Accessibility links

logo-print

5 მაისს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა სახელოვნებო გაზეთ „რევოლვერის“ პრეზენტაცია და გაიხსნა გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“, რომელიც 16 მაისამდე გასტანს. გამოფენაზე წარმოდგენილია ოცამდე ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც ტექსტისა და გამოსახულების სინთეზს წარმოადგენს. რაზე წერენ ახალ გაზეთში და რას ამბობენ არტისტები „სიტყვის მუზეუმში“?

პლუსი, პლუსი, პლუსი, პლუსი, კვადრატული ფრჩხილი, მეტობის ნიშანი, პლუსი, პლუსი, ბევრი პლუსი, მეტობის ნიშანი, მინუსი, წერტილი, კიდევ პლუსები. რამდენიმე კვადრატულ თეთრ კედელზე, ოთხ გრძელ სტრიქონზე დაწერილი ეს შავი ფერის ნიშნები, კომპიუტერული პროგრამირების ენით დაწერილი ორად ორი სიტყვაა, Hello World, ანუ, გამარჯობა სამყარო. ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორი, ზურა ჯიშკარიანი, მიხსნის, ამ ენას ეზოთერული პროგრამირების ენა ეწოდებაო. მის გვერდით დგას ნამუშევრის მეორე ავტორი, თინა სირაძე, და ერთად მიამბობენ თავიანთ მიერ შექმნილი ნამუშევრის შინაარსს, რომელიც წარმოადგინეს გამოფენაზე, სახელწოდებით „სიტყვის მუზეუმი“:

ზურა ჯიშკარიანი: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიტყვა გადაგვეტანა კოდში და გვინდოდა ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორ გამოიყურება კოდი ფიზიკურად...“

გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“

გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“

თინათინ სირაძე: „იდეა ეკუთვნის ზურას, რომელიც ახლა სწავლობს პროგრამირებას. ეს ერთ-ერთი ენაა, რომელიც ძალიან რთულია, ცოტა ადამიანმა იცის და ვიზუალურად ეს ენა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია და თან სახელოვნებო სივრცეში პირველად ხდება, რომ გადმოტანილია კოდი, როგორც ვიზუალური არტი“.

ზურა ჯიშკარიანი: „პროგრამირება ახალი ენაა, რომელიც მართავს სამყაროს, რადგან აეროპორტის პროგრამებიდან დაწყებული, დამთავრებული საბანკო პროგრამებით, ყველაფერს მართავს კოდი. ეს არის ერთ-ერთი კოდი, რომელიც მართავს თანამედროვე სამყაროს“.

გამოფენაზე, სახელწოდებით „სიტყვის მუზეუმი“, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში 5 მაისს გაიხსნა, დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები, რომლებშიც სიტყვა და ტექსტი შემოქმედებითი იმპულსის მატარებელი და კონცეპტუალური კომპონენტია. ასე ხსნის გამოფენის შინაარსს მისი ერთ-ერთი კურატორი, მაგდა გურული. სიტყვები, ტექსტები თან ერთვის გამოსახულებას, ობიექტს ან თვითონ გარდაიქმნებიან გამოსახულებად, ამბობს ის:

„სიტყვის მუზეუმში“ წარმოდგენილია ის ნამუშევრები, რომლებიც დაფუძნებულია ტექსტზე, სადაც აზრობრივი, კონცეპტუალური დატვირთვა მოდის ტექსტზე, სადაც იმიჯი და ტექსტი ერთად დევს, სადაც მხოლოდ ტექსტით შეიძლება გაიგო, რისი თქმა უნდა მხატვარს და სადაც შეიძლება ტექსტიც და იმიჯიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. ეს კონცეპტუალური არტის ნაწილია“.

მაგდა გურული

მაგდა გურული

მაგდა გურული მცირე ისტორიულ რაკურსზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიტყვის ხელოვნებას, ევროპული ტრადიციის პარალელურად, მნიშვნელოვანი ისტორია აქვს თბილისური მოდერნიზმის მხატვრების შემოქმედებაში, მათ შორის დავით კაკაბაძის, ილია და კირილე ზდანევიჩებისა და სხვათა შემოქმედებაში. თანამედროვე არტისტები დღესაც აქტიურად გამოიყენებენ თავიანთ ნამუშევრებში სიტყვისა და ვიზუალის სინთეზს, როგორც მთავარი სათქმელის გამოხატულებას. სწორედ ამისი დასტურია გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი იმ არტისტებს, რომლებიც ორმაგად კოდირებულ ნამუშევრებს ქმნიან. ნამუშევრებს შორის მოექცა როგორც გასული საუკუნის მიწურულს, ისე სპეციალურად ამ გამოფენისათვის შექმნილი ნამუშევრები:

„მე ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა შეიძლება საინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის, რათა ნახონ როგორ შეიძლება ტექსტზე და იმიჯზე ერთად იმუშაო, რომ ეს გახდეს კონცეპტუალური ხელოვნება და აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენაზე მხატვრების დიდი დიაპაზონი, ყველა თაობაა წარმოდგენილი. მე მგონია, რომ ხელოვნების მოყვარულებისთვის ეს გამოფენა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან თუნდაც გურამ წიბახაშვილისა და ნიკო ცეცხლაძის ნამუშევარი, ეს არის 90-იან წლებში გაკეთებული ნამუშევრები, რომლებიც მანამდე აქ არ გამოფენილა“.

დადგა გულახდილი და გამჭვირვალე ურთიერთგაცვლის დრო, როდესაც სიტყვებს ტყვიის ფუნქციის შესრულება მოუწევს...

​„სიტყვის მუზეუმში“ ოცამდე ავტორის ნამუშევრებმა დაიდო ბინა. მათ შორის არიან მარიამ ნატროშვილი, დათო ჯინჭარაძე, ილიკო ზაუტაშვილი, გურამ წიბახაშვილი, თემო ჯავახიშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე, მაქსიმე მაჩაიძე, ზურა ჯიშკარიანი და სხვა. შავ-თეთრი ფოტოები, მოკლე ტექსტებით, მაგალითად, ასეთით: „ცხოვრების ნაკადი. რა ერქვა იმ ყმაწვილს, ბერს რომ ჰგავდა და ჩასვლისას რომ შემოიჭყიტებოდა ხოლმე?“ ამ ტექსის ფოტოზე 90-იანი წლების ერთ-ერთი რიგითი დღე და ქუჩაში მიმავალი ხალხია აღბეჭდილი - ჯოხიანი და ცილინდრიანი კაციდან დაწყებული, ჩანთებით დატვირთული კუბოკრულქვედატანიანი ქალით დასრულებული. ფოტოსა და ტექსტის ავტორი, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, თითქოს ამ ხალხის ნაკადში ეძებდეს იმ ვიღაც ბიჭს, რომელიც ბერს ჰგავდა და ამ ფოტოზე არ ჩანს. გამოფენაზე გურამის შავ-თეთრი ფოტოებისა და მისი მინაწერების მთელი სერიაა წარმოდგენილი. გურამის ფოტოების გვერდით კედელთან კი ცხელა. გარეთ ისედაც გაზაფხულის თბილი საღამოა, ამ კედელთან კი განსაკუთრებით ცხელა. მერე შტეფსელში შეერთებულ შნურს ხედავ, მიჰყვები მას და ზუსტად ისეთ სპირალდახვეულ ელექტროღუმელს აწყდები, 90-იან წლებში რომ გინახავს. ეს „ობიექტი“ - სწორედ ასე უწოდებს მას ავტორი - ნიკო ცეცხლაძეს ეკუთვნის. ქურაზე კი წითლად ღვივის სპირალით დაწერილი სიტყვა „ICE“, ანუ ყინული. ანუ ასე ძალიან ყინული ათბობს საგამოფენო სივრცეს. ნიკო ცეცხლაძე მისი შექმნის ამბავს იხსენებს. ამბავი კი 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა:

გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“

გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“

„ომის პერიოდში ირაკლი ჩარკვიანთან ვისხედით სახლში და ვსაუბრობდით. მეგობრები ვიყავით შეკრებილები და გვენთო სპირალიანი „პლიტა“ და ვერ ვთბებოდით. მაგარი სიცივე იყო იმ პერიოდში და გავიფიქრე, აი, რა გვათბობს? ეს ხომ ვერ გვათბობს? გვათბობს შინაგანი რამ და ასე გაჩნდა ეს იდეა. აი, ეს რაღაც, რაც ბჟუტავს, თითქოს გათბობს, მაგრამ რეალურად სხვა რამ გვათბობს. ეს ნამუშევარი 1998 წელს წაიღეს პარიზში იუნესკოს მიერ ორგანიზებული გამოფენაზე „ტრანსფორმაცია“, სადაც ასევე გამოფენილი იყო პიკასო, მირო და სხვა და, მათ შორის, ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები და შემდეგ ამ ნამუშევრის პირველი ვარიანტი იუნესკოში შეიძინეს და დარჩა იქ“.

„სიტყვის მუზეუმში“ გამოფენილ ნამუშევრებთან ერთად დამთვალიერებელს ელოდა კიდევ ერთი სიახლე - ხელოვნებისადმი მიძღვნილი ახალი გაზეთ „რევოლვერის“ პრეზენტაცია. გაზეთი ყოველი თვის ბოლოს გამოვა, მისი ტირაჟი 2 000 ეგზემპლარი იქნება და უფასოდ გავრცელდება კაფეებში, საგამოფენო სივრცეებსა და მუზეუმებში. გაზეთის იდეის ერთ-ერთი ავტორის, მარიამ ნატროშვილის, თქმით, თითოეული ნომერი თემატურად იქნება აწყობილი და სხვადასხვა პრობლემას შეეხება. მაგალითად, „რევოლვერის“ პირველი ნომერი მიეძღვნა ხელოვნებას საჯარო სივრცეში და სოციალურად აქტიურ ხელოვნებას. მარიამ ნატროშვილი ამბობს, რომ დღეს იმ პროცესს, რომელსაც ხელოვნება ჰქვია, აკლია ანალიზი, გააზრება და კრიტიკა. სწორედ ამ სიცარიელის ამოვსებას შეეცდება „რევოლვერი“:

მარიამ ნატროშვილი

მარიამ ნატროშვილი

„ხშირად ფეისბუკს არ სცდება, ვთქვათ, რაიმე გამოფენაზე გამოხმაურებები. ამის გამო, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი შრომა წყალში არის გადაყრილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ასეთი პლატფორმა გაჩნდეს, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები შეძლებენ თავიანთი აზრის გამოთქმას და გაკეთდება ამ პროცესის ანალიზი. ძირითადად გაზეთში დაიბეჭდება ინტერვიუები არტისტებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან და კურატორებთან, რომლებიც კონკრეტული თემის გარშემო მუშაობენ, რომელსაც კონკრეტული ნომერი მიეძღვნება“.

გარდა ამისა, გაზეთის ავტორები ფიქრობენ, რომ შეიქმნას „თავისუფალი სვეტი“, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება გამოაქვეყნოს 350-სიტყვიანი კრიტიკული სტატია ნებისმიერ თემაზე, რომელიც ქართულ ხელოვნებას ეძღვნება. როგორ განმარტავენ ავტორები გაზეთის სახელწოდებას? მაგდა გურული გაზეთის პირველ გვერდზე წერს: "დადგა გულახდილი და გამჭვირვალე ურთიერთგაცვლის დრო, როდესაც სიტყვებს ტყვიის ფუნქციის შესრულება მოუწევს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG