Accessibility links

„სოკომორო“ - სათამაშოების სახელოსნო, სადაც ბავშვების ნახატებს აცოცხლებენ


სათამაშოების ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინდუსტრიაა. საბავშვო წიგნების, ფილმებისა თუ თამაშების გმირების მილიონობით პროტოტიპი დიდ საწარმოებში იქმნება. შესაბამისად, მასობრივი წარმოების ერთნაირი სათამაშო ძალიან ბევრ ბავშვს აქვს. ისინი, ვისაც სურს, განსაკუთრებული იყოს და, ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ნაცვლად, თვითონ შექმნას თავისთვის მოსაწონი და მისაღები, ორიგინალური ნივთები, მცირე სახელოსნოებში მუშაობენ ექსკლუზიურ კოლექციებზე.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი სახელოსნოა “სოკომორო,” რომელიც თბილისში, უკვე მესამე წელია, არსებობს და ორიგინალურ ხელნაკეთ სათამაშოებს ამზადებს, ბავშვების ფანტაზიაზე დაყრდნობით. დიახ, „სოკომოროს“ სახელოსნოში ბავშვის ნახატის მიხედვით უნიკალურ სათამაშოებს ამზადებენ, რომელშიც მეორდება ყველა ის დეტალი, ფორმა და ფერი, რაც "მხატვრის" წარმოსახვის შედეგია. შესაბამისად, თითოეული სათამაშო მხოლოდ ავტორისთვის შექმნილი უნიკალური ეგზემპლარია.

იდეა ორიგინალური არ არის. ის “სოკომოროს” შემქმნელ მარიამ ბოლქვაძის თავში არ მომწიფებულა, ერთ-ერთ დედას მოუვიდა თავში აზრად რამდენიმე წლის წინ თბილისიდან შორს, სრულიად სხვა ქვეყანაში. ორიგინალურმა იდეამ მოწონება მალევე დაიმსახურა და მოკლე დროში ბევრი მიმდევარიც გაუჩნდა. მარიამიც ერთი მათგანია:

“მე და ჩემი მეგობარი, რომლის მეუღლეც აიტი სფეროში მუშაობს, ერთხელ მუშაობის დროს წააწყდა ასეთ საიტს, სადაც ნახა, რომ მსგავსი რაღაც არსებობს. თუ არ ვცდები, ეს ხდებოდა კანადაში. მერე მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ბევრი ანალოგი არის. გავგიჟდით, იდეა ისე მოგვეწონა. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან პატარა მასშტაბით დაიწყო. დაიწყო დედამ, რომელსაც უნდოდა, რომ თავისი შვილის დაბადების დღისთვის ორიგინალური საჩუქარი მოემზადებინა, ალბათ, მცირე რესურსებით, და გადაწყვიტა, მისი ნახატის მიხედვით გაეკეთებინა სათამაშო. მერე ეს შედეგი რომ ნახეს პატარებმა, ახლობლებმა, გულგრილი არავინ დარჩა და ასე გავრცელდა ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში“.

მარიამი ფიქრობს, რომ ის სერვისი, რასაც ბავშვებს და მშობლებს სთავაზობს, პირველ რიგში, სწორედ ბავშვის ინდივიდუალიზმის გამოსახატადაა კარგი, რაც, საბოლოოდ, მისი თვითშეფასების ამაღლებასაც კი უწყობს ხელს. სხვების მიერ გამოგონილი პერსონაჟების მაგივრად, პატარას საშუალება ეძლევა თავის გამოგონებასთან იმეგობროს.

“ის, რომ შენ სამი, ოთხი, ხუთი წლის ასაკში დახატულ და გაცოცხლებულ სათამაშოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახავ, ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი და სახალისო ამბავია”, - ამბობს მარიამ ბოლქვაძე.

სახელოსნოში ამ დროისთვის ბავშვების ნახატების გასაცოცხლებლად რამდენიმე პროფესიონალი მკერავი მუშაობს. პროფესიონალიზმი და მცირეოდენი დეტალებისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება საჭიროა იმისთვის, რომ სათამაშო მაქსიმალურად ჰგავდეს ნახატს.

მარიამი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ ჰქონიათ შემთხვევა, რომელიმე ნამუშევრის პროტოტიპის შექმნა გასჭირვებოდეთ. მშობლები, რომლებიც ძირითადი შემკვეთები არიან, ცდილობენ ისეთი ნახატი აარჩიონ, რომლის მატერიად ქცევაც რეალური იქნება.

რაც დრო გადის, „სოკომოროს“ ახალი ტიპის მომხმარებლებიც ემატებიან - ისინი, ვისაც სათამაშო არა პატარისთვის, არამედ ზრდასრული მეგობრებისთვის უნდა.

“გვიკვეთენ ანიმეს პერსონაჟებს, უფროსების პროტოტიპებს. მე ძალიან მიყვარს ის ხალხი,ვინც ზრდასრულებს ამ ტიპის სათამაშოს ჩუქნის და მიხარია, რომ ჩვენი ბიზნესი ამ კუთხითაც ვითარდება”.

„სოკომოროს“ და ამ ტიპის სახელოსნოების ხიბლიც, ალბათ, სწორედ ეს არის. ის დაუსრულებლად შეიძლება განვითარდეს და ისე იცვალოს ფორმა, როგორც ამას ადამიანების ფანტაზია მოითხოვს:

“იმდენად შემოქმედებითია მთელი ეს იდეა და იმდენად ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს, რომ სულ მაქვს იდეა სხვადასხვა აქტივობების, რაც შეიძლება ბავშვებთან და მშობლებთან, ბავშვებთან და წიგნებთან ერთად გაკეთდეს. ბავშვები ყველა გმირს, რომლის შესახებაც ზღაპარში კითხულობენ, სხვადასხვანაირად ხედავენ. რადგან „სოკომორო“ გვკარნახობს იმას, რომ ბავშვის ფანტაზიაში კარგი რამეები ხდება და მოდი, სათამაშოები ჩვენი დიზაინით კი არ შევთავაზოთ, თვითონ გვითხრან, როგორი სჭირდებათ, ეს შეგვიძლია განვავრცოთ იმაზეც, როგორი ზღაპრების დაწერა შეუძლიათ, როგორი წიგნები სჭირდებათ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG