Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დემარში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ


სოხუმი
სოხუმი
25 აპრილს ცნობილი გახდა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც აფხაზეთის მხარემ 24 აპრილს პირველად ჩაშალა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში დაგეგმილი მორიგი შეხვედრა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად” გამოაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ანჯეი ტიშკევიჩი. რატომ გაუბრაზდა სოხუმი პოლონელ დიპლომატს და გამოსავლის რა გზები არსებობს ამ ეტაპზე?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია იგნორირებას უკეთებს ”განსაკუთრებით მძიმე ინციდენტებს საზღვრისპირა ზონაში” და არ აღრიცხავს, მაგალითად, მკვლელობის ფაქტებსა თუ ”აფხაზეთის მხარის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობებს”. ამონარიდი განცხადებიდან:

”ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით მოქმედი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია აშკარად არ არის განწყობილი, რომ განახორციელოს მიუკერძოებელი მონიტორინგი და ობიექტურად შეაფასოს პროცესები, რომლებიც ემუქრებიან რეგიონის უსაფრთხოებას. ბატონ ტიშკევიჩის სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის პროცესი, რაზეც იუწყებოდნენ მთელი რიგი ქართველი პოლიტიკოსები.”

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებით, პოლონელი დიპლომატი ”უკანონოდ მოითხოვს” ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის შეშვებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ”რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას”. აფხაზური მხარე თვლის, რომ ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის მხარის მოთხოვნებისა და მიმართვების იგნორირებას ახდენს. ”თავისი მოქმედებებით და ხშირად აშკარა უმოქმედობით, ბატონი ტიშკევიჩი, ფაქტობრივად, შლის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანობას”, - ნათქვამია სოხუმის მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მხარეს დაუშვებლად მიაჩნია ტიშკევიჩის ”შეურაცხმყოფელი გამოხდომები”, რომლებიც ”აფხაზი ხალხისა და სახელმწიფოს უპატივცემულობას” გამოხატავს.
აფხაზეთის მხარემ განაცხადა, რომ ფაქტობრივი შანტაჟის გამომხატველი პოზიცია პირდაპირ მოახდენს გავლენას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მონაწილეობაზე გალის შეხვედრებში...
ვიაჩესლავ ჩირიკბა

როგორც ჩანს, აწ უკვე ”არასასურველ პირად” გამოცხადებული ანჯეი ტიშკევიჩის მისამართით სოხუმის უკმაყოფილება თანდათან იკრებდა ძალას, თუმცა პიკს მან ჟენევის მოლაპარაკებების უკანასკნელ, მე-19 რაუნდზე, მარტის ბოლოს მიაღწია და დემარშიც სწორედ მას შემდეგ დაიგეგმა. ამის დასტურად დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას მიერ დაახლოებით 2 კვირის წინ გაკეთებული განცხადებაც გამოდგება. სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე სწორედ ანჯეი ტიშკევიჩის აქტიურობით დაიბლოკა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულ მკვლელობათა თემის წამოწევა:

”ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ არ გაკეთდა ეს, ტიშკევიჩმა გვიპასუხა, რომ ეს გააზრებული პოზიციაა: ”შეუშვით ევროკავშირი აფხაზეთში და მაშინ ვილაპარაკებთ თქვენს მკვლელობებზე, თქვენს გვამებზეო...”. ეს მეტად ცინიკური პოზიციაა... და აფხაზეთის მხარემ განაცხადა, რომ ფაქტობრივი შანტაჟის გამომხატველი პოზიცია პირდაპირ მოახდენს გავლენას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მონაწილეობაზე გალის შეხვედრებში.”

25 აპრილს, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზასთან” საუბრისას, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ დაადასტურა, რომ 24 აპრილს გალში დაგეგმილ შეხვედრაზე აფხაზეთის მხარემ სწორედ ანჯეი ტიშკევიჩის გამო თქვა უარი და რომ ასე იქნება მანამდე, ვიდრე პოლონელი დიპლომატი კვლავაც იმონაწილევებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში. აქვე გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას პოლონეთის არმიის გადამდგარი გენერალ–ლეიტენანტი ანჯეი ტიშკევიჩი 2011 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. მან ამ პოსტზე შეცვალა გერმანელი დიპლომატი ჰანს-იორგ ჰაბერი, რომელიც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას მისი საქართველოში განთავსების შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრიდან, ედგა სათავეში. 2011 წლის მარტში ჰაბერი ევროკავშირის სამოქალაქო მისიების დაგეგმარებისა და მართვის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

შექმნილი არცთუ იოლი ვითარებიდან გამოსავლის ძიების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 აპრილს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ 25 აპრილს სოხუმის მიერ გახმაურებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატს და, შესაბამისად, საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესებს.
სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

”ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პოზიცია იქნება გადახედილი და რომ შესაძლებელი იქნება ინციდენტების პრევენციის მექანიზმების და ჟენევის მოლაპარაკებების ისევე გაგრძელება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. ეს გულისხმობს, ბუნებრივია, იმას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ექნება საშუალება გააგრძელოს მონაწილეობა ამ ფორმატებში შეუფერხებლად, ისევე როგორც ეს ხდებოდა მანამდე”, - უთხრა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის ქმედებების მიღმა აშკარად მოსკოვის ხელწერას ხედავს და აცხადებს, რომ, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს საფრთხე დაემუქრება, მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვს უნდა დაეკისროს.

25 აპრილს, დღის ბოლოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები წუხილს გამოხატავენ იმის გამო, რომ 24 აპრილს გალში არ შედგა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი რიგით 36-ე შეხვედრა. თანათავმჯდომარეები მხარეებს შეახსენებენ 2009 წლის თებერვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ კონსენსუსს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნის გარშემო. ”მას შემდეგ ეს მექანიზმები იქცა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე სხვა გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილზე”, - ნათქვამია თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები ხაზს უსვამენ ხსენებული მექანიზმების მდგრადი ფორმატის მნიშვნელობას და მიიჩნევენ, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი პრეცედენტის დანერგვა, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ყველა მონაწილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა ეს ინტერესები ”მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.” თანათავმჯდომარეები პროცესების შემდგომი გაუმჯობესების ხელშეწყობის პირობას დებენ და მოუწოდებენ ყველა მონაწილეს, შეინარჩუნონ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ამჟამად არსებული პროცედურები და მექანიზმები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სრული ფუნქციონირების ჩათვლით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG