Accessibility links

logo-print

2015 წლის დასაწყისისთვის სოფლის ტიპის დასახლებებში საქართველოში 1 მილიონ 589 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ანუ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 41 პროცენტამდე. მათი უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის მდგომარეობა საქართველოში მხოლოდ დარგზე კი არა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გვიქმნის წარმოდგენას.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის პირველი კვარტალის მონაცემები, გასულ წელთან შედარებით, მცირედ, მაგრამ მაინც ზრდას აჩვენებს, კერძოდ:

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1, 43 მილიონი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.0 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობამ 661 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1.2 პროცენტით გაიზარდა და 1, 1 მილიონ სულს მიაღწია. ღორის სულადობა 237 ათასი სული იყო, რაც 27.5 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის I კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 8, 3 მილიონი შეადგინა, რაც 6.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 114.2 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 6.5 პროცენტით მეტია; ხორცის წარმოებამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.5 პროცენტით აღემატება; ხოლო კვერცხის წარმოებამ 137.3 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით მეტი შეადგინა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2014 წელს ქართული მსხვილფეხა საქონლის ერთ-ერთი მთავარი და თითქმის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, ამჯერად მოთხოვნა ქართულ ექსპორტზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანში 12, 2 მილიონი აშშ დოლარის 4667 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი განხორციელდა; 2015 წელს კი ექსპორტი მოცულობით თითქმის ორჯერ, თუმცა ფასით გაცილებით მეტად არის შემცირებული, კერძოდ: 4,4 მილიონი აშშ დოლარის 2161 ტონა საქონელი გავიდა მეზობელ ქვეყანაში.

სოფლის მეურნეობის სეზონურობიდან გამომდინარე, ცხადია, 2015 წლის დასაწყისის წარმოების სტატისტიკაში აქცენტები მეცხოველეობაზე არის გაკეთებული.

თუმცა, იმავე პერიოდის საექსპორტო ათეულში თხილი თავის პოზიციებს საკმაოდ ამყარებს, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 61,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალი გავიდა, რაც საერთო ექსპორტის 9 პროცენტს შეადგენს (შარშან ეს მაჩვენებელი 2,7 პროცენტი იყო).

ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდა აშკარად არ არის ამ სფეროსადმი დღევანდელი ხელისუფლების ყურადღების შესაბამისი. რამდენად ეფექტურია ამ მიმართულებით ქვეყანაში წარმოებული პოლიტიკა, ამაზე პასუხი მომავალშიც სწორედ ამ სტატისტიკამ უნდა შეძლოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG