Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთისგან სნოუდენის საქმეზე განმარტებას ითხოვს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოსკოვს სთხოვა ახსნა-განმარტება ცნობების თაობაზე, თითქოს ედვარდ სნოუდენმა - აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა კონტრაქტორმა და ამჟამად ძებნილმა პირმა - ნებართვა მიიღო დატოვოს მოსკოვის აეროპორტი, რომელსაც ის უკვე ერთი თვეა აფარებს თავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებით, სნოუდენის საქმეზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ტელეფონით დაურეკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს:

„რასაკვირველია, გავეცანით პრესაში გამოქვეყნებულ ცნობებს და რუსეთის მთავრობისგან ახსნა-განმარტების მიღება გვსურს. ცხადია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ბატონ სნოუდენს აეროპორტის დატოვების საშუალებას მისცემს, ძალიან იმედგამაცრუებელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამ დილით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩვენი პოზიცია, - აშშ-ის პოზიცია, -რომ ბატონი სნოუდენი აშშ-ში უნდა დაბრუნდეს, სადაც მას სამართლიანად გაასამართლებენ. რუსეთს კვლავაც შეუძლია სწორი ნაბიჯი გადადგას“.

პარალელურად, თეთრმა სახლმაც გამოაცხადა, რომ სნოუდენის საქმეზე ახსნა-განმარტების მიღება უნდა.

აშშ-ს სურს სნოუდენი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს იმის გამო, რომ მან აშშ-ის გლობალური ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადა. ვაშინგტონმა გააუქმა სნოუდენის პასპორტი, რაც სნოუდენს იძულებულს ხდის მოსკოვის აეროპორტის ტრანზიტის ზონაში დარჩეს.

სნოუდენმა რუსეთს თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ოთხშაბათს რუსეთის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის მთავრობამ სნოუდენს მისცა აეროპორტის დატოვების უფლება.

თუმცა ანატოლი კუჩერენამ - რუსმა ადვოკატმა, რომელიც სნოუდენს ეხმარება - ამ ცნობების გავრცელების შემდეგ განაცხადა, თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე სნოუდენის განაცხადი შესწავლის პროცესშიაო:

„ამ ეტაპზე მის განაცხადს განიხილავს რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახური. ამ სამსახურს უფლება აქვს მისი განაცხადის არსებითი განხილვა სამი თვის განმავლობაში აწარმოოს. განხილვის პერიოდში სამსახური გასცემს შესაბამის ცნობას, რომელიც პირს გადაეცემა - რომ მისი განაცხადი მიღებულია და ის განხილვის პროცესშია. პრაქტიკა მოწმობს, რომ ასეთი ცნობის გაცემა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. დღესდღეობით ის ჯერ გაცემული არ არის“.

კუჩერენას თქმით, სნოუდენი ამ ეტაპზე აეროპორტში გეგმავს დარჩენას. ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, სნოუდენს რუსეთში დარჩენა რუსეთის კულტურის გაცნობისა და ამ ქვეყნის შესწავლის მიზნით სურსო.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთში თუ სურს დარჩენა, მაშინ სნოუდენმა უნდა შეწყვიტოს აშშ-სთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელება.
XS
SM
MD
LG