Accessibility links

logo-print

სომხეთის პოლიციამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალა

  • ნიკო ნერგაძე

სომხეთის პოლიციამ ძალა და წყლის ჭავლი გამოიყენა ერევნის ცენტრში დემონსტრაციის დასაშლელად. დემონსტრაციის მონაწილეები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებდნენ. დაკავებულია 237 ადამიანი. ჟურნალისტებს, მათ შორის, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერები დაუმტვრიეს.

პოლიციის სპეციალურმა ძალებმა 23 ივნისის დილით იერიში მიიტანეს ასობით დემონსტრანტზე, რომლებიც 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისხდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს მდებარე ქუჩაზე.

დემონსტრანტები ამტკიცებდნენ, რომ ისინი მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და მოითხოვდნენ გაუქმებულიყო გადაწყვეტილება 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის საფასურის 16 პროცენტით მომატების შესახებ.

რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, რომლის დროსაც პოლიცია აცხადებდა, რომ აქცია უკანონო იყო, სამართალდამცავებმა დემონსტრაციის დაშლა დაიწყეს. რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს თანამშრომელი, რომელიც აქციას აშუქებდა, იუწყება, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. რამდენიმე ადამიანი შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა. ბევრი მათგანი დააკავეს. დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც იყვნენ.

მოგვიანებით სომხეთის პოლიციის წარმომადგენელმა აშოტ აშარონიანმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ სულ 237 ადამიანი დააკავეს. მისი განცხადებით, შეტაკებებისას 7 დემონსტრანტი და პოლიციის 11 თანამშრომელი დაშავდა.

აქციის დაშლისას ძალადობის მსხვერპლი გახდა მედიის არაერთი წარმომადგენელი. მათ შორის იყო რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს ოპერატორი. პოლიცია გაუსწორდა რადიო თავისუფლების კიდევ რამდენიმე თანამშრომელს, ერთი მათგანი მცირე ხნით დააკავეს კიდეც.

პოლიციამ დაამტვრია რადიო თავისუფლების კუთვნილი კამერა, რომლითაც იქ მომხდარი მოვლენები ლაივსტრიმით გადაიცემოდა. დაზიანდა რადიოს კუთვნილი სხვა აპარატურაც, თუმცა სომხეთის პოლიციის მაღალჩინოსნებმა რადიოს კორესპონდენტების საჩივარი ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

შეტაკებას ბაგრამიანის გამზირზე წინ უძღოდა სამდღიანი საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „არა ძარცვას“. დემონსტრანტებმა მჯდომარე აქცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც 5 ათასამდე ადამიანი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრა, თუმცა მათ გზა პოლიციამ გადაუკეტა და, საბოლოოდ, აქცია ასეთი, მჯდომარე ფორმით გააგრძელეს. იუწყებიან, რომ ღამის განმავლობაში სომხეთის სხვა ქალაქებშიც დაიწყო აქციები ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ.

ელექტროგამანაწილებელი კომპანია, რომელიც რუსული „ინტერრაოს“ შვილობილი კომპანიაა, აცხადებს, რომ ფასების გაზრდა დაკავშირებულია სომხეთის ვალუტის, დრამის, გაუფასურებასთან. დღეის კურსით, ერთი დოლარი 473 დრამი ღირს, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში კურსი 407 დრამს შეადგენდა ერთ დოლართან მიმართებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG