Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები


მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო მიწა იმერეთში
მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო მიწა იმერეთში
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემატიკა პოლიტიკური თუ ეკონომიკური დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამ საკითხს დიდი დრო დაუთმო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის საპარლამენტო გამოსვლაშიც. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკოსთა თუ საზოგადოების ფართო ფენების ყურადღებისა სოფლის მეურნეობის მიმართ, მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოა. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას?

მიმდინარე კვირაში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ მოაწყო პრეზენტაცია – “2011 წლის საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის მიმოხილვა – წლიური შეჯამება“. კვლევის ავტორებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლების მიმოხილვისას მასში სოფლის მეურნეობის წილის სიმცირეზეც ისაუბრეს. ეს საკითხი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მაგრამ მის მიერ შექმნილი დოვლათი სულაც არ არის ამ მაჩვენებლის პროპორციული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 7 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენს.
დასაქმებულთა 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია. ამ ხალხის 17–18 პროცენტი დღეში იღებს 1 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს ...
ნინო ევგენიძე

ქვეყნის ეკონომიკაში აგრარული პროდუქციის წილის გაზრდის პირობა არაერთხელ დადო საქართველოს მთავრობამ. ეს პირობა კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას:

„შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას გავაორმაგებდით. დღევანდელი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე დაახლოებით 35 პროცენტით არის გაზრდილი.“

პრეზიდენტის მიერ ნახსენები რიცხვებისგან განსხვავებულ მონაცემებს ასახელებენ ეკონომიკის ექსპერტები, რომელთა ინფორმაციით, სოფლის მეურნეობა არათუ 35 პროცენტით, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესაბამისადაც არ იზრდება. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ კოორდინატორის ნინო ევგენიძის კომენტარი:

ნინო ევგენიძე
ნინო ევგენიძე
დასაქმებულთა 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია. ამ ხალხის 17–18 პროცენტი დღეში იღებს 1 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობა არავითარ როლს არ თამაშობს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართულებით.“

არადა, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა სასოფლო ბიზნესის წახალისების მიზნით. მათ შორისაა მექანიზაციის პროგრამა, ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროგრამა, რომელიც ნაკლებად წარმატებულად მიიჩნია თავად პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც კი. მიუხედავად ხილული შედეგების სიმცირისა, ხელისუფლება მაინც განაგრძობს სოფლის მეურნეობის ბიზნესში ჩარევას. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ილაპარაკა:

„უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს; ამიტომ ამ წლის 1 ივნისამდე მექანიზაციის ყველა ცენტრი, ჯამში, აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთნითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით - რაც მთავარია, ეს ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფერმერებისათვის.“

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ექვს მექანიზაციის ცენტრს მიენიჭება „მოსავლიანობის ცენტრის“ სტატუსი.

მასში ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია და დახმარება, ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით, რომელიც დაეხმარება ნიადაგის, მცენარისა და წყლის ანალიზის გაკეთებაში. ასევე გათვალისწინებულია ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა სერვისების ორგანიზება. მოსავლიანობის ცენტრებში ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი იქნება აგრონომის კონსულტაცია და ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას სოფლის კონსოლიდაციაში ხედავს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი კახა უგულავა:

„ეს პატარ–პატარა მეურნეობები ვერ შექმნიან ამინდს, ვერ დანერგავენ ახალ ტექნოლოგიებს. ახალი ტექნოლოგიებია ყველგან, დაწყებული მიწათმოქმედებით და დამთავრებული მეცხოველეობით, და რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამის გაერთიანება, დიდი მეურნეობა უნდა იყოს, ვისაც საშუალება ექნება, რომ ეს ტექნოლოგიები დანერგონ. სხვანაირად წარმოუდგენელია თითო-თითო ფერმერმა შეძლოს თუნდაც იმხელა ინვესტიცია, რომ გაიზარდოს 1 ჰექტარზე მოსავლის რაოდენობა ან 1 სულ პირუტყვზე წარმადობა და ასე შემდეგ.“
50-იან წლებში სოფლის მეურნეობაზე იაპონიის მთლიანი ეკონომიკის 90 პროცენტი მოდიოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტიც კი არაა ...
ზურაბ ჯაფარიძე.

მეურნეობების გამსხვილება და სოფლად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა – პროდუქტიულობის გაზრდა, უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე, ნაკლებ მუშახელს მოითხოვს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 ჰექტარ ფართობზე სიმინდის მოსაყვანად, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ფერმერის ფიზიკური შრომაა საჭირო, საქართველოში კი სოფლად დასახლებული 700 ათასი ოჯახი თითო-თითო ჰექტარს, ანუ, ჯამში, 700 ათას ჰექტარს ფლობს.

ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვა სფეროში უნდა დასაქმდეს, რათა მიწების გამსხვილება მოხდეს და აგრარული ბიზნესის შედეგიანობაც გაიზარდოს.

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე
სამაგალითოდ გამოდგება თუნდაც იაპონია, რომლის ეკონომიკურმა აღმავლობამ მკვეთრად შეამცირა როგორც სოფლის მეურნეობის წილი, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ ჯაფარიძე:

„50-იან წლებში სოფლის მეურნეობაზე იაპონიის მთლიანი ეკონომიკის 90 პროცენტი მოდიოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტიც კი არაა. რამდენიც უნდა ვეცადოთ, ამას ვერც ჩვენ ავცდებით. ფიზიკურად ვერ შევძლებთ. შეგვიძლია რესურსები ვყაროთ. მნიშვნელობა არ ექნება სიმინდის პროგრამას თუ სხვა რამეს მოვიგონებთ, სინამდვილეში მაინც ვერაფერს ვუშველით.“

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, სოფლის მეურნეობა პოლიტიკისგან უნდა განთავისუფლდეს და ბუნებრივი განვითარების საშუალება მიეცეს.
XS
SM
MD
LG