Accessibility links

logo-print

სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაში რუსეთს მხოლოდ 3 მოკავშირე ჰყავს


სოხუმი

სოხუმი

26 აგვისტოს 8 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მართალია, ამ საკითხში მოსკოვმა მხოლოდ ორიოდე ქვეყნის მიმხრობა მოახერხა, მაგრამ რუსეთი უკან არ იხევს და დღემდე უგულებელყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებსგააუქმოს აღიარება. პერმანენტული მუქარისა და კუნთების თამაშის თანხლებით, რუსეთი კვლავაც რჩება საფრთხის წყარო მეზობელი საქართველოსთვის. რა გამოსავალს ხედავს საქართველო და რა არის ქვეყნის მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტია?

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა. გამოსვლისას მან თქვა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოსკოვს აფხაზი და ოსი ხალხების დაცვის სურვილმა და კეთილმა ნებამ უკარნახა და რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა.

რუსეთის იმდროინდელ ქმედებებს დღემდე ძალიან ემადლიერება ცხინვალი და სოხუმი. პირველმა პირებმა ამ დღეებშიც არაერთხელ შეახსენეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, რომ ისტორიული დღე, 26 აგვისტო, როგორც საქართველოს აგრესიისგან გადარჩენის დღე, ზეიმის საფუძველს იძლევა. დადებითად შეფასდა ასევე აღიარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ამის შესახებ რუსულენოვან მედიაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის – რაულ ხაჯიმბას - კომენტარიც გამოჩნდა:

რაულ ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ აფხაზეთმა გადადგა დიდი ნაბიჯი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცების მიმართულებით... დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს წევრი სახელმწიფოების მხრიდან თავისთავად მეტყველებს ისტორიის მოკლე მონაკვეთში მიღწეულ უზარმაზარ პროგრესზე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში“.

ყველაფერი კი სულ პირიქით არის. 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, ანუ მთელი 8 წლის განმავლობაში, მონდომებული მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ წვეყნებად აღიარების საქმეში 5-ზე მეტი თანამოაზრე ვერ მოიპოვა, საიდანაც მოგვიანებით რამდენიმე ისევ დაკარგა. გამოვიდა ისე, რომ ვანუატუმ და ტუვალუმ აღარ ისურვეს რუსეთის თანამოაზრეთა გუნდში დარჩენა: ნიკარაგუასთან, ვენესუელასა და ნაურუსთან ერთად.

„არაღიარების პოლიტიკა – ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე ცალკეულ ქვეყნებთან რუსეთის ფედერაციის უსაფუძვლო არგუმენტების გასაბათილებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კუთხით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული და მტკიცე მხარდჭერით. და ეს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, გაეროს წესდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. დავით ზალკალიანი ლაპარაკობს იმის თაობაზეც, რაც საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ:

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზმა და ოსმა საზოგადოებამ – საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა და ძმებმა ძალიან კარგად გააცნობიერონ, რომ არც მოკლევადიან, არც საშუალოვადიან და არც გრძელვადიანერსპეტივაში – მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება“.

დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლების მთავარ ამოცანებად რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია – მშვიდობიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით და, ასევე, საქართველოს ისე განვითარება, რომ ის მიმზიდველი და სასურველი იყოს აფხაზი და ოსი ძმებისა და დებისთვის.

მთავარი ის არის, რომ, პოსტსაბჭოთა სივრცის მოწყობის ჭრილში, რუსეთი ჯერ კიდევ ხედავს საქართველოს, როგორც მისი გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილად და, აქედან გამომდინარე, რუსეთი დღემდე რჩება სეპარატისტული ხელისუფლებების მთავარ დამფინანსებლად, სპონსორად და იარაღის მიმწოდებლად...

ხოლო იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ნდობის აღდგენისა და შერიგების საშუალებას არ იძლევა რუსეთი, დავით ზალკალიანის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ქართული მხარე ახერხებს ჰქონდეს თუნდაც „ფრაგმენტული, მაგრამ უშუალო კონტაქტი“ ოსი და აფხაზი ხალხის წარმომადგენლებთან.

რუსეთი 2008 წლკის 26 აგვისტოს შემდეგაც განაგრძობს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით – უდანაშაულო ადამიანების შევიწროების, მცოცავი ოკუპაციისა თუ მავთულხლართების გავლებით საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ექსპერტების ერთი ნაწილისთვის ნათელია, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხის მუდმივ წყაროს წარმოადგენს და შედეგები აშკარად ვერ მოიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსეთის მისამართით გატარებულმა დათბობის პოლიტიკამ. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ჩვენთან საუბრისას უთანხმოების სავარაუდო მთავარ მიზეზსაც ასახელებს, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება რუსეთის მიზანს – შეინარჩუნოს გავლენის სფეროები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენებული სამხედრო ბაზები:

„მთავარი ის არის, რომ, პოსტსაბჭოთა სივრცის მოწყობის ჭრილში, რუსეთი ჯერ კიდევ ხედავს საქართველოს, როგორც მისი გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილად და, აქედან გამომდინარე, რუსეთი დღემდე რჩება სეპარატისტული ხელისუფლებების მთავარ დამფინანსებლად, სპონსორად და იარაღის მიმწოდებლად... აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მცდელობა ამ ტერიტორიების მისამართით, აწყდება მუდმივ წინააღმდეგობას რუსეთის მხრიდან. ერთმანეთს არ ემთხვევა ქართული და რუსული ეროვნული პროექტები და ხედვები რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით“.

სწორედ ამ ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით, ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის, თქმით, მართალია, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გარკვეული სახის ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან, მაგრამ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე არავითარ შემთხვევაში არ იქნება ლაპარაკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG