Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა


სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. ლუგანსკელი სეპარატისტების მიმართვა აღიარების თხოვნით რუსეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, სომხეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ჩინეთს, კუბას, სირიას, სერბეთს, ასევე არაღიარებულ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს დაეგზავნა. ამ თხოვნას პირველი ცხინვალი გამოეხმაურა. თიბილოვმა სასწრაფოდ შეკრიბა წინა მოწვევის პარლამენტი და ლუგანსკელების მიმართვის განხილვა მოსთხოვა. პარლამენტმა საკითხი მოიწონა, თიბილოვმა კი 18 ივნისს თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. ცხინვალსა და მოსკოვში არ წყდება დისკუსია იმის თაობაზე, თუ რატომ იჩქარა თიბილოვმა, რატომ უპირისპირდება საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ინტერვენცია მიმდინარეობს და არანაირ თვითგამორკვევას ადგილი არა აქვს. თვითონ უკრაინა კი დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს ტერორისტებს უწოდებს. დე ფაქტო რესპუბლიკაში ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, თიბილოვმა გადაწყვეტილება კრემლთან შეათანხმა თუ ეს მისი თვითშემოქმედების ნაყოფია. ჩვენს რადიოსთან საუბარში სომეხი პოლიტოლოგი გაგიკ ავაკიანი აცხადებს, რომ ამ აღიარებით სამხრეთ ოსეთმა, პირველ რიგში, საკუთარი თვითგამორკვევის პრინციპის დისკრედიტაცია მოახდინა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ლუგანსკის აღიარების შესახებ ადგილობრივი პოლიტიკოსების აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. დეპუტატი ამირან დიაკონოვი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან დიდი მსხვერპლის და სისხლის ფასად ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებლობას მოიპოვებს. მისი აზრით, ეს კონფლიქტი ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონებში 20 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ჰგავს. დიაკონოვის აზრით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ამ ჟესტით ლუგანსკელებს თანადგომა გამოუცხადა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე.

ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელეხსაევი კი აცხადებს, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება სამხრეთ ოსეთის შიდაპოლიტიკური თამაშების ნაწილია. მისი აზრით, თიბილოვი აჩქარდა და ინიციატივა მთავარი ოპონენტის - არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის - სასარგებლოდ ხელიდან არ გაუშვა.

ექსპერტები კიდევ ერთ კითხვას სვამენ: მაშინ როცა რუსეთი საერთაშორისო ტრიბუნებიდან აცხადებს, რომ არ ერევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში, მისი მთავარი სატელიტის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონის აღიარება კიდევ ერთხელ ხომ არ უქმნის საფრთხეს რუსეთისა და ამ არაღიარებული რესუბლიკის იმიჯს? რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი მიიჩნევს, რომ თვითონ რუსეთი დეკლარირებულ დისტანცირებას ახდენს უკრაინის მოვლენებისგან და, მისი აზრით, გაუგებარია, რისი აღიარება ხდება - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სადაც ომი მიმდინარეობს და სახელმწიფო ინსტიტუტებიც კი არ არსებობს?

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის აჩქარებას ბევრი ექსპერტი სწორედ შიდაპოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და ამის მაგალითად წინა მოწვევის პარლამენტის შეკრებასაც ასახელებს. მათი აზრით, ახალი მოწვევის პარლამენტიდან უკვე ანატოლი ბიბილოვი გახდებოდა თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატორი, რაც ადგილობრივ საზოგადოებაში დე ფაქტო პრეზიდენტს დივიდენდებს ვერ მოუტანდა.
XS
SM
MD
LG