გარეთ არ სრულდება. ვითარებას ართულებს დაპირისპირება ორ ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას - პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და პრემიერ-მინისტრ აბდულა აბდულას - შორის, რაც არყევს მოსახლეობაში იმის რწმენას, რომ ავღანეთის არმიას დამოუკიდებლად ძალუძს ქაბულის დაცვა. ექსტრემისტები მზად არიან გამოიყენონ ეს სისუსტეები, თუმცა კიდევ უფრო დიდი საშიშროება ისაა, რომ ქვეყანა შესაძლოა კვლავ ჩაეფლოს ანარქიასა და ქაოსში, საიდანაც ერთხელ უკვე წარმოიშვა თალიბანი“, - წერს „ტაიმსი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG