Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის ოლიმპიადა ახალ პოლიტიკურ-სპორტულ რაკურსში


სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში ”საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა” - ასე უპასუხა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ღია ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადის მიმართ არასოდეს გამოუცხადებია, მინიშნებები იმაზე, რომ ოლიმპიადის გამართვის ადგილად სოჭის შერჩევა პრობლემურია, ყოველთვის არსებობდა. ამ კონტექსტში განიხილებოდა ის ფაქტი, რომ სოჭი არის აფხაზეთის მეზობლად, სადაც ეთნოწმენდა განხორციელდა რუსეთის მხრიდან და ასევე ის, რომ ეს არის ჩერქეზების გენოციდის ადგილი. ჩერქეზი ხალხის გენოციდი კი საქართველოს პარლამენტმა შარშან აღიარა. როგორ აღიქვეს ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ”ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რას ფიქრობენ ამ თემაზე ოლიმპიურ კომიტეტში და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები?

სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მიესალმებმა ოლიმპიადის ჩატარებას და იქვე დაამატა:

”საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ ჩვენი მხრიდან, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოლიმპიადა აუცილებლად მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდეს.”
მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ჩვენ უნდა გავიგოთ ასეთ კონტექსტში: მან თქვა, რომ ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილია ეს საკითხი. ესეც ერთგვარად მსჯელობის საგანია და ამიტომაც ვამბობ, რომ, ჩემი აზრით, ეს უფრო გზავნილია და არა მყარი გადაწყვეტილება...
მამუკა არეშიძე

ბიძინა ივანიშვილის ამ პოზიციის კომენტირებისას კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ რომ, თუმცა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პოლიტიკური მდგენელის გამორიცხვა ძნელია, ეს არის მცდელობა, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს სპორტი და პოლიტიკა. კოალიციის წარმომადგენელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ამასთან, დასძენს, ”ბიძინა ივანიშვილი განეკუთვნება ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც სვამს საკითხს და ელოდება რეაქციასო”. ამიტომ, განაგრძობს მამუკა არეშიძე, მისი ეს ნათქვამი უფრო გზავნილია, რომელსაც რამდენიმე ადრესატი ჰყავს - ეს შეიძლება იყოს რუსეთიც, საერთაშორისო თანამეგობრობაც და ჩრდილოკავკასიელებიცო:

”ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი არ უნდა გავიგოთ როგორც კატეგორიული განცხადება, რომ ოლიმპიადაში მონაწილოებას მიიღებს ქართული მხარე. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ჩვენ უნდა გავიგოთ ასეთ კონტექსტში: მან თქვა, რომ ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილია ეს საკითხი. ესეც ერთგვარად მსჯელობის საგანია და ამიტომაც ვამბობ, რომ, ჩემი აზრით, ეს უფრო გზავნილია და არა მყარი გადაწყვეტილება.”

ბიძინა ივანიშვილის ამგვარი პოზიციის კომენტირებისას პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ მათსა და ”ქართული ოცნების” გუნდს შორის სხვაობა სწორედ ასეთ ფუნდამენტურ საკითხებშია. შოთა მალაშხიასთვის მიუღებელია სოჭის ოლიმპიადის განხილვა როგორც მხოლოდ სპორტული შეჯიბრებისა და მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკასთან სრულადაა გადაჯაჭვული. ამ კონტექსტში კი, მისი სიტყვებით, ოლიმპიადის ჩატარების მცდელობა სოჭში ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას. ამასთან, ”ეს ოლიმპიადა ტარდება იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, სადაც რუსეთმა მოაწყო აგრესია, ანექსია და მეზობელი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული”. ამას გარდა, განაგრძობს შოთა მალაშხია, სწორედ იმ ადგილას იმართება ოლიმპიადა, სადაც 150 წლის წინ მოხდა ჩერქეზი ხალხის გენოციდი:
შოთა მალაშხია
შოთა მალაშხია

”როდესაც საუბარია დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე, აქ არ შეიძლება გამიჯნო ნებისმიერი რამ, რომელიც ეხება ან სპორტს, ან ხელოვნებას, ან ა.შ. და ასეთი ტიპის დანაშაული მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, მოხდა ეთნოწმენდა და ეს არ არის ჩემი პოზიცია, ეს არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია - ნატოსი, ევროკავშირის, გაეროს ასამბლეის, ამერიკის კონგრესის, სენატის, სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების, ეუთოსი და ა.შ. ამიტომ ამ პრინციპების დაცვას ვითხოვთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ამიტომ სპორტი და პოლიტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.”

შოთა მალაშხია დასძენს, რომ საქართველოს პოზიცია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე ჩერქეზი ხალხისთვის. შარშან საქართველომ პირველმა აღიარა ჩერქეზი ხალხის გენოციდი. საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარება იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. ამასთან, ის დასძენს, რომ ჩერქეზი ხალხი არ ეწინააღმდეგება სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას. მთავარია რუსეთის მხრიდან იქნეს აღიარებული გენოციდის ფაქტი და ოლიმპიადის ადგილას წარმოჩენილი იყოს ჩერქეზული სიმბოლიკა:

”სოჭი არის ჩერქეზული ტერიტორია, გენოციდის ტერიტორია და ამ თვალსაზრისით ახსნა-განმარტება არის აუცილებელი იმისათვის, რომ იქ ჩასულმა ათიათასობით სპორტსმენმა და ტურისტმა წარმოდგენა იქონიოს, თუ სად არიან და ისტორიულად ვისი ტერიტორიაა სოჭი.”

იქონიებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე ჩრიდილოკავკასიელების მიმართ პოლიტიკაზე გავლენას, ამ საკითხზე საუბარს მამუკა არეშიძე ნაადრევს უწოდებს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ პოლიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ამ მეზობლებთან ტარდებოდა, კონიუნქტურული იყო და მხოლოდ რუსეთის გაღიზიანებას ისახავდა მიზნად.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში კომენტარს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე არ აკეთებენ. იქ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განცხადება მხოლოდ კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების - ანუ 20 დეკემბრის - შემდეგ გაკეთდება. ამასთან, საქართველოს მარტამდე აქვს დრო იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია გააცნოს ოლიმპიადის ორგანიზატორ ქვეყანას სპორტსმენთა მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე. უარის შემთხვევაში არსებობს სანქცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას შემდგომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება უნდა აეკრძალოს, თუმცა ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა. პოლიტიკური მოსაზრებით ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმის პრეცედენტი კი უკვე არსებობს: 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე შეერთებულმა შტატებმა თქვა უარი, 1984 წელს ლოს ანჟელესის ოლიმპიადაში კი საბჭოთა კავშირი არ მონაწილეობდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG