Accessibility links

logo-print

პედაგოგების ხელფასი და სოციალურად დაუცველთა პენსიები იზრდება


ეკომიგრანტების, უსახლკაროებისა და სოციალურად დაუცველი პირებების დასახლება ხელვაჩაურში

ეკომიგრანტების, უსახლკაროებისა და სოციალურად დაუცველი პირებების დასახლება ხელვაჩაურში

2015 წლის პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსია მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება. იზრდება ასევე პედაგოგთა ხელფასები, რომელთა მატებაც 50 ლარიდან 200 ლარამდე განისაზღვრება. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა 3 ნოემბერს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც მინისტრებმა ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი განიხილეს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად როგორ და რა სახით განხორციელდება მომატებული ბიუჯეტის ხარჯვა. როგორც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებში განმარტავენ, ამის დაზუსტება უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი.

დარეჯანი მეოთხე კურსის სტუდენტია. ის სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მისი მშობლები პენსიონერები არიან. ისინი მანგლისში ცხოვრობენ. დარეჯანი უმაღლეს სასწავლებელში ასპროცენტიანი დაფინანსებით სარგებლობს, ამიტომ მას სწავლის საფასურის გადახდა არ უწევს, თუმცა თბილისში სახლი არა აქვს და არც იმის ფული გააჩნია, რომ ბინა იქირაოს. ამიტომ ის დღესდღეობით თავის ლექტორთან ცხოვრობს. თვიდან თვემდე საარსებო ფულს პენსიონერი დედა უგზავნის. მისი მშობლები, კუთვნილი 150-ლარიანი პენსიის გარდა, 60-ლარიან დახმარებას იღებენ. დარეჯანმა 3 ნოემბერს გაიგო, რომ მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერების ხელფასი 25 ლარით მოიმატებს. შესაბამისად, მისი ოჯახის შემოსავალი 50 ლარით გაიზრდება. ამბობს, რომ ეს მათ ცხოვრებას დიდად ვერ შეცვლის, თუმცა მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოადგებათ.

„შეიძლება ითქვას, რომ დედა თავის პენსიას მთლიანად მე მაძლევს იმისათვის, რომ ერთი თვის განმავლობაში სახარჯო ფული მქონდეს. ამ მომატებულ 50 ლარს, ალბათ, სახლში დაიტოვებენ და მეც უფრო მშვიდად ვიქნები. მე ჯერჯერობით მათ ხარჯზე ვარ“, - ამბობს დარეჯანი.

ჯანდაცვის მიმართულებით 25 მილიონი ლარით არის გაზრდილი დაფინანსება. ამ თანხის ნაწილი სექტემბრიდან მოხმარდება სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის პენსიის ზრდას...

ის, რომ მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს პენსია 25 ლარით გაეზრდებათ, 3 ნოემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უთხრა:

„დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით 25 მილიონი ლარით არის გაზრდილი დაფინანსება. ამ თანხის ნაწილი სექტემბრიდან მოხმარდება სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის პენსიის ზრდას. მაქსიმალური ზრდა იქნება 25 ლარი თვეში“.

გარდა სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსიებისა, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან იგეგმება ხელფასების გაზრდა პედაგოგებისთვისაც. უფრო ზუსტად კი, ნოდარ ხადურის განმარტებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ყველა კატეგორიის პედაგოგებისთვის ხელფასი გაიზრდება 50 ლარით, თუმცა, როგორც ის ამბობს, პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდა იგეგმება თავად პედაგოგთა კატეგორიისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ფინანსთა სამინისტროს პირველი პირის თქმით, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლების ხელფასი პირველი სექტემბრიდან 200 ლარით გაიზრდება.

სწორედ 3 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს მინისტრებმა 2015 წლის ბიუჯეტი, რომელშიც, როგორც მინისტრები ამბობენ, განხორციელდა ცვლილებები ბიუჯეტის გაზრდის მიმართულებით. მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით მობილიზებულია ახალი შესაძლებლობები. როგორც ისინი ამბობენ, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის აღნიშნული ვერსია საბოლოოა და ის საკანონმდებლო ორგანოში განხილვაზე 5 ნოემბერს შებრუნდება.

განათლების სფეროში ყველანაირ მატებას მივესალმები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტირება განათლებაში აუცილებელია. მთავარია გავზომოთ ხარჯების ეფექტურობა. ასევე მატებას ითხოვს ჯანდაცვა...

უნდა გავიხსენოთ ოქტომბრის შუა რიცხვები და საქართველოს პარლამენტში გამართული ცხარე დისკუსია, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტმა გამოიწვია. მის მიმართ მაშინ შენიშვნები გამოითქვა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ისე საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის მხრიდანაც კი. თუკი მაშინ ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში მთავრობის გაზრდილი ხარჯების შემცირებას მოითხოვდა, მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი სამინისტროების დაფინანსების გაზრდას ემხრობოდა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, მომავალი წლის ბიუჯეტი 170 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ეს მატება განპირობებულია საგადასახადო ადმინისტრირებით და არა ახალი ვალების აღებით.

ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ბიუჯეტის გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი აზრით, დღეს საქართველოს ბიუჯეტს შესწევს უნარი, რომ ამ ორი მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდოს. ის ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია როგორც შიდა ხარჯების გადანაწილება, ისე შიდა რესურსის გამოძებნა, რათა დაფინანსდეს ეს ორი მიმართულება:

„განათლების სფეროში ყველანაირ მატებას მივესალმები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტირება განათლებაში აუცილებელია. მთავარია გავზომოთ ხარჯების ეფექტურობა. ასევე მატებას ითხოვს ჯანდაცვა. რა თქმა უნდა, გამოწვევაა ის, რომ საკმაოდ სოლიდური ხარჯები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში ამის აუცილებლობა ნამდვილად არის. მთლიანობაში, ის, რაც ხდება და ხარჯების ზრდა - ეს იქნება მასწავლებლების ხელფასები თუ საპენსიო მიმართულება - ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ბიუჯეტის სტრუქტურას მნიშვნელოვნად არ ცვლის. უბრალოდ, გარკვეული ხარჯების გადანაწილებისთვის შიდა რესურსების გამონახვით, შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებების დაფინანსება. რამდენად შესრულდება შემოსავლების ნაწილი, ეს სხვა თემაა, მაგრამ, მთლიანობაში, დღეს ამ ბიუჯეტს არ აქვს იმის პრობლემა, რომ ასეთი ტიპის ხარჯების მიმართულებით წავიდეს“.

უნდა ითქვას ისიც, რომ არც განათლებისა და არც ჯანდაცვის სამინისტროები არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როგორ და რა სახით განხორციელდება ამ ორი მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებისა და მიმართულებების ბიუჯეტის გაზრდას, ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ არანაირად არ არის გამართლებული იმ სამინისიტროებისთვის თანხის მატება, რომლებსაც თანხების ათვისების პრობლემა აქვთ. მათ შორისაა ინფრასტრუქტურისა და კულტურის სამინისტროები. როგორც ექსპერტი მიიჩნევს, იმ უწყებებში, რომლებსაც თანხების ათვისების პრობლემა აქვთ, უნდა განხორციელდეს სერიოზული მონიტორინგი, რათა მოეთხოვოთ ხარჯების განხორციელება გეგმის მიხედვით. ირაკლი ლექვინაძის აზრით, აუცილებელია დაისვას კითხვა, თუ რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი სამინისტრო თანხების სრულად ათვისებას და ბიუჯეტის გაზრდაზე მხოლოდ ამის მერე დაიწყოს ფიქრო.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების გარდა, დაფინანსება გაეზრდება თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებს. მოსალოდნელია სხვა უწყებების ბიუჯეტების გაზრდაც.

XS
SM
MD
LG