Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამკაცრებული სასჯელი ყველაზე დაფარული დანაშაულისათვის


შსს-ს გადაწყვეტილებით, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირები მკაცრად დაისჯებიან. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებათა კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ უკვე დადებითად შეაფასა, მალე განსახილველად პარლამენტში შევა. კანონში აქამდე არსებული ლიბერალური მუხლები, რომლებიც გაუპატიურებას და სხვა სქესობრივ- სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას თუ გარყვნილ ქმედებას შეეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უფრო მკაცრი მუხლებით შეიცვლება. ეს, მათივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო სამართალთანაც მიაახლოებს და, რაც მთავარია, დანაშაულის პრევენციასაც მოემსახურება.

გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან და გარყვნილი ქმედება - ეს ის დანაშაულებია, რომლებიც, შსს-ს მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტით, უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე ეს აქამდე არსებული კანონმდებლობით ისჯებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზვიად ოქროპირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ახალ კანონპროექტზე მუშაობისას კანონზე მომუშავე ჯგუფმა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის სულისკვეთება გაითვალისწინა. შედეგად
როცა საზოგადოება ამაზე საუბრობს, როგორც დანაშაულზე, რომლისათვის სასჯელი გაამკაცრა სახელმწიფომ, ეს არის მესიჯი როგორც დამნაშავისთვის, ისე დაზარალებულისთვის, არ ჩაიდინოს დანაშაული ან, მსხვერპლის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის ორგანოებს თუ ორგანიზაციებს...
თამარ საბედაშვილი
მივიღეთ ის, რომ თუ, მაგალითად, აქამდე სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან ისჯებოდა მხოლოდ 1-დან 3 წლამდე, ცვლილების თანახმად, ამ დანაშაულისთვის პირს 5-დან 7 წლამდე პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივე სასჯელი დაწესდა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენი პირებისათვის:

„სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი ასეთი ტიპის დანაშაულებისთვის ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც არ არის ადეკვატური სასჯელი. წარმოიდგინეთ, რომ მოსამართლეს ამ კანონით უფლება აქვს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ჯარიმა გამოიყენოს. კიდევ ერთი ცვ;ლილება გაუპატიურებას უკავშირდება, კერძოდ, იმ სახით გაუპატიურებას, რომელმაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია ან განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. არც ეს დანაშაული ისჯებოდა ადეკვატურად და 15 წლის ნაცვლად პასუხისმგებლობა 15-დან 20 წლამდე გავზარდეთ“.

ცვლილებათა კანონპროექტზე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შერეული ჯგუფი მუშაობდა. მათ შორის იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, რომლის პროგრამის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ზოგადად დაფარული თემაა. განსაკუთრებით ეს ეხება სექსუალურ ძალადობას ოჯახსა და მის გარეთ:

„რაც შეეხება ასეთი ფაქტების რაოდენობის ზრდას წლების განმავლობაში, ამ საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იზრდება საზოგადოების ცნობიერება და იმატებს ინფორმირებულობა იმავე კანონმდებლობაში სიახლეების შესახებ, მით უფრო იზრდება მიმართვიანობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაული მატულობს“.

სასჯელის გამკაცრების მთავარი მოტივაცია ყოველთვის არის დანაშაულის პრევენცია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ საბედაშვილი, თუმცა, მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის დებატები და მსჯელობა, რომელიც ცვლილებათა პაკეტის მიღებას ახლავს თან:

„როცა საზოგადოება ამაზე საუბრობს, როგორც დანაშაულზე, რომლისათვის სასჯელი გაამკაცრა სახელმწიფომ, ეს არის მესიჯი როგორც დამნაშავისთვის, ისე დაზარალებულისთვის, არ ჩაიდინოს დანაშაული ან, მსხვერპლის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის ორგანოებს თუ ორგანიზაციებს“.
ვფიქრობ, რომ სასჯელის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ვთქვა, რომ არსებობს უამრავი შემთხვევა ოჯახში ძალადობისა, რომლებსაც ქალები არ ასაჯაროებენ და მხოლოდ სპეციალისტებთან თუ ამჟღავნებენ ამ ფაქტებს და ისიც ძალიან იშვიათად...
ელენე რუსეცკაია

სასჯელის გამკაცრებას დადებით ნაბიჯად აფასებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, რომლის თქმითაც, საქართველოს კანონმდებლობა ამ ნაბიჯით საერთაშორისო ვალდებულებებსაც უპასუხებს. არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლის გამოც კანონი მსგავს დანაშაულზე უნდა გამკაცრდეს:

„არსებობს სტამბოლის კონვენცია, რომლის რატიფიცირების სურვილი საქართველომ 2013 წლის 4 მარტს გაეროს სოციალური და ეკონომიკური საბჭოს ქალთა სტატუსის კომისიის 57-ე სესიაზე გამოთქვა. თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ შეასრულოს ცალკეული ვალდებულებები. მათ შორისაა ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებთან განსაკუთრებული ბრძოლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასჯელის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ვთქვა, რომ არსებობს უამრავი შემთხვევა ოჯახში ძალადობისა, რომლებსაც ქალები არ ასაჯაროებენ და მხოლოდ სპეციალისტებთან თუ ამჟღავნებენ ამ ფაქტებს და ისიც ძალიან იშვიათად. კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება, რომ ის შეიძლება გახდეს სერიოზული პრევენცია ქვეყანაში ჯერ კიდევ ხშირი ნაადრევი ქორწინებების წინააღმდეგ“.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2009 წელს გაუპატიურების 84 შემთხვევა დაფიქსირდა, 2010-ში - 82, 2011-ში - 78, 2012-ში - 81, ხოლო 2013-ში ჯერჯერობით - 49.

რა ვითარებაა საქართველოში სქესობრივი დანაშაულის თვალსაზრისით? - ზუსტი სურათის დადგენა იმის გამო, რომ ამ დანაშაულს თავად მსხვერპლი ფარავს ხოლმე, საკმაოდ რთულია. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ არ ჩატარებულა სიღრმისეული გამოკვლევაც. ნატო შავლაყაძე იხსენებს რამდენიმე წლის წინადელ ამბავს, როდესაც მათი ორგანიზაცია მსგავს საკითხებზე მუშაობას შეუდგა და ჰქონდათ პედოფილიის შემთხვევა: როცა საქმე სასამართლომდე მივიდა, მოწმემ, ანუ დაზარალებულის დედამ, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და, შესაბამისად, დანაშაულიც ვერ დამტკიცდა. ნატო შავლაყაძე ეჭვობს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა კიდევ არაერთი გაუცხადებელი შემთხვევაა:

„ვეჭვობ, სექსუალური დანაშაულის თვალსაზრისით, რეალურად გაცილებით დიდი ციფრი იქნება, მაგრამ ამაზე ღიად არავინ საუბრობს“.

ნატო შავლაყაძის თქმით, კანონის გამკაცრების გარდა არის კიდევ ერთი აუცილებელი გზა, რომლითაც ამ ტიპის დანაშაულთან შებრძოლებამ შეიძლება შედეგი გამოიღოს - ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშუალოდ პატიმრებთან სპეციალური პროგრამების ამოქმედება.

კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი
ბაია პატარაია
ბაია პატარაია
კი მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილება მისასალმებელია, მაგრამ არ არის საკმარისი:

„სისხლის სამართლის კოდექსის თავი სექსუალურ დანაშაულზე არის მოძველებული და არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, აუცილებელია კოდექსის შინაარსობრივი დახვეწა. რამდენადად ჩემთვის ცნობილია, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობას. სასურველია ამ პროცესში ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთონ. სექსუალური დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე მეტად ფარული დანაშაულია საქართველოში, რაც, თავის მხრივ, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზითაც არის განპირობებული“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG