Accessibility links

logo-print

ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. სოფლის მეურნეობაში დახარჯული სახსრების ნაწილი პირდაპირი სუბსიდიებია, მაგალითად, ისეთი, როგორც რთვლის ან საწარმოო ციტრუსის შემთხვევაში, ან მცირემიწიანთა დახმარების პროგრამის მსგავსი, რომელიც ძირითადად სოციალურ ხასიათს ატარებს და რომელთა მიზნობრიობასაც არაერთი ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ფინანსური დანახარჯების მეორე ჯგუფია მიზნობრივი პროექტები. ამჯერად ყურადღებას სწორედ ამ პროექტების წლიურ მაჩვენებლებზე შევაჩერებთ:

პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, 2015 წელს 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, სულ 102-მდე ბენეფიციარს დაუმტკიცდა განაცხადი, სადაც სააგენტოს ჯამური თანადაფინანსება 3 მილიონ 963 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის დამსახურებაა ის, რომ უკვე გაშენდა 730 ჰა თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღი.

აგროდაზღვევის პროგრამა ქვეყანაში აგროდაზღვევის კულტურის დანერგვას ემსახურება, თუმცა ჯერჯერობით განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩევა: აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი; დაზღვეულია, დაახლოებით, 190 მილიონ ლარის 38 სხვადასხვა სახეობის მოსავალი, ჯამში, 23 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე. 2014-2015 წლებში 9,934 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ასანაზღაურებელმა თანხამ, დაახლოებით, 14 მილიონი ლარი შეადგინა,

სააგენტოს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმდინარე პორტფელი შეადგენს 10,359 სესხს, ჯამური ღირებულებით, - 237მილიონ ლარსა და 105 მილიონ აშშ დოლარს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2014-2015 წლებში ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან დამტკიცებულია 28 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 18,8 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 7 მილიონ აშშ დოლარს. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 11 საწარმო.

მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს რამდენიმე პროექტში შევიდა ცვლილებები, კერძოდ: გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში შევიდა ცვლილება და დაემატა ახალი კომპონენტი, შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობას და მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას, რაც ფერმერებისათვის მოსავლის დასაწყობებლად დამატებით ინფრასტრუქტურას შექმნის.

ცვლილება შევიდა ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში და დაემატა სპეციალური პირობა, რომელმაც დამატებით სტიმული უნდა მისცეს თიანეთის, ყაზბეგის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს; ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დასაშვებია ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება სპეციალური პირობების შესაბამისად, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - მხოლოდ ღვინის მწარმოებელი საწარმოს თანადაფინანსება. აღნიშნული რაიონები შეირჩა მათი ეკონომიკურად დაბალი აქტივობის გამო. ამ რაიონებისთვის სააგენტომ გაზარდა თანადაფინანსების წილი და შეამცირა პროექტის მინიმალური ჯამური თანხის ოდენობა.

როგორც ადრე გვითქვამს, ამ პროექტებმა მცირედად გაზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. იდეაში ისეთი პროექტები, როგორიცაა „დანერგე მომავალი“ და ა.შ., ეფექტს უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში იძლევიან, თუმცა სუბსიდირების პროექტების არაეფექტურობის დამტკიცებას დიდი დრო არც სჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG