Accessibility links

logo-print
29 ივლისს თბილისში, ღოღობერიძის ქუჩის #3-ში, მეცამეტე სკოლის ყოფილი შენობიდან გასული წლის ოქტომბერში თვითნებურად შეჭრილი სოციალურად დაუცველი ოჯახები გამოასახლეს. მათ ნაწილს საცხოვრებელი ფართები კოჯორში შესთავაზეს, ნაწილს კი, ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, უკვე აქვს კერძო საკუთრება. მეცამეტე სკოლის შენობაში, როგორც ირკვევა, დევნილებისათვის განკუთვნილი ბინები უნდა განთავსდეს, მაგრამ იმის გამო, რომ იქ სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობდნენ, სარემონტო სამუშაოების დაწყება აქამდე ვერ მოხერხდა. გამოსახლების პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა, მოსალოდნელი გამოსახლების შიშით კი, თბილისის სხვადასხვა ობიექტებში შესახლებულმა სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა.

ხმაური იყო 29 ივლისს დილიდან #13 სკოლის ყოფილ შენობაში, ღოღობერიძის ქუჩის 3 ნომერში, საიდანაც გასული წლის ოქტომბერში საცხოვრებლად შესული სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება დაიწყო. იქ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი კოჯორში შესთავაზეს, სოციალურად დაუცველთა ნაწილი კი აცხადებდა, რომ მათთვის არავის არაფერი უთქვამს, თუ სად უნდა განაგრძონ ცხოვრება. ასეთია, მაგალითად, ხუთი შვილის დედა რუსუდან კოღუაშვილი, რომელსაც მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და ობლებს მარტო ზრდის. #13 სკოლის ყოფილ შენობაში მისი ოჯახიც, სხვა სოციალურად დაუცველ ოჯახებთან ერთად, თვითნებურად მას შემდეგ შესახლდა, რაც მერიასთან საცხოვრებელი ბინების მოთხოვნით გამართულმა მრავალდღიანმა აქციებმა უშედეგოდ ჩაიარა:

„რამდენი ხანი დავდიოდი მერიასთან, ვწერდი განცხადებებს, რომ ბინა მოეცათ. მეუბნებოდნენ, ამ ეტაპზე მოგცემთ, იმ ეტაპზე მოგცემთო...ახალი წლიდან მოგცემენო. სოციალურმა აგენტებმაც მითხრეს, რომ მე მაქვს მაგის უფლება: ხუთი ობლის დედა ვარ, ერთ შვილს დიაბეტი აქვს, ერთი კი უსინათლოა“.

რუსუდან კოღუაშვილის ოჯახის შემოსავალი დღეს სოციალური დახმარება და უფროსი ვაჟის მცირე ხელფასია. ოჯახს ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ავარიულ შენობაში, ერთი ოთახი აქვს, სადაც ახლა რუსუდანის უფროსი ვაჟი ცხოვრობს. ამბობს, რომ სწორედ ფართის სიმცირისა და აუტანელი პირობების გამო შევიდა სკოლის შენობაში საცხოვრებლად თავის ოთხ შვილთან ერთად:

„ის ჩემი ერთი ოთახი რომ ნახეს, ჭერი გქონიაო, მოთხრეს და გაფართოება გდომებიაო. არადა, უნდა ნახოთ, სად ვცხოვრობდი ჩემს ობლებთან ერთად. მერე მითხრეს, სადმე თუ ნახავთ ადგილს, შედით და იცხოვრეთო, და სხვებთან ერთად მეც შემოვედი და იმ დღიდან ვცხოვრობთ აქ. მოვიდნენ და ხუთი დღე გაქვთ ვადაო, გაგვაფრთხილეს. რაღაც ქაღალდები ეჭირათ. რა ვიცი, სად უნდა წავიდე. ფეხსაც არ გავადგამ, ჩემი ავადმყოფი შვილით დავჯდები აქ და ვიქნები“.



ღოღობერიძის #3-ში, ათონელის #28-ში, ყოფილი 68-ე სკოლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებიც მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანი, დოდო ქსნელაშვილი, ფიქრობს, რომ დაკავებული ფართიდან, სავარაუდოდ, მათაც გამოასახლებენ. 68-ე სკოლის ყოფილ შენობაში უკვე მეშვიდე თვეა სოციალურად დაუცველი 32 ოჯახი ცხოვრობს:

„არც შუქია, არც წყალია და, ალბათ, იქიდან ჩვენც, ამათ მსგავსად, გამოგვასახლებენ. აი, ვუყურებთ ახლა, როგორ ყრიან აქედან ავადმყოფ ბავშვებს და იქაც ანალოგიური ვითარება გვაქვს. ჩვენც ეს გველის“.

29 ივლისს მეცამეტე სკოლის ყოფილ შენობასთან მარტოხელა დედა, ინგა ბრეგვაძეც მივიდა. გამოსახლების პროცესს ის თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ადევნებდა თვალს.

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა 29 ივლისს ეკონომიკის სამინისტროსთანაც გამართეს აქცია და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება მოსთხოვეს. მათი თქმით, მათი ოჯახების გამოსახლება მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამართლებული.

#13 სკოლის ყოფილი შენობა იმ ობიექტთა ნუსხაშია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ლტოლვილთა სამინისტროს დევნილებისთვის გადასცა. როგორც ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, ტენდერი დასრულებულია, გამარჯვებული სამშენებლო კომპანია - გამოვლენილი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ უკვე თვეებია სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, ობიექტის რეაბილიტაცია ვერ იწყება. შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებას - დააკმაყოფილოს დევნილები ბინებით, ვერ ასრულებს. მინისტრის პოზიცია ასეთია:

„ეს ადამიანები უკანონოდ, თვითნებურად არიან შეჭრილები სხვის ტერიტორიაზე, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. ამ დროს კი მათი ადვოკატი მე მთხოვს წარმოვადგინო საბუთი. შენობა ოფიციალურად გადმოცემულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის“.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები განსახილველ ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილები, საცხოვრებლის გარეშე მყოფი ღარიბი - ძირითად შემთხვევებში კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი - ოჯახების თავშესაფრის გარეშე დატოვება, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს...
დავით დარახველიძის თქმით, სკოლის შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართი აქვს და მათ ამ ეტაპზე სახელმწიფო დამატებით ვერაფერს შესთავაზებს.

ის, რომ აღნიშნული ობიექტები ლტოლვილთა სამინისტროს გადაეცა, 29 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა გია კაკაჩიამ განაცხადა, რომ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისათვის ახალი პროექტი დაიწყება და ისინი ქუჩაში არ დარჩებიან.

პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 29 ივლისს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესი დაიწყო. ამისათვის ყველა მსურველმა სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიაროს და შეავსოს განაცხადი, რომელიც კონკრეტული დევნილის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას ასახავს და ეს ყოფა ქულებით ფასდება. მინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და შედეგებით უკმაყოფილო დევნილებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც მიეცემათ. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს საცხოვრებელი ბინით 542 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა.

სოციალურად დაუცველთა გამოსახლების ფაქტს 29 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობას მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს სოციალურად დაუცველ პირთა გამოსახლების პროცესი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები განსახილველ ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილები, საცხოვრებლის გარეშე მყოფი ღარიბი - ძირითად შემთხვევებში კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი - ოჯახების თავშესაფრის გარეშე დატოვება, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 (1) მუხლის მოთხოვნას, რომელიც ადგენს: "ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსისა და ბინის ჩათვლით. პაქტის 2(1) მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია გადადგას საკანონმდებლო და სხვა ნაბიჯები მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, პაქტით აღიარებული უფლებების თანდათანობითი სრული რეალიზაციის მიზნით. პაქტის საფუძველზე ყველა სახელმწიფოს აქვს აღებული მინიმალური ძირითადი ვალდებულებები, რაც მისგან ითხოვს თითოეული უფლების არსებითი დონის დაკმაყოფილებას".
XS
SM
MD
LG