Accessibility links

სოფელ ქვეშთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს


ე.წ. საზღვარი

ე.წ. საზღვარი

რუსეთის მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშთან გუშინ საღამოს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, 21 წლის ზაქარია ბუთხუზი და მასთან სტუმრად მყოფი ბუტა ბალიაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ბუთხუზი და ბალიაშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდნენ, როცა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ, რაც საღამოს ისინი სახლში აღარ დაბრუნდნენ, ოჯახის წევრები სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ და საქმის ვითარება გააცნეს. მათთვის დაკავების დეტალები ცნობილი არ არის. ერთ-ერთი დაკავებულის დედა, მაია ბუთხუზი, აცხადებს, რომ მისი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ მოხვდებოდა, რადგან საქონელი საკუთარ ნაკვეთში წაიყვანა.

ქვეშის მცხოვრები ჟუჟუნა ცაციაშვილი ვერ იჯერებს, რომ ახალგაზრდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი ნებით გადავიდნენ, რადგან მათ კარგად იცოდნენ, სად გადის ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება. სოფლებს შორის მავთულხლართები მთლიანად გაბმული არ არის. ამ ორი სოფლის მოსახლეობას შორის ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა იყო და დაკავებებიც იშვიათად ხდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ქვეშსა და არცევს შორის აგრესია არ ყოფილა და ახლაც, მავთულხლართების მიუხედავად, ამ სოფლების მცხოვრებლები ურთიერთობას ინარჩუნებენ.

რაც შეეხება ბოლო დაკავების ფაქტს, ქართველმა სამართალდამცავებმა მის შესახებ უკვე აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულთა ადგილსამყოფლის დასადგენად ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. დაკავებულთა ოჯახებისთვის 2000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის მოთხოვნით ჯერ არავის მიუმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაკავებულები რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ.

ქვეშელები საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG