Accessibility links

logo-print

„ლიახველი ოსტატები“ - ასე ჰქვია სოციალურ საწარმოს, რომელიც ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა შექმნეს. ხეობაში ცხოვრებისას ისინი ეკლესია-მონასტრების რესტავრაციაზე მუშაობდნენ, დევნილობაში კი ერთმანეთი არ დაკარგეს და სოციალური საწარმო შექმნეს. ამჟამად მოჭიქულ კრამიტს აკეთებენ, შეგირდები აიყვანეს და ხეზე კვეთას, რკინისა და ქვის დამუშავებას ასწავლიან. ლიახველმა ოსტატებმა საკუთარი ნამუშევრები უფლისციხეში სოციალური საწარმოების ფესტივალზე გამოფინეს. საწარმოს ხელმძღვანელი ბადრი გასპაროვი ამბობს, რომ წინაპრებისგან ნასწავლ პროფესიას არ კარგავენ და მომავალ თაობასაც გადასცემენ.

ლიახველ ოსტატებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი’“ და „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ დაეხმარა. შიდა ქართლში არაერთი სოციალური საწარმო შეიქმნა, მთავარი აქცენტი დევნილებისა და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებ პირთა დასაქმებაზე გაკეთდა. მაგალითად, სოფელ ერგნეთში მეცხოველეობის ფერმა დაარსდა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდნენ. ჯერჯერობით 14 სული პირუტყვი ჰყავთ, მაგრამ გაფართოებას აპირებენ. საწარმოს დამფუძნებელი გიორგი კასრაძე ამბობს, რომ შედეგი კარგი აქვთ და ფერმას რძის პროდუქტები უკვე ბაზარზეც გააქვს.

უფლისციხის ფესტივალზე 17 სოციალური საწარმო იყო წარმოდგენილი. იქ ჩასულ სტუმრებს სოციალური საწარმოების გამოფენის დათვალიერების შემდეგ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ პროდუქცია, თვითონვე ეცადათ ხეზე კვეთა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულიყვნენ. ტყვიავში არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკვირაო სკოლამ მოსწავლეების მიერ შექმნილი ნივთები გამოფინა და დამსწრეთ მცირე მუსიკალური წარმოდგენა შესთავაზა. „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ ხელმძღვანელის, მათიას ვოლფაილის, თქმით, ასეთ საწარმოებს იმ მიზნით ეხმარებიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი სერვისები განავითარონ.

პროექტი, რომელსაც საქართველოში „ სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“ ჰქვია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG