Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია ძალადობის დაუყოვნებლად შეწყვეტას მოითხოვს


დამასკში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე სირიის შიდა ოპოზიციამ მოუწოდა როგორც მთავრობას, ისე შეიარაღებულ მეამბოხეებს, დაუყოვნებლად შეწყვიტონ ძალადობა. თუმცა თავად სირიის ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს საბოლოოდ გაერთიანებას, მის რიგებში არსებული უთანხმოების გამო.

კვირას გამართული სირიის ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ორგანიზებული იყო დემოკრატიული ცვლილებების ნაციონალური საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელშიც 16 ოპოზიციური პარტია შედის. როგორც ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრმა რაჯა ალ ნასირმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კონფერენცია შიდა ოპოზიციის ერთიანი პოზიციის შემუშავებას ისახავდა მიზნად:

„სირიის შიგნით არსებული ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არა აქვთ კავშირი რეჟიმთან, სერიოზულად მუშაობენ და მკაფიოდ ხედავენ, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა ამჟამინდელი კრიზისიდან. ამიტომ აუცილებელია, რომ მათი ხმა ყველას გავაგონოთ.“
კონფერენცია მოუწოდებს რეჟიმის მომხრე ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა. იგივე ვალდებულება უნდა იკისროს შეიარაღებულმა ოპოზიციამ ...

შეხვედრის ბოლოს ნაციონალური დემოკრატიული პარტიის წევრმა ხალილ ალ საიდმა დასკვნითი განცხადების ტექსტი წაიკითხა:

„კონფერენცია მოუწოდებს რეჟიმის მომხრე ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა. იგივე ვალდებულება უნდა იკისროს შეიარაღებულმა ოპოზიციამ, არაბი და საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი კონტროლის ქვეშ. და კიდევ, კონფერენცია სთხოვს გაეროსა და არაბთა ლიგის წარგზავნილს, ლახდარ ბრაჰიმის, სირიის საკითხზე მოიწვიოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება საკუთარი როლის შესრულება. ამ კონფერენციის დანიშნულებაა, იპოვოს საუკეთესო პოლიტიკური გზა იმისათვის, რომ დაიწყოს გარდამავალი ფაზა, რაც დემოკრატიული რეჟიმისკენ გადასვლის გარანტია იქნება.“

აღნიშნულ კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს სირიის ხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც დემოკრატიული ცვლილებების ნაციონალურ საკოორდინაციო საბჭოს ხელისუფლების სატელიტს უწოდებენ.

კონფერენციას ესწრებოდნენ რუსი, ირანელი და ჩინელი დიპლომატები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს შეხვედრა. რუსეთის ელჩმა დამასკში აზმატ კოლმაჰმედოვმა, კონფერენციას „სირიის მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმების პროცესის დადასტურება უწოდა.“

იმავდროულად, ბაშარ ალ ასადის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კვლავ დაადანაშაულა ირანი სირიის რეჟიმის მხარდაჭერაში. ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა ლიდერმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ირანი მხოლოდ მრჩევლებით ეხმარება სირიას და არა იარაღით.
XS
SM
MD
LG