Accessibility links

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა. სტრატეგია საერთაშორისო დონორებთან, მრავალპროფილიან ინსტიტუტებთან, კერძო ფონდებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და 2014-2020 წლებისთვის საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს.

დოკუმენტში ჩამოთვლილია გასატარებელი სტრატეგიული ღონისძიებები, 7 სტრატეგიული ამოცანის თანახმად. ესენია:

სტრატეგია 1: ფერმერთა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ამ მიმართულებით იგეგმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარება. კერძოდ, გაუმჯობესდება მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო რუკები, მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მთელი ფონდის ინვენტარიზაცია. ასევე დაგეგმილია ფერმერთა რეესტრის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო და სალიზინგო სისტემის გაძლიერების შესაბამისი საშუალებების შექმნა ან განვითარება, სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კოოპერატივების შექმნას, ასევე სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის საკითხს.

სტრატეგია 2: დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა

ამ მიმართულებით განზრახულია რეგიონებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრიორიტეტულ დარგებში ინვესტირების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. აგრეთვე ადგილწარმოშობის და გეოგრაფიული აღნიშვნის სქემისა და ქართული ბრენდების განვითარების, სათესი/სანერგე მასალის სერტიფიცირების პროცესის მხარდაჭერა. მოხდება მოსავლის აღების შემდგომი პროცესების, საწყობებისა და ოპერაციების განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელშეწყობის ამაღლება, საბაზრო ინფორმაციული სისტემის შექმნა სექტორში დასაქმებულთათვის. ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია მარკეტინგული პროგრამების საშუალებით და სხვ.

სტარეგია 3: ინსტიტუციური განვითარება და ტრენინგი მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონალისა და ფერმერთა ცოდნის ამაღლების ღონისძიებებს.

სტრატეგია 4: რეგიონალური და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოიცავს ირიგაციისა და დრენაჟის სისტემის გაუმჯობესებას, ფერმერული ბაზრების შექმნას.

სტრატეგია 5: სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი, უმეტესად მცირე ზომის მეურნეობების ხელშეწყობით.

სტრატეგია 6: სასურსათო უვნებლობა, რაც ითვალისწინებს სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სისტემის ამოქმედებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ასევე ამ მიმართულებით იგეგმება ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება.

სტრატეგია 7: ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის პროგრამების შემუშავება, ენდემური ჯიშების შენარჩუნება.

აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება იგეგმება სახელმწიფო ბიუჯეტის, სესხებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტების მეშვეობით. გარკეული გათვლები კეთდება ასევე საერთაშორისო კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე.

XS
SM
MD
LG