Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მიანიშნებს მთიანი ყარაბაღის აღიარების ალბათობაზე


კონფლიქტის ზონა, მთიანი ყარაბაღი,
კონფლიქტის ზონა, მთიანი ყარაბაღი,

სომხეთი აცხადებს, რომ დაძაბულობის ესკალაციამ აზერბაიჯანის სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი ომი და ერევნის მიერ ამ ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა გამოიწვიოს. რუსეთმა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ერთ-ერთი შუამავალია, კვლავ მოუწოდა მხარეებს შეწყვიტონ დაპირისპირება და ამ პროცესში ანკარის პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

4 აპრილს ეუთოს ელჩებთან შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალისხმევა ყრუ კედელს წააწყდება მანამ, ვიდრე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არ აიძულებენ აზერბაიჯანს, სრულად დაიცვას 1994 წლის ზავის პირობები. სარგსიანმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ შეტაკებების შემდგომი ესკალაცია, შესაძლოა, დასრულდეს სრულიად მოულოდნელი და გარდაუვალი შედეგით, მათ შორის, სრულმასშტაბიანი ომით.

სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი

„უნდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ განმიცხადებია, რომ თუ საომარი დაპირისპირება გაგრძელდება და ის გადაიზრდება სრულმასშტაბიან ომში, სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სარგსიანმა. ბაქო კი, თავის მხრივ, სეპარატისტებთან შეტაკებების შედეგად თავისი არმიის ახალ დანაკარგებზე საუბრობს და იმუქრება, რომ სამხედრო ოპერაციას გააფართოებს კონფლიქტის მთელი ხაზის გასწვრივ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებებს 4 აპრილს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც მხარეებს ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში თურქეთის პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„არ შევუდგები იმის განხილვას, რა როლი ითამაშა ან თამაშობს ანკარა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ყველას და, მათ შორის, თურქეთის ხალხისათვის სწორი იქნებოდა, რომ ანკარა ახლა ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტაზე ყოფილიყო კონცენტრირებული, ეს არის თვალსაზრისი, რომელიც მე შემიძლია თამამად გამოვთქვა“.

სომხეთის მხრიდან მომდინარე პროვოკაციებს ჩვენ ვუპასუხებთ ფართომასშტაბიანი ოპერაციით მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა იარაღს...
ვაგიფ დარგალი

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის მესამე დღეს, 4 აპრილს, გავრცელებულ ცნობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ ნათქვამია, რომ სამი ჯარისკაცის დაღუპვა სომხების არმიის მიერ არტილერიის საშუალებით განხორციელებულმა მასობრივმა თავდასხმამ გამოიწვია. ამის გამო აზერბაიჯანი აპირებს მკაცრი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს. „სომხეთის მხრიდან მომდინარე პროვოკაციებს ჩვენ ვუპასუხებთ ფართომასშტაბიანი ოპერაციით მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა იარაღს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაგიფ დარგალიმ.

ბაქოს ცნობით, სეპარატისტული ძალები ყარაბაღიდან არტილერიიდან ბომბავდნენ აზერბაიჯანის პოზიციებს, ხოლო ფრონტისპირა სოფლებს ნაღმსატყორცნებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან უშენდნენ ჭურვებს. ბოლო მონაცემების ჩათვლით, 15-მდე გაიზარდა აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის დანაკარგი. სომხეთი ბრძოლებში 18 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას იუწყება. 4 აპრილს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია მათ პოზიციებზე აზერბაიჯანის მხრიდან ინტენსიური სროლების თაობაზე.

ბაქოსა და ერევანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირება 25 წელიწადია გრძელდება. 1990 წლის ომში სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს უპირატესად სომხებით დასახლებულ რეგიონზე. ბრძოლების დროს, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. 1992 წლის მარტიდან მოყოლებული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობს ეუთოს გუნდი, რომელიც „მინსკის ჯგუფის“ სახელით არის ცნობილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG