Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერქეზული დიასპორა სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ


ჩვენ გვინდა გავაგებინოთ მსოფლიოს, რომ იმ მიწაზე, სადაც ჩერქეზი ხალხის გენოციდი მოხდა, ოლიმპიადის ჩატარება ისტორიულ სამართლიანობას ეწინააღმდეგება, - ამბობენ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს ესწრებიან. სიმპოზიუმი, რომლის სახელწოდებაცაა ”სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო”, სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

სიმპოზიუმს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, გამომსვლელებმა კავკასიელთა უფლებებისა და მათი გარდარჩენისთვის მიძღვნილიც კი უწოდეს. როგორც საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი ცდილობს ეთნოწმენდის და გენოციდის კვალი წაშალოს იმით, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სოჭში უმასპინძლებს. ჩვენი მიზანი არ არის ოლიმპიადისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ გენოციდი მოეწყო, არ ჩატარდეს ოლიმპიადა, ამბობს მერაბ ჩუხუა:

”ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ისტორიული სამართლიანობა, ვინაიდან სოჭი საერთოდ იყო ჩერქეზეთის დედაქალაქი, სოჭში მე-19 საუკუნეში იჯდა და მუშაობდა ჩერქეზული მეჯლისი „ადიღე ხასა“ და იმის დაფიქსირება, რომ თითქოს აქ არაფერი მომხდარა და მასპინძლები, ანუ აბორიგენი მოსახლეობა, არიან კაზაკები და რუსები, არის სრულ წინააღმდეგობაში ისტორიულ რეალობასთან.”

სოჭის ოლიმპიადა ეწინააღმდეგება ოლიმპიადის პრინციპებს და იდეალებს, ის არის ოლიმპიადის ქარტიის წინააღმდეგ მიმართული ...
ნუგზარ წიკლაური

მერაბ ჩუხუას სიტყვებით, სიმპოზიუმი, სახელწოდებით ”სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო”, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო საზოგადოებამ შეიტყოს ჩერქეზული დიასპორის წუხილის შესახებ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ საქართველო ყველა დონეზე ეცდება საერთაშორისო საზოგადოება და, მათ შორის, სპორტული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ქვეყანამ, რომელმაც ამდენი სისხლისღვრა გამოიწვია კავკასიაში, არ შეიძლება იმ ადგილას ოლიმპიადა ჩაატაროს:

”სოჭის ოლიმპიადა ეწინააღმდეგება ოლიმპიადის პრინციპებს და იდეალებს, ის არის ოლიმპიადის ქარტიის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული აგრესორის მიერ, ხოლო ამ აგრესორის ტერიტორიაზე შეუძლებელია ჩატარდეს კეთილი ნების თამაშები - ისეთი, როგორიც არის ოლიმპიადა. ”

სამეცნიერო სიმპოზიუმს ესწრებოდნენ სტუმრები შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან. საერთაშორისო ჩერქეზული საბჭოს თავმჯდომარე იად იაღარი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის სოჭის შერჩევა მშვიდობიან მისიას ეწინააღმდეგება:

ოლიმპიური თამაშები - ეს დიდი ზეიმია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ერის ზეიმი ...
იბრაჰიმ იაგანოვი

”ირონიაა, რომ დღესდღეობით ეს თამაშები უნდა ჩატარდეს იმ მიწაზე, სადაც ერთი ერი მთლიანად განადგურდა. ამ ერის უძველესი წარმომადგენლები ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის ოლიმპიურ თამაშებშიც კი მონაწილეობდნენ. რუსეთი და ყველა სხვა დანარჩენი, ვინც სოჭის ოლიმპიადის მომხრეა, უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ჩერქეზების კავშირს ამ ადგილთან. ჩერქეზი ერის 90% კვლავაც იტანჯება მე-19 საუკუნეში ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის გამო. 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენი, ჩერქეზების აზრით, ეს გენოციდის გაგრძელებაა."

ჩერქეზული დიასპორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთში ანტიოლიმპიური მოსაზრებები მიუღებელია და მათ მიერ სრულიად იგნორირებულია ჩერქეზული ეთნიკური ფაქტორი. დიასპორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოლიმპიადის მსვლელობისას აუცილებელია ჩერქეზული კულტურული სიმბოლიკის ჩვენება. ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა ”ხასეს” თავმჯდომარემ იბრაჰიმ იაგანოვმა სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სწორედ 2014 წელს სრულდება რუსეთ-კავკასიის ომის დამთავრებიდან 150 წელი. 1864 წლის 21 მაისს სწორედ იმ მინდორზე, სადაც ახლა ოლიმპიადის ჩატარებას გეგმავენ, მოეწყო რუსული არმიის აღლუმი კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად.

”ოლიმპიური თამაშები - ეს დიდი ზეიმია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ერის ზეიმი, რის გამოც 2014 წელი, სწორედ ოლიმპიადის გახსნის თვე, ჩვენ გვინდა ამ ომში უდანაშაულოდ დაღუპულთა გლოვის წლად და თვედ გამოვაცხადოთ”, განაცხადა იბრაჰიმ იაგანოვმა, ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა ”ხასეს” თავმჯდომარემ.

სიმპოზიუმი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 ივლისს გაიხსნა, 2 დღეს გასტანს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG