Accessibility links

სოციალურად დაუცველი ოჯახები შვეიცარიას დევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ


სოციალურად დაუცველი ოჯახები მეორე დღეა შვეიცარიის საელჩოსთან ათენებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახები მეორე დღეა შვეიცარიის საელჩოსთან ათენებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახები მეორე დღეა შვეიცარიის საელჩოსთან ათენებენ. ისინი უარს აცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე და შვეიცარიის ელჩს დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავენ. მათივე განცხადებით, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით მათ არაერთხელ მიმართეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას, მაგრამ ამ დრომდე მათგან პასუხი ვერ მიიღეს. 30-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი თვეზე მეტია თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ცხოვრობს. როგორც ისინი ამბობენ, მათ არ გააჩნიათ თავშესაფარი და უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე იმყოფებიან.

თბილისში გვიანი შემოდგომის შესაფერისი ამინდი დგას - სუსხია და ქარი ქრის. 30-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახის 15-მა წარმომადგენელმა 27 ნოემბრის ღამე კრწანისის ქუჩაზე, შვეიცარიის საელჩოსთან, სახელდახელოდ დანთებულ კოცონთან გაათენა. ღია ცის ქვეშ, მიწაზე გაშლილ თეთრ ლეიბზე, სამი ქალი და ერთი 6 წლის ბიჭი წევს. საბანში გახვეულ ბავშვს სძინავს. სიცივემ ცხვირი გაუწითლა, დედა ცდილობს როგორმე ქარს გადაეფაროს და ბავშვამდე არ მიუშვას. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დამამშვიდებელი დაალევინესო, გვეუბნება ის:

”აი, ამ ხალხთან ერთად ბავშვი მიწევს აქ. მეყინება ბავშვი. ძალიან ვთხოვ ყველას, გამოიჩინონ ჰუმანურობა, დაგვეხმარონ. საცხოვრებელ ფართს ვითხოვთ ნორმალური პირობებით, მეტს არაფერს. თუკი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ ჩვენ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვამბობთ”, - ამბობს ნათია კურტანიძე.

სასწრაფო დახმარების ექიმები ლალი ლუკავას სინჯავენ. ის, სოციალურად დაუცველ 55 ოჯახთან ერთად, ერთი თვის წინ თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში შევიდა, სადაც მათ 2 ოთახი და დერეფანი დაიკავეს. თუმცა, მისი თქმით, გაუსაძლისი პირობების გამო იქ გაჩერება ვეღარ შეძლეს. ლალი ლუკავა ამბობს, რომ შვეიცარიის საელჩოსთან შეკრებილმა სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა შვეიცარიის ელჩს დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართეს. მათ შვეიცარიის ელჩი 26 ნოემბერს პირადად ესაუბრა. მართალია, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ელჩისგან ვერ მიიღეს დაპირება შვეიცარიაში დევნილის სტატუსის მიღების თაობაზე, მაგრამ, ლალი ლუკავას თქმით, ელჩი მათ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყონ.
შვეიცარიის საელჩოს იმიტომ მივმართეთ, რომ ბენეფიციარების სახლი, რომელიც შენდებოდა და შენდება, ფინანსდება შვეიცარიის მიერ ...

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სოციალურად დაუცველი ოჯახები შვეიცარიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, ეს არის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამა, სახელწოდებით “სოციალური სახლები”. ეს სახლები ვარკეთილში 2010 წელს აშენდა და იქ 28 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაბინავდა. ლალი ლუკავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, თბილისის მერიამ მათ პროგრამის ფარგლებში აშენებულ სახლებში შესვლაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ ის პირადად ესაუბრა შვეიცარიის ელჩს:

”შვეიცარიის საელჩოს იმიტომ მივმართეთ, რომ ბენეფიციარების სახლი, რომელიც შენდებოდა და შენდება, ფინანსდება შვეიცარიის მიერ. ჩვენ ამ სახლებში შეშვებაზე უარი განგვიცხადა მერიამ და გვითხრა, რომ კრიტერიუმებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თვითონ მერია არჩევდა. პირადად შევხვდი ელჩს, ველაპარაკე და მითხრა: მართალია, ბენეფიციარების სახლს აშენებს შვეიცარია, მაგრამ იმ ოჯახებს, რომლებიც იქ უნდა შესახლდნენ, თვითონ მერია ირჩევსო”.


პირობა, რომ საქართველოს მასშტაბით 40-მდე ობიექტში შეჭრილი რამდენიმე ასეული სოციალურად დაუცველი ოჯახის საკითხის შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყებოდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ ჯერ კიდევ 30 ოქტომბერს დადო. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიზანს, რომელიც მაშინ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მინისტრის მტკიცებით, მათ პრობლემებს სოციალური აგენტები სწავლობდნენ:
იყვნენ სოციალური აგენტები მოსულები, შეისწავლეს ჩვენი მდგომარეობა, შეგვავსებინეს ანკეტები, მაგრამ არანაირი გამოხმაურება შემდეგ ამას არ მოჰყოლია. შევხვდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გვითხრა, ყველაფერი გადამოწმებულიაო ...

”მთავარი ამოცანაა, რომ გამოვყოთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რადგან მათ ძალიან ეჩქარებათ და მრავალ მათგანს თავშესაფარიც კი არ აქვს, უკვე დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება ბინის ქირის გადახდით, რათა მყისიერად, უახლოესი დღეების განმავლობაში, ჰქონდეთ თავისი ჭერი, სადაც ოჯახთან ერთდ იცხოვრებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს რეალური დიფერენცირება - რამდენია რეალურად სოციალურად დაუცველი ადამიანი და რამდენი ხელოვნურად მიკედლებული”, - აცხადებს დავით სერგიენკო.

შვეიცარიის საელჩოსთან შეკრებილი სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთ თვეზე მეტია მათი საკითხი სოციალურმა აგენტებმა შეისწავლეს, თუმცა, მათივე თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ეკა ალავიძის დაპირებისა, რომ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი 26 ნოემბრამდე გადაწყდებოდა, მისგან პასუხი ვერ მიიღეს:

”იყვნენ სოციალური აგენტები მოსულები, შეისწავლეს ჩვენი მდგომარეობა, შეგვავსებინეს ანკეტები, მაგრამ არანაირი გამოხმაურება შემდეგ ამას არ მოჰყოლია. შევხვდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გვითხრა, ყველაფერი გადამოწმებულიაო. ორშაბათს, 26 ნოემბერს, ველოდებოდით საბოლოო პასუხს, მაგრამ უშედეგოდ”, - ამბობენ სოციალურად დაუცველები.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ 26 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს წინ წერეთლის გამზირის გადაკეტვა, მაგრამ უშედეგოდ.

რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, შეისწავლა თუ არა სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების საკითხი და იგეგმება თუ არა მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება, თუმცა, როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება. რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას მერიასთანაც, მაგრამ ვერ მოვახერხეთ პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით და ვინ არჩევს ბენეფიციარებს შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამისთვის. ასევე გაურკვეველი დარჩა, შეძლებენ თუ არა შვეიცარიის საელჩოსთან შეკრებილი სოციალურად დაუცველი ოჯახები პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების მიღებას. მერიის ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამა ”სოციალური სახლები” კვლავაც გრძელდება.

რაც შეეხება შვეიცარიის საელჩოსთან შეკრებილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ისინი ამბობენ, თუკი ჩვენი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უახლოეს საათებში არ დაკმაყოფილდება, ”მთელი საქართველო და მსოფლიო გაიგებს, რას გავაკეთებთო”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG