Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოძიების პირისპირ


საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.
საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.
3 მაისს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს სოფლის მეურნეობის სფეროში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს, რასთან დაკავშირებითაც გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები - რატომ მოექცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში?

1 მაისს დაკავებულ 10-მდე პირს გამოძიება სხვადასხვა სახის დანაშაულში სდებს ბრალს და სავარაუდო სასჯელი რიგ შემთხვევებში 11 წლიან პატიმრობასაც კი გულისხმობს. ცალკეულ კომპანიათა წარმომადგენლების გარდა, შინაგან საქმეთა ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც დააკავა. დაკავებულთა შორის არიან, მაგალითად: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი და აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. „მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

აქ ლაპარაკია შესასყიდი ტრაქტორების შერჩევის პროცესში რამდენიმე მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და დოკუმენტების გაყალბების მცდელობით. მართალია, დაკავებულ პირთა დანაშაული ან უდანაშაულობა სასამართლოს შესაფასებელია და ამიტომ გამოძიება დაკავებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ხსენებულმა ამბავმა პოლიტიკური ელფერიც იოლად შეიძინა და საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია, რადგანაც ეს ის ხალხია, ვინც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაში.

„ვითხოვე, რომ უფლებამოსილება შემიჩერონ, ანუ გადავდგე მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 2 მაისს, როცა მან საკუთარ უწყებაში ბოლო თათბირი ჩაატარა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები მინისტრს უდანაშაულო ჰგონია. დავით კირვალიძის გადაწყვეტილება მტკიცეა და მასზე ზეგავლენა ვერც თანაგუნდელების თანადგომამ მოახდინა და ვერც იმან, რომ მომხდარმა თავად პრემიერ-მინისტრიც დაადარდიანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უნდა შეიქმნას კოოპერაციის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც სტრატეგიას შეიმუშავებს. უნდა შეიქმნას აგროსაკრედიტო სისტემა, რომელსაც მიებმება სადაზღვევო სისტემა...
პაატა კოღუაშვილი
”კირვალიძე სიტუაციის მსხვერპლია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. მისი თქმით, პრობლემები მრავლად იყო როგორც კანონშემოქმედებით ფრონტზე, საქართველოს პარლამენტში, ასევე უშუალოდ სოფლის მეურნეობის სფეროში, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული კორუფციული სქემების სახით. პაატა კოღუაშვილი თვლის, რომ ქვეყანაში აგრარული სფეროს განვითარების ერთიანი სტრატეგია არ არსებობს და რომ საქმეს, რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯთან ერთად, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ეგიდით აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნა თუ უშველის:

”რომელიც უმოკლეს დროში შეიმუშავებს სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის განვითარების პოლიტიკას, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობ პოლიტიკას, განიხილავს სხვა პრობლემურ საკითხებს და მიიღებს შესაბამის რეკომენდაციებს. ასევე, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტებს და ცვლილებებს დღემდე მოქმედ კანონებში. ამის გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უნდა შეიქმნას კოოპერაციის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც სტრატეგიას შეიმუშავებს. უნდა შეიქმნას აგროსაკრედიტო სისტემა, რომელსაც მიებმება სადაზღვევო სისტემა”.

ძალიან ბევრმა რეგიონებში არ იცის ამის შესახებ. არ იცის ბევრმა როგორ იმოქმედოს, სად მივიდეს, ვის მიმართოს, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის კრედიტი...
ირაკლი ლექვინაძე
პაატა კოღუაშვილისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პროგრამებს სტრატეგიას უწონებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე. მის სიმპათიას იმსახურებს მინისტრის საქციელიც, რომელმაც გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიზიარა და გადადგა. თუმცა, ექსპერტის აზრით, პროგრამების განხორციელების პროცესში არაერთმა ხარვეზმა იჩინა თავი და ყველაზე მსხვილი მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო:

”ელემენტარულად, სატელევიზიო რეკლამაც იქნებოდა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელიც ადამიანებს აუხსნიდა, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. თუნდაც უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, საქონლის ასაღები ვაუჩერები თუ სხვა - ძალიან ბევრმა რეგიონებში არ იცის ამის შესახებ. არ იცის ბევრმა როგორ იმოქმედოს, სად მივიდეს, ვის მიმართოს, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის კრედიტი. ამიტომ ეს კომუნიკაციის რგოლი იყო აუცილებელი”.

ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნიდა საკონსულტაციო-ტექნიკური ჯგუფების შექმნა, რომლებიც შედარებით გამოუცდელ ფერმერებს დაეხმარებოდა კაპიტალის მართვისა და გაყიდვების მართვის მიმართულებებით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG