Accessibility links

logo-print

„სისხლიანი მიწების“ ხმაურიანი პრეზენტაცია გორში


„სისხლიანი მიწების“ პრეზენტაცია გორში

„სისხლიანი მიწების“ პრეზენტაცია გორში

გორელმა კომუნისტებმა და სტალინის საზოგადოების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მუზეუმის ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც იქ ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები - ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ პრეზენტაცია დაიწყო. ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ გამოცემული წიგნი მუზეუმში უფასოდ რიგდებოდა. პრეზენტაციის დაწყებამდე სტალინისტებმა წინა რიგი დაიკავეს, წიგნს გადახედეს და პირველივე პრეტენზია სათაურის გამო გაუჩნდათ. კომუნისტური პარტიის ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა დასაწყისშივე მოითხოვა სიტყვა და თანამოაზრეებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, სტალინისა და ჰიტლერის შედარება მკრეხელობაა.

ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას. ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელორუსის, უკრაინის, პოლონეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ...

ბოროტებით სავსე წიგნი - ასე შეაფასა სნაიდერის ნაშრომი სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა ვალერი სუხიშვილმა.

ლურსმანაშვილისა და სუხიშვილის მოწოდებას მათი თანამოაზრეები სწრაფად გამოეხმაურნენ და დარბაზი ხმაურითა და შეძახილებით დატოვეს.

დარბაზში დარჩენილებმა კი წიგნის შესახებ დისკუსია გააგრძელეს. წიგნის ავტორი ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი, იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა.

„ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას. ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელორუსის, უკრაინის, პოლონეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ“, - ვკითხულობთ წიგნის შესავალში. ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი, ამ წიგნის პრეზენტატორი, აცხადებს, რომ მიზანი იყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და არა პროვოკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ წარმომადგენელი მარიამ ადუაშვილი მიიჩნევს, რომ წიგნი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია, ქართველი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან ტოტალიტარული რეჟიმების ასეთი მიმოხილვა საზოგადოებისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია.

ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წევრმა კატო ქოთოლაშვილმა ბოლომდე უსმინა დისკუსიას. მისი აზრით, აქ არ ყოფილა შეფასებითი მოსაზრებები, აქ იყო საუბარი ფაქტებზე, რომლებიც გასული საუკუნის 40-იან წლებში ხდებოდა.

„რადარამი“ ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა. „რადარამი“ ტიმოთი სნაიდერის წიგნის პრეზენტაციას საქართველოს სხვა რეგიონებშიც აპირებს.

XS
SM
MD
LG