Accessibility links

logo-print

კვირას, 11 იანვარს, საფრანგეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მასობრივი აქცია იგეგმება. აქციას მსოფლიო ლიდერებთან ერთად უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. 7 იანვარს „შარლი ებდოზე“ თავდასხმის გარდა საფრანგეთში კიდევ რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა, რამაც ზოგიერთი მედიის მხრიდან ევროპული სპეცსამსახურების კრიტიკა გამოიწვია. რამდენად გამწვავდა ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოში და რა როლი აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს?

პარიზში 11 იანვარს ტერორიზმის წინააღმდეგ მასობრივი აქცია იგეგმება, აქცია, რომელსაც ლიდერებიც უერთდებიან, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა:

„კვირას მე ვუერთდები ფრანსუა ოლანდს პარიზში. ჩვენ არ მივცემთ შიშს უფლებას, შეგვცვალოს“.

11 იანვრის აქციას უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. 9 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა:

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ შოკირებული ვართ, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს საშინელება არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ, ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება“.

იმას, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა არაა და მას მსოფლიო სოლიდარობა სჭირდება, ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანიც. მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველომ, როგორც ყოველთვის, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს:

„ჩვენ არა მარტო მომხმარებელი ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების, არამედ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და მივმართოთ იქით, რომ ის, რაც საფრანგეთში მოხდა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში აღარ განმეორდეს და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირი ღონე უნდა იხმაროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“.

7 იანვარს სატირულ გამოცემა „შარლი ებდოზე“ ტერორისტების თავდასხმას 12 ადამიანი შეეწირა, მომდევნო ტერაქტების შედეგად კი, 17 ადამიანია დაღუპული, ხოლო 20-მდე დაშავებული.

ფრანგმა ძალოვნებმა სპეცოპერაციისას „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაში ბრალდებული ორი ძმა, შერიფ და საიდ კუაშები, მოკლეს, თავდამსხმელების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანი კი გადარჩა. ასევე ტერორისტის ლიკვიდაციით დასრულდა კიდევ ერთი სპეცოპერაცია, თუმცა მანამდე მან ოთხი მძევლის დახოცვა მოასწრო.

ფრანგულმა ტელეარხმა iTelem-მა კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალჟირული სპეცსამსახურები საფრანგეთის ხელისუფლებას მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ ჯერ კიდევ 6 იანვარს აფრთხილებდნენ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯომარე ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ასეც რომ ყოფილიყო, ძალიან რთული იქნებოდა საფრთხის დროულად თავიდან აცილება:

„მგონი, არ არის მართებული ვიფიქროთ, რომ ევროპულმა ქვეყნებმა და მათმა სპეცსამსახურებმა ყურადღება მოადუნეს. ტერორიზმი ისეთი საფრთხეა, რომლის თავიდან აცილება ურთულესია. ურთულესია, რომ რამდენიმე დღეში იპოვო ტერორისტები, გაიგო მათი კონკრეტული მიზანი და გაანეიტრალო ისინი“.

ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის, არამედ ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც. აუცილებელია თანამშრომლობა ყველა შესაბამის სტრუქტურას შორის. აუცილებელია გაერთიანება...

დავით ზალკალიანი კი აღნიშნავს, რომ „შარლი ებდოზე“ თავდასხმამ და საფრანგეთში ბოლო დღეებში მომხდარმა სხვა ტერორისტულმა აქტებმა მსოფლიო კიდევ უფრო დაძაბა:

„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის, არამედ ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც. აუცილებელია თანამშრომლობა ყველა შესაბამის სტრუქტურას შორის. აუცილებელია გაერთიანება“.

ბესიკ ალადაშვილი მიიჩნევს, რომ 11 იანვრის აქცია ამ კოორდინაციისკენ პირველი ნაბიჯია, თუმცა ასე სწრაფად რაიმე ქმედით ნაბიჯებს არ უნდა ველოდეთ:

„ხვალინდელი შეხვედრა უფრო სოლიდარობის გამოხატვაა, თანადგომის ჩვენება. გარკვეულწილად ეს PR-აქციაა ტერორიზმის წინააღმდეგ. ასე უცბად ვერ მოხდება ღრმა და შორსმიმავალი ანტიტერორისტული მოქმედებების დაგეგმვა. ეს ინფორმაცია დამალული არ არის. ნატოს ქვეყნებს საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ კოორდინაცია“.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯომარე დასძენს, რომ საფრანგეთში მომხდარი ამბავი დეტალურადაა შესასწავლი და გასარკვევია მისი შესაძლო კავშირი მსოფლიოს სხვა აქტიურ კონფლიქტის კერებთნ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG