Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი მასპინძლობს მოლაპარაკებას სირიის შესახებ


მოლაპარაკების მონაწილეები
მოლაპარაკების მონაწილეები

ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა მასპინძლობს სირიის შესახებ მოლაპარაკებას სირიის როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით. მიზანია შეთანხმება ზომებზე გასულ თვეში მიღწეული ზავის გასამყარებლად. სირიის სამოქალაქო ომი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტია: 2011 წლიდან მოყოლებული, ძალადობამ იმსხვერპლა 300 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

სირიის მთავრობის, ისევე როგორც ოპოზიციის, წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ასტანაში ორდღიანი მოლაპარაკების ფარგლებში გამართულ პირველივე შეხვედრაში. მაგრამ, ცნობების თანახმად, მათ უშუალოდ ერთმანეთისთვის არ მიუმართავთ. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პირდაპირი კონტაქტი არ შედგა იმის გამო, რომ ოპოზიციონერები მთავრობის ჯარებს ადანაშაულებენ დეკემბერში ხელმოწერილი ზავის მრავალჯერ დარღვევაში. ამდენად, ასტანაში მოლაპარაკება იოლი არ იქნება. ამ ვარაუდს ამყარებს დაპირისპირებული მხარეების პირველი განცხადებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მათ განსხვავებულად ესმით ამჟამინდელი ზავის მიზანი.

გადმოწერა

ერთი მხრივ, მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბაშარ ალ-ჯააფარის თქმით, ზავი საჭიროა იმისათვის, რომ ოპოზიციონერებს შორის „პოლიტიკური პროცესით“ დაინტერესებული ჯგუფები გამოეყონ ჯგუფებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ექსტრემისტებთან - „ისლამურ სახელმწიფოსა“ ან ალ-ყაიდასთან.

მეორე მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენელი მუჰმად ალუში აბმობს, რომ ზავი უნდა იყოს პირველი ნაბიჯი კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისაკენ, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და მმართველი „ბანდის“ გადადგომას. ალუშმა ასევე მოითხოვა სირიიდან ირანის ჯარებისა და ირანის მხარდაჭერით მოქმედი შიარაღებული ჯგუფების წასვლა.

ასტანის შეხვედრაზე ოპოზიციის დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლას მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელის, გაეროში სირიის ელჩის ბაშარ ალ-ჯააფარისაგან, რომელმაც „შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფების“ დელეგაციად მოიხსენია ასტანაში მყოფი სირიელი ოპოზიციონერები.

„პროვოკაციული კილო და დაუდევარი გამონათქვამები და მანერა, რომლებითაც შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფების დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება ხასიათდებოდა, იყო იქ მყოფი პიროვნებებისა და მათი დიპლომატიური და პოლიტიკური პრესტიჟის დაცინვა“, - ასეთი მკაცრი იყო სირიელი დიპლომატის შეფასება.

სირიის კონფლიქტზე შეხვედრა ასტანაში იმართება რუსეთის, ირანისა და თურქეთის შუამავლობით. მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან ყაზახეთში აშშ-ის ელჩი, აგრეთვე სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი. ამ უკანასკნელმა, სტაფან დე მისტურამ, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ ოპტიმისტურად აფასებს მთელ სირიაში ზავის უზრუნველყოფის შანსს, თუ დაპირისპირებული მხარეები მონიტორინგის მექანიზმზე შეთანხმდებიან. მანვე მხარეებს მოუწოდა, უარი თქვან სამხედრო ძალის გამოყენებაზე.

ასტანის შეხვედრის დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქაირათ აბდრაზმანოვმა თქვა, რომ ყაზახეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად არჩეული ქვეყანა, მუშაობს, როგორც „ობიექტური“ და „ნეიტრალური“ შუამავალი.

„დღევანდელი შეხვედრა მკაფიოდ გამოხატავს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას სირიაში ვითარების მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ყაზახეთს სჯერა, რომ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზაა ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები“, - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასტანაში დაწყებული მოლაპარაკების ფონია სირიაში მთავრობის ჯარების პოზიციის გაძლიერება მას შემდეგ, რაც მათ რუსეთის სამხედრო ძალების დახმარებით დეკემბერში დაიპყრეს მეამბოხეების მთავარი დასაყრდენი, ქალაქი ალეპო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG