Accessibility links

logo-print

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისა და ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით სოლიდარულია ქუთაისის მოსახლეობა. ქალაქში რამდენიმე დღეა გროვდება ამანათები პირველადი გამოყენების ნივთებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებითა და პროდუქტით. არ დარჩენილა საჯარო თუ კერძო დაწესებულება, რომელსაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების სურვილი არ გამოეხატოს. მათთვის განკუთვნილი ამანათები მიაქვთ მოქალაქეებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებშიც.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სტიქიიდან რამდენიმე საათში გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში დედაქალაქში სპეციალური ტექნიკა გაეგზავნა. მერიაში გაიხსნა დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური შტაბიც, სადაც ამ დრომდე გროვდება და ხარისხდება სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ მიტანილი ამანათები. ქუთაისიდან გაგზავნილი პირველი ტვირთი 15 ივნისს თბილისში ვაკის გამგეობას გადაეცა შემდგომი განაწილებისთვის. ქუთაისის მერიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ეკა მამისეიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის პროდუქტებისა და საჭირო ნივთების შეგროვება და გაგზავნა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება.

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების ნივთები შეაგროვეს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის თანამშრომლებმაც.

სტიქიით დაზარალებული ოჯახების საჭიროებათა მიხედვით აგროვებენ ნივთებს და პროდუქტებს მედიაორგანიზაციებიც რადიო „ძველი ქალაქის“ ოფისში. რადიოს პროგრამების დირექტორის ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, სასურველია მეტი კოორდინაცია დაზარალებულ ოჯახებთან მათი საჭიროებების გასათვალისწინებლად.

ჰუმანიტარული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, ქუთაისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გლოვის აქცია გაიმართა: თეთრ ხიდზე შავი ლენტებით, სანთლებითა და ყვავილებით ათეულობით ადამიანმა სამძიმარი გამოუცხადადაღუპულთა ოჯახებსა დაახლობლებს.

უსახლკარო ოჯახს, ქუთაისში წამოსვლის სურვილის შემთხვევაში, დაბინავება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა შესთავაზა ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა.

ქუთაისიდან თბილისში მოხალისეთა დასახმარებლად გაემგზავრა რამდენიმე ჯგუფიც. იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე მუნიციპალიტეტთა ხელმძღვანელებს საგანგებო შტაბების შექმნისა და დაზარალებული მოქალაქეებისთვის საჭირო ნივთების შეგროვებისკენ მოუწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG