Accessibility links

logo-print

სვირი, ბოგა, მინაძე, ღრელი, ხეოთი, ადრიაწმინდა – ეს ახალციხის იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც უბნის ექიმები საერთოდ არ მიდიან, ან პაციენტებს რამდენიმე კვირაში ერთხელ ხვდებიან. სოფლის მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ მათ პრეტენზიები ექიმების კვალიფიკაციასთან და მედიკამენტების უქონლობის გამოც აქვთ.

უბნის ექიმებმა სოფლებში იშვიათად გასვლის მიზეზად გადაადგილების პრობლემა დაასახელეს. მათი თქმით, ერთი მედიკოსი სამი ან ოთხ სოფელზეა პასუხისმგებელი, დასახლებები კი ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია.

ტრანსპორტის პრობლემის გარდა ექიმები აბულატორიებსა და ინვენტარზეც ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დასახლებაში ამბულატორია არსებობს, თუმცა, ექიმი პაციენტებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში იღებს. აღნიშნულის თაობაზე ექიმები ირწმუნებიან, რომ შენობებში გათბობის, ელექტროენერგიისა და საჭირო ინვენტარის პრობლემაა.

შექმნილი ვითარების გამო გამგეობის წევრებმა მედიკოსებისგან კონკრეტული განრიგი მოითხოვეს და დაპირდნენ, რომ გადაადგილების პრობლემას თავად მოაგვარებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, რამდენიმე სოფლში, სადაც სამედიცინო პუნქტები არ არის, მშენებლობები მომავალი წლიდან დაიწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამ დროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 17 ექიმი და 28 ექთანი ემსახურება.

XS
SM
MD
LG