Accessibility links

„საქართველოს სოლიდარობის ფონდისა“ და მისი ბენეფიციარების მხარდაჭერის მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ საგანგებოდ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა. დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ფონდის დახმარების მიმღები ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდებიან, საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი კი არ ჩაეთვლებათ იმ შემოსავლად, რომლის გამოც ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ. საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ფონდის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ „სოლიდარობის ფონდში“ განაცხადების მიღება 25 აგვისტოს დაიწყო. ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს, საჯარო სექტორში კი ნებაყოფლობითი დონაციის სურვილი, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა. დონაციის მსურველთა ქველმოქმედების პარალელურად, ფონდი უკვე იღებს იმ ადამიანთა განაცხადებსაც, ვისაც დახმარება სჭირდება. ფონდი პირველ ეტაპზე ონკოლოგიურ პაციენტთა მხარდასაჭერაზე იქნება ორიენტირებული და 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების განცხადებებს განიხილავს. მთავრობის ინიციატივა კი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, მოწოდებულია იმისთვის, რომ ფონდში შესული თანხები მაქსიმალურად, ფინანსური დანაკარგის გარეშე, მოხმარდეთ ბენეფიციარებს:

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

“ის ბენეფიციარები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არამომგებიანი ჰუმანიტარული ორგანიზაციისგან, მათ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაეთვლებათ მკურნალობისათვის მიღებული თანხები, ისინი ამ თანხებზე არ დაიბეგრებიან, არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს და ეს თანხები მონაწილეობას არ მიიღებენ ქონების გადასახადის გაანგარიშების ვალდებულების წარმოქმნაში“.

თავის მხრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე, „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ „სოლიდარობის ფონდი“ ყოველთვიურად საშუალოდ 120 000 ლარის მობილიზებას შეძლებს და ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ფონდს ხელს შეუწყობს საქველმოქმედო საქმიანობისთვის უფრო მეტი თანხა მიმართოს:

“საგადასახადო კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად დაეხმარება, არამხოლოდ ფინანსური რესურსების კუთხით, როგორც ფონდის საქმიანობას, ასევე ინდივიდუალური ბენეფიციარების მიერ თანხების აკუმულირებას კონკრეტული სერვისების მისაღებად. გარდა ამისა, აღნიშნულ ინიციატივას, მე ვფიქრობ, აქვს უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა“.

„სოლიდარობის ფონდი“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 9 ივნისს დაფუძნდა. ფონდის მიზანია სოციალური პრობლემების მოგვარებაში ჩართოს საზოგადოებრივი სოლიდარობის მექანიზმი, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ვერ უპასუხებს მოსახლეობის იმ ნაწილის მოთხოვნებს, რომელსაც ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. რა რაოდენობის თანხაა მობილიზებული „სოლიდარობის ფონდში“, ჯერჯერობით უცნობია. 31 აგვისტოს მდგომარეობით ფონდის შენატანების რაოდენობა, გავრცელებული ინფორმაციით, 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.

სახელმწიფომ სოლიდარობის ფონდს მიანიჭა გარკვეული პრეფერენცირებული მდგომარეობა, უპირატეს რეჟიმში ჩააყენა, იმიტომ რომ ის ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ქვეყანაში, ზოგადად, „სოლიდარობის ფონდის“ გარდა, არიან კიდევ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები...

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე, აღიარებს რა „სოლიდარობის ფონდის“ კეთილშობილურ მიზნებს, თავის მხრივ, სვამს შეკითხვას: რატომ მხოლოდ „სოლიდარობის ფონდი“ და არა, ზოგადად, საქველმოქმედო საქმიანობა? ექსპერტის აზრით, ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ არის და, აქედან გამომდინარე, მიდგომაც „სოლიდარობის ფონდისათვის“ სპეციალური საგადასახადო შეღავათების მინიჭების მიმართულებით კონკრეტულ შემთხვევაში დისკრიმინაციულია:

“სახელმწიფომ სოლიდარობის ფონდს მიანიჭა გარკვეული პრეფერენცირებული მდგომარეობა, უპირატეს რეჟიმში ჩააყენა, იმიტომ რომ ის ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ქვეყანაში, ზოგადად, „სოლიდარობის ფონდის“ გარდა, არიან კიდევ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც, პრინციპში, თავისი შინაარსით, იმავე საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ მივიღეთ გარკვეული დისკრიმინაციული მიდგომა, რაც თავისთავად არასწორია და გულსატკენი“.

ლევან კალანდაძე ხელისუფლებას საქველმოქმედო საქმიანობის პოლიტიკისა და კანონის შექმნისაკენ მოუწოდებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კი განმარტავს, რომ მთავრობა საქველმოქმედო ორგანიზაციების რაოდენობის, პროფილის დადგენისა და მათთვის საგადასახადო შეღავათების გაფართოების მიმართულებით იმუშავებს.

XS
SM
MD
LG