Accessibility links

logo-print

„ბოლო წლების განმავლობაში ომის სტრესი და ფსიქოლოგიური წნეხი ჩვენს შეხვედრებს მუდმივად თან ახლდა. ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტების შეხვედრებზე ისეთ რაღაცებზე ვკამათობდით, რაც დღეს აღარც გვახსენდება. მაგალითად, ვერ ვთანხმდებოდით ტერმინებსადა ტოპონიმიკაზე, მაგრამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია დღის წესრიგში. შინაარსისგან დაცლილი საუბრებიერთმანეთისგან მხოლოდ გვაშორებდა. დღეს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით - ერთმანეთს ვუსმენთ, გარკვეულ საკითხებში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთმანეთისმოსმენა და გაგება შეგვიძლია“. - ეს სიტყვები ერთმა სოხუმელმა ჟურნალისტმა ქართველდა ოს კოლეგებთან შეხვედრისას წარმოთქვა. სტამბოლში 3 დღის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით, ჟურნალისტები და რედაქტორები პროფესიულ საკითხებზე მსჯელობდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე ფიქრობდნენ. ონლაინკავშირების გაფართოება და ახალი ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის, სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ჟურნალისტური პროდუქტის შექმნისთვის, ადამიანის უფლებები და მედიის როლი მათი დაცვის თვალსაზრისით - ამ თემებზე მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ერთობლივ საპროექტო იდეებსაც ამუშავებდნენ სოხუმელი, ცხინვალელი და თბილისელი ჟურნალისტები. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი, კონფლიქტოლოგი მალხაზ გაგუა მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიებით, სოციალური მედიის განვითარებით არაერთი პრობლემის მოგვარება შეიძლება. მთავარია, ამას მხარეები როგორ გამოიყენებენ.

ცხინვალელი რედაქტორი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი აზრით, ყოფით დონეზე ადამიანებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პროცესებზე და კონფლიქტების მოგვარების მიმართულება პოზიტიურისკენ შეცვალონ.

დრო ყველაფრის მკურნალიაო, - ამ თითქოს სტერეოტიპულ აზრს იზიარებს სოხუმელი რედაქტორი იზიდა ჭანია და აცხადებს, რომ დროსთან ერთად მედიის წარმომადგენლებს შორის დამოკიდებულებაც იცვლება. მისი აზრით, ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს სოციალური მედიისა და ახალი კონტაქტების გამოყენებით შეუძლიათ საკუთარ საზოგადოებას სრულყოფილი ჟურნალისტური მასალები შესთავაზონ - მასალები, რომლებიც მრავალ წყაროზე იქნება გადამოწმებული.

ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს სულ უფრო მეტი იდეები უჩნდებათ ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამის დირექტორს ბექა ბაჯელიძეს ეს ყველაფერი იმედს აძლევს, რომ გრძელვადიანი და შედეგიანი პროექტების განხორციელება დაიწყება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მონიტორინგს ახორციელებს, დაინტერესებულია, რომ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა დაიწყოს, ამ საქმეში კი მედიის როლი მეტად მნიშვნელოვანია. მისიის პრესსპიკერის ჯონ დურნინის აზრით, პროფესიონალი ჟურნალისტები საერთო ენას ადვილად პოულობენ და ერთობლივ პროექტებსაც განიხილავენ. მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობას გააგრძელებს და მშვიდობის ჟურნალისტიკის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებს კიდევ არაერთ საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.

ხშირად ხდება, რომ მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს ერთმანეთის შესახებ ძალიან ცოტა ან სულაც დამახინჯებული ინფორმაცია აქვთ, ამ ვაკუუმის ამოვსებას კი მედია ჯერჯერობით ვერ ახერხებს. სოციალური მედია ხდება ის ინსტრუმენტი, რომელიც, ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, არღვევს მავთულხლართებს, ბარიერებს, მისთვის არ არსებობს დადგენილი საზღვრები, მაგრამ უკონტროლო სოციალური ქსელები სულ უფრო ხშირად პროპაგანდის, საინფორმაციო ომისა და სიძულვილის ენის ტირაჟირების ინსტრუმენტიც ხდება, ამიტომ ჟურნალისტების იდეა, რომ სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით, საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება მოახდინონ, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის აზრით, ეს არის მედია, ეს არის სიტყვა, რომელიც მავთულხლართებს მიღმა დაუბრკოლებლად ვრცელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG