Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“


აშშ-ში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსეთის გადაწყვეტილებას ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ. მანამდე ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებდა, მისთვის გადაეცა სნოუდენი, რომელზეც ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე.

თეთრი სახლი „უკიდურეს იმედგაცრუებას“ გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილებით აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ. როგორც ცნობილია, სნოუდენს თვეზე მეტი მოუწია მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ყოფნა, ვიდრე მას რუსეთში დარჩენის უფლების მინიჭება მისცემდა აეროპორტის დატოვების საშუალებას. სნოუდენის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. ვაშინგტონში ითქვა, რომ მოსკოვის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ ხელახლა განიხილავს, ჩატარდება თუ არა პრეზიდენტ ბარკა ობამას შეხვედრა რუს კოლეგასთან. ობამა-პუტინის სამიტი წელს, შემოდგომისათვის არის დაგეგმილი.

სამიტზე შესაძლო უარის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებას მალე მოჰყვა განმარტება, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მერი ჰარფმა გააკეთა:

„ჩვენ ფართო დღის წესრიგი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან განსახილველვად. მასში შედის საკითხები, რომლებზეც, როგორც იცით, ერთად ვმუშაობთ: ავღანეთი, ირანის მიმართ სანქციები და სხვა. მაგრამ ზოგჯერ ერთმანეთთან ძალიან მკვეთრი უთანხმოება გვაქვს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოქმედება , როგორც თეთრ სახლში ჩემმა კოლეგებმა თქვეს, უკიდურესად იმედგამაცრუებელია. ამიტომ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ასე იმოქმედეს, გვიწევს გადავსინჯოთ, რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა, აქვს თუ არა აზრი ამ სამიტს“.

ვფიქრობ, ჩვენც და თვითონ პრეზიდენტმა პუტინმაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ გვსურს, ამ საკითხმა ფართო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, რადგან არსებობს სფეროები, რომლებშიც ვთანამშრომლობთ - ავღანეთის, ირანის მიმართ სანქციების, ჩვენი ბირთვული არსენალების შემცირების საკითხის ჩათვლით...
ჯეი კარნი
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა დასძინა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირებისათვის წინასწარ არ შეუტყობინებიათ, რომ რუსეთი სნოუდენს თავშესაფარს აძლევდა.

პრესმდივანმა აღნიშნა ასევე, რომ მნიშვნელოვანია ვაშინგტონმა და მოსკოვმა გააგრძელონ თანამშრომლობა საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ორივეს ინტერესებში შედის:

„ვფიქრობ, ჩვენც და თვითონ პრეზიდენტმა პუტინმაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ გვსურს, ამ საკითხმა ფართო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, რადგან არსებობს სფეროები, რომლებშიც ვთანამშრომლობთ - ავღანეთის, ირანის მიმართ სანქციების, ჩვენი ბირთვული არსენალების შემცირების საკითხის ჩათვლით. ამიტომ ჩვენ, ორივემ, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს არის ის, რაც გვინდა, რომ ცალკე განვიხილოთ, რამაც არ გვსურს, რომ უარყოფითად იმოქმედოს მთელ ჩვენს ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, ეს მართლაც იმედგამაცრუებელი ნაბიჯი იყო“.

თუ თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი „უკიდურეს იმედგაცრუებაზე“ საუბრობენ, სენატორი ჯონ მაკკეინი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭება ყველა ამერიკელისათვის „სილის გაწვნა“ იყო. მაკკეინმა 1 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„რუსეთის დღევანედელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა და არის მიზანმიმართული ძალისხმევა შეერთებული შტატების უხერხულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად. ეს არის სილის გაწვნა ყველა ამერიკელისათვის. დადგა დრო, ფუნდამენტურად გადავსინჯოთ პუტინის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა“.

სენატორი ჯონ მაკკეინი ამავე განცხადებაში ჩამოთვლის ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მათ შორის არის აქტიური ზომების მიღება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის ყველა პროგრამის განსახორციელებლად და „ოპერატიული მოქმედება“ ნატოს გაფართოების მორიგ ეტაპზე გადასასვლელად. მაკკეინის მოწოდებით, ნატოს გაფართოების ეს ეტაპი საქართველოსაც უნდა შეეხოს.

რუსეთში სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭებას ბევრი სხვა ამერიკელი კანონმდებელიც გამოეხმაურა. ზოგი მათგანი სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისაკენ მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG