Accessibility links

logo-print
13 დეკემბერს კახელმა გლეხებმა და მეწარმეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება მოსთხოვეს, რომლის მიხედვითაც შიდა ბაზარი გარანტირებულად უნდა ყოფილიყო დაცული. გლეხები აცხადებენ, რომ პირიქით მოხდა: ქართულ ბაზარზე 3 დეკემბრის შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა სომხური სასუფრე ყურძენი, რომელმაც ანალოგიური ჯიშის ქართული ყურძნის გაყიდვას ხელი შეუშალა. დღეს მეწარმეებს მაცივრებში 200 ტონა ქართული ყურძენი აქვთ შენახული და ვეღარ ყიდიან. ამ პირობებში ყურძენი ექვს თვეს ძლებს, სამი თვე უკვე გასულია, ხოლო თუ უახლოეს თვეებში საბანკო კრედიტებით ნაყიდი პროდუქცია ვერ გაასაღეს, გლეხებს ყურძენი დაულპებათ, ვალს კი ვალი დაემატება. ამიტომ ისინი ხელისუფლებას სომხური ყურძნის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესებას სთხოვენ.

13 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილმა კახელმა გლეხებმა ქართული სასუფრე ყურძნით სავსე რამდენიმე ყუთი წინ დაიდგეს, ხელში ტრანსპარანტები დაიკავეს და ახალ ხელისუფლებას შიდა აგრარული ბაზრის გაძლიერების შესახებ წინასაარჩევნო დანაპირები შეახსენეს: ”იცოდეთ მიწაზე შრომის ფასი”, ”დაიცავით აგრარული ბაზარი”, ”დაპირებები 30 ვერცხლად” - ეწერა პლაკატებზე. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნიკოლოზ ფურცელაძეს, ხელში 2012 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის წერილობითი პასუხი ეჭირა, რომელშიც ეწერა, რომ 2012 წლის იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყურძენი არ შემოუტანიათ (გარდა ტრანზიტისა). ნიკოლოზ ფურცელაძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხური ყურძნის შემოტანაზე ნებართვა არ გაცემულა. რადგან კახეთში, კერძოდ, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში ადგილობრივ გლეხებსა და მეწარმეებს ჰქონდათ გარანტია, რომ მომავალი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ბაზარზე კონკურენტი არ ეყოლებოდათ, საბანკო სესხებით შეისყიდეს ყურძენი, დააფასოეს და გასაყიდად მოამზადეს, მაგრამ 3 დეკემბრის შემდეგ, რაც საქართველოში სომხეთიდან სომხური ყურძნის იმპორტი აღდგა, ქართული ყურძნის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა:
ეს წელი გვაცალონ და მომავალი წლიდან გამოაცხადონ, რომ ღიაა ბაზარი და ჩვენც სხვაგვარად მოვიქცევით, აღარ გავრისკავთ ...

”დღეს კი მაცივრებში შენახულია 200 000 კგ ქართული ყურძენი, რომელიც თუ არ გაიყიდა, გაფუჭდება და დავრჩებით ვალების ამარა”.

თავად ნიკოლოზ ფურცელაძეს დღეს მაცივარში 55 ტონა ყურძენი აქვს შენახული. ბანკისთვის გადასახდელი პროცენტი 50 000
ლარს შეადგენს - საუბარია 150 000 ლარის 20%-იანი სესხის პროცენტზე. ერთადერთ გამოსავლად გლეხებს და მეწარმეებს სამინისტროსგან დროებითი შეზღუდვების დაწესება მიაჩნიათ, ისე, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

”ეს წელი გვაცალონ და მომავალი წლიდან გამოაცხადონ, რომ ღიაა ბაზარი და ჩვენც სხვაგვარად მოვიქცევით, აღარ გავრისკავთ”, ამბობს ნიკოლოზ ფურცელაძე.

როგორ არეგულირებდა ვითარებას ბაზარზე წინა ხელისუფლება? - ვკითხეთ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს კახეთის რეგიონში, ამჟამად უმცირესობის წევრს გიორგი ღვინიაშვილს. მისი თქმით, რადგან კახელი გლეხები მაცივარში შენახულ ყურძენს ძირითადად წინასაახალწლოდ ყიდდნენ, ამ პერიოდში მას ხელისუფლება ასეთ დახმარებას უწევდა:
მთავრობამ უნდა დააწესოს საბაჟოზე ის ტარიფები, რის უფლებასაც ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს. აქ გამკაცრება კი არ იგულისხმება ...

”სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინა წლებში იმპორტს საერთოდ აჩერებდა ან ამცირებდა, რათა მათთვის, ვისაც სამაცივრე მეურნეობები ჰქონდა, ხელი შეეწყოთ. თუ ახლა იმპორტი დიდი რაოდენობით შემოვა, ცხადია, რომ ამ ადამიანებს ხელი შეეშლებათ”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში 13 დეკემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა ქურდოვანიძემ გვითხრა, რომ შეზღუდვები მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის შემთხვევაში დაწესდება და რომ სხვა მხრივ ამას კანონიერი გზით სამინისტრო ვერ გააკეთებს.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საბაჟო სატარიფო პოლიტიკა აქვს, რაც, მისი აზრით, შესაცვლელია:

”მთავრობამ უნდა დააწესოს საბაჟოზე ის ტარიფები, რის უფლებასაც ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს. აქ გამკაცრება კი არ იგულისხმება, არამედ რაციონალური და ოპტიმალური უნდა გავხადოთ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე”.

13 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილიც შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ხელისუფლება კანონს ვერ დაარღვევს, მაგრამ თუ არსებული კანონმდებლობა არ იძლევა ვითარების გამოსწორების საშუალებას, ასეთი კანონი უნდა შეიცვალოს. როგორ გადაწყვეტს მთავრობა კახელი გლეხებისა და მეწარმეების პრობლემას, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის აშშ-ში ვიზიტის დასრულებისა და პრემიერ-მინისტრთან მისი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG