Accessibility links

logo-print
19 იანვარი, კვირა
ზოგადად, ძალიან მიყვარს კვირა დღე. ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარების მცირედი შანსი მაინც მაქვს ხოლმე, სხვა დღეებისგან განსხვავებით. მაგრამ დღევანდელი დღე ძალიან მძიმე და დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის. უსაყვარლეს ადამიანს დავემშვიდობეთ - ბებიას, რომელმაც სითბოსა და სიყვარულის უსაზღვროდ გაცემის, შრომისა და თავდადების უბადლო მაგალითი გვაჩვენა შთამომავლებს.

27 იანვარს 88 წლის შეუსრულდებოდა და ყველა გულისფანცქალით ველოდით ამ დღეს. თითქოს ასაკი მოგვემატა უცბად, თითქოს გავჭაღარავდით მყისიერად, თითქოს რაღაც დიდი კავშირი გაწყდა წარსულსა და აწმყოს შორის - წავიდა მარადისობაში ჩვენი ოჯახის პაპა-ბებიების უკანასკნელი წარმომადგენელი.

სამწუხაროდ.

ასეთ ტრაგიკულ ამბავს, რაღაც უცნაური კომედიური სიტუაციები მოჰყვება ხოლმე. მერე დაუფიქრდები ცხოვრებას და მისი მიმდინარეობა ტრაგიკომედიური ჟანრის ფოლმების შინაარსს წააგავს, სადაც ბევრი ამბავი შეთხზული გგონია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნამდვილი ამბების გარკვეული კრებულია.

ვდგავარ, ფართოდ გაღებულ რკინის ალაყაფთან და ნერვულად ვეწევი სიგარეტს, უკან ბევრი ყვავილი და სასახლის თავი ჩანს. უცებ ქუჩის მეორე მხარეს ჩერდება მანქანა და იქიდან მძღოლი გადმოდის. მოემართება ჩემკენ ბედნიერი სახით და ღიმილით. გილოცავო - მეუბნება. ძალიან დავიბენი. უხერხული პაუზა ჩამოვარდა: ის ელოდება ჩემს პასუხს (მილოცვას და ა.შ.), მე კი სახეზე დაბნეულობა მაწერია. ვერ ვხვდები, რას მილოცავს. ვიხედები უკან და ფონის ატრიბუტიკით მოსალოცად საქმე ნამდვილად არ უნდა მქონდეს, უფრო მეტიც, სამძიმარს უნდა ვიმსახურებდე, როგორც ჭირისუფალი, და ამიტომაც ვაყოვნებ პასუხს. ის დუმს. ვდუმვარ მეც. მე იმიტომ, რომ დრო და სიტუაციაში გარკვევის საშუალება მივცე. ჯიუტად არ სურს ამის გაკეთება. ისევ მე ვუხსნი ჩვენს ამბავს და ჩემი მეგობრის ძახილზე უკან ვიხედები. როცა მოვბრუნდი, აღარც მძღოლი იყო და აღარ მანქანა...

ვიკითხე მერე, რას მილოცავდა-მეთქი. გამახსენეს, ნათლისღების დღესასწაულიაო. დიდი ადამიანის წასვლამ დიდი დღესასწაული დამავიწყა.

20 იანვარი, ორშაბათი
რეჟიმი, რომლითაც ბოლო ორი წელია ვცხოვრობ, სულ უფრო მაგონებს ამერიკული ფილმის, „მებრძოლთა კლუბის“ სიუჟეტს. არა, არა! ეს არ ნიშნავს, რომ ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით წესების გარეშე ორთაბრძოლების კლუბებს ვქმნი. ეს არც მიფიქრია. უბრალოდ ვიცი, რომ ორშაბათიდან დაწყებული გვიან ღამე, კიდევ ერთხელ მომიწევს გონებაში გადავხედო განვლილ დღეს, გაკეთებულ ჩანაწერებს და გამოტოვებულ ზარებს, რომ მეორე დღე ისევ ისეთი ინტენსივობით დავგეგმო. მედიასივრცის გათავისუფლებამ, ბიზნესში კონკურენციის გამძაფრებამ, გაზარდა მოთხოვნა პიარისა და მარკეტინგის კონსულტანტებზე. ამიტომაც მიწევს უფრო ადრე გაღვიძება და უფრო გვიან დაძინება.

ორშაბათი აღარ არის ჩემთვის მძიმე დღე - იმიტომ, რომ კვირა უფრო მძიმე დღეა ხშირად. „სამსუნგის“ სმარტფონმა ქაღალდის ყოველდღიური წიგნაკი ჩაანაცვლა და „გუგლის“ კალენდარში კარგად ჩანს დაძაბული სამუშაო კვირის გრაფიკი. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად მიწევს უარის თქმა სატელევიზიო თუ რადიო ტოკ-შოუებში მონაწილეობაზე. იმასაც დავაკვირდი, რომ საჯარო ცხოვრების მიუხედავად, ბევრი რამის დაწერა ჩემს შეხვედრებზე, უბრალოდ, არ შემიძლია. კონფიდენციალობა ჩვენს პროფესიაში უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია.

გადარბენებში რადიოს ვუსმენ და ტელეფონის ზარებს ვპასუხობ, ტელეფონზე მეილებს ვამოწმებ და „ფეისბუკში“ მოსულ შეტყობინებებს ვათვალიერებ. დღეს დავითვალე, რომ 20-მდე გამოტოვებული ზარი და „ფეისბუკზე“ 400-ზე მეტი შეტყობინება მქონდა. დღის განმავლობაში 8-9 საინფორმაციო საიტს და 20-მდე მარკეტინგულ ბლოგსა და პორტალს ვათვალიერებ, ვკითხულობ საგაზეთო სტატიებს, ვუყურებ „ფეისბუკზე“ გახმაურებულ სატელევიზიო სიუჟეტებს, ნაწყვეტებს სკანდალური ტოკ-შოუებიდან და მედიამონიტორინგის პროგრამის მეშვეობით ვეცნობი ხუთი სფეროს მასალებს.

სუპერმაგისტრალური ინფორმაციული ნაკადების მიღების შემდეგ, მაინც ვუყურე მარტინ სკორსეზეს ოსკარზე წარდგენილ ფილმს „უოლ სტრიტის მგელს“, რომელშიც მთავარ როლს დი კაპრიო ასრულებს. ფილმის ხანგრძლივობის მიუხედავად (სამ საათს გრძელდება), ნასიამოვნები დავრჩი როგორც დი კაპრიოს თამაშით, ისე რეჟისორის საინტერესო მიგნებებით, გაეცოცხლებინა უოლ სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ბიზნესმენისა და ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის გურუს ჯორდან ბელფორტის ცხოვრება და საქმიანობა.

21 იანვარი, სამშაბათი
8 საათზე რომ ავმდგარიყავი, ორი მაღვიძარა და ნუცას რამდენიმე შეძახილი დამჭირდა. ძველი პასპორტიდან ვიზების ასლები მჭირდებოდა საელჩოში მისატანად. 9 საათზე საელჩოში ვიყავი. უცხოეთში ხშირად არ დავდივარ, ძირითადად დროის ნაკლებობის გამო. ბევრს ჰყვებიან ხოლმე საკონსულოში მომსახურე პირების უხეშობაზე და ამიტომ წინასწარი განწყობაც ერთგვარი სტერეოტიპებით გაჯერებული მქონდა. საბედნიეროდ, ნეგატიური ეჭვები არ გამართლდა და საკონსულოს სანდომიან ქალბატონებთან მარტივი გასაუბრება მქონდა. გვერდით ფანჯარასთან სამკურნალოდ წამსვლელები იღებდნენ ვიზებს და ძალიან მესიამოვნა, რომ ტყვიაგაუმტარი მინის უკან მდგომი საელჩოს ქართველი თანამშრომლებისგან, დახმარებისა და თანაგრძნობის გულწრფელი სურვილი და გასაჭირის გაზიარების რეალური ქმედებები დავინახე.

საელჩოდან თათბირზე გავრბივარ. ხანგრძლივი თათბირი არ არის ჩემი სტიქია. მოკლე, სხარტი და საქმიანი თათბირები მიყვარს. ჩვენი კომპანიის ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ „ჯეპრას“ თათბირზე ჩაეძინა, ან ჩაეთვლიმა. თათბირი ერთგვარი შოუა, პერფორმანსია, სადაც ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გარდა, ერთიმეორეს მუხტს, წარმატების რწმენას, ახალ იდეებსა და ჩანაფიქრებს გადავცემთ. ვამხნევებ, ვუყვავებ, ვაკრიტიკებ თანამშრომლებს - ეს არის კომპლექსური სისტემა, რომელიც საქმიანობისა და პროცედურების დახვეწით, მიზნის მიღწევის სქემატურ და გამარტივებულ გზას გვიჩვენებს.

კომპანიის დაარსებიდან 11 წელი გავიდა. ჩვენ გავიზარდეთ და ახალი თანამშრომლებიც შემოგვემატნენ. ერთის მხრივ ზრდა კარგია, მაგრამ გარკვეული პრობლემებიც ახლავს თან. ყოველ თანამშრომელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე თანაზიარება იმ ფასეულობებთან, რომელიც კომპანიას აქვს. ახალი თაობა გაცილებით წინწასული და წინდახედულია, მაგრამ არასისტემური და, ხშირად, ნაკლებად ბეჯითი. ბევრს ჰგონია, რომ პიარ-კონსულტანტის ცხოვრება ერთი დიდი ფოიერვერკია. არადა, რაიმე პროექტის განხორციელების ბოლოს გაშვებული მხოლოდ ორწუთიანი ფოიერვერკისთვის და კლიენტის მხოლოდ ერთი მადლიერი გამოხედვისთვის, ხშირად ორი წელიც გვიშრომია თავდაუზოგავად. ასეა ეს და დღესაც სახლში ღამის პირველ საათზე მოვედი.

22 იანვარი, ოთხშაბათი
უკრაინის ამბები მაშფოთებს. არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობას და უკან დახევას. ქვეყნის საშინაო საქმეში ჩაურევლობის პრინციპის გამო ევროპისა და ამერიკის პოლიტიკა ნაკლებად ეფექტიანი ჩანს, მაშინ, როცა რუსეთი განხორციელებული არნახული ძალადობის უპირობო დამკვეთია. პროგნოზიც კი მიჭირს, როგორ განვითარდება მოვლენები.

რუსეთზე ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ უკრაინა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. რამდენიც უნდა გვიმტკიცონ, რომ რეალ-პოლიტიკა მოქნილი და კომპრომისების ხელოვნების მაქსიმალურ გამოყენებაზე დაფუძნებული სისტემაა, მას მაინც თავისი მკაცრი, უხეში და ტლანქი კანონები აქვს. პოლიტიკურ პროგნოზებს ვერიდები, რადგან „პოლიტიკური რომანტიზმის“ სენით ვარ დაავადებული, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ თუ უკრაინელებმა რაღაც პერიოდი გაუძლეს, რუსეთი აუცილებლად წავა დათმობებზე. ისევე, როგორც დათმო „პუსი რაიოტი“ და ხოდორკოვსკი.
ჩვენც უნდა წამოვიყვანოთ დათმობებზე და ამისათვის ყველა სტრატეგიულ სფეროში დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ. პირველ რიგში - ენერგეტიკის სფეროში. ეს აქსიომაა, რადგან სწორედ ამ სფეროთი, ნავთობისა და გაზის მარაგებით მანიპულირებს რუსეთი.

რუსეთის იმპერიული ამბიციების ასეთი ხარისხით დაკმაყოფილების ფონზე მახსენდება ჩემი რუსი მეგობარი ვიაჩესლავ გონჩაროვი, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ცხოვრობს. მასთან უკვე ორი წელია მაკავშირებს მეგობრობა და რამდენიმე დღის წინ დიდი სიყვარულით მივულოცე დაბადების დღეც. სლავა ჩვენი ბიზნეს-პარტნიორიცაა და მასთან ყირგიზეთში ამერიკელების მოწვევით სახელმწიფო სტრუქტურებისთვის უკვე ოთხი პროექტი განვახორციელეთ. სლავა უაღრესად განათლებული, ერუდირებული, სტუმარ-მასპინძლობისა და ბევრი ქართული ტრადიციის დამფასებელ-გამტარებელი პიროვნებაა, ჩინებული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებითა და განუმეორებელი და ორიგინალური ჩაცმულობის სტილით. ამიტომაც დავმეგობრდით. ყირგიზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ფსევდოეროვნული ულტრანაციონალისტური ძალების ზეწოლის გამო, რამდენიმე წლით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალევე დაბრუნდა ბიშკეკში. უცხოდ ვგრძნობდი თავსო, მითხრა. პიროვნება, რომელიც, წესით და რიგით, ახალი რუსეთის სახე უნდა გამხდარიყო, გაიუცხოვა რუსეთმა. ამ სახელმწიფოს ჩვენც სულ უფრო და უფრო უნდა დავშორდეთ - რუსეთი არაა საუცხოო, რუსეთი გასაუცხოებელია.

23 იანვარი, ხუთშაბათი
საინტერესო დღე იყო. კახა მაღრაძე, ჩემი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი და მე, შევხვდით ცნობილ პიროვნებას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოეთში მოღვაწეობდა. პროექტი-იდეა, რომელიც ბოლომდე გააზრებული და ჩამოყალიბებული აქვს, ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების ქართულ კონცეფციას ეფუძნება. ბოლო დროს ხშირად გაიგონებ რაღაც მოდურად ქცეულ უცხოურ ტერმინებს და ასევე ხშირად - ტერმინის შინაარსის არმცოდნე პირისგან.

ეს სულ სხვა შემთხვევა იყო, რადგან კონცეფციის ფასეულობა თავად ტერმინში ჩადებულ შინაარსს სცილდება ნაციონალური თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებისა და იდეის დიზაინში ჩართვის გამო. როგორც უნდა დამთავრდეს ჩვენი მოლაპარაკებები, ორივე მხარე დავრჩით მოგებული: ჩვენ სახელმწიფოს მოწყობის სრულიად ახალ, მოდერნულ და, ამავდროულად, ბუნებრივი განვითარების ხედვას ვეზიარეთ, ხოლო მასპინძლებმა კონცეფციის განხორციელებისა და წინ წაწევის ჩვენეული მონახაზი მოისმინეს.

შეხვედრები, შეხვედრები... გაუთავებელი შეხვედრები ბანკეტების გარეშე. და ზარები, ბევრი ზარი. ვაკვირდები, რომ ცხოვრების წესის ნებისმიერი ცვლილება, უზარმაზარ გავლენას ახდენს ლექსიკის ცვლილებაზე. „გამარჯობის“ მაგივრად, ამბობ, „გადმოგირეკავ“, „რას შვრების“ ნაცვლად, „არ მცალია ახლა“ და „ალო“ პირდაპირ „ბოდიშით“ ჩავანაცვლე. პოზიტიური აზროვნების თეორიის მიხედვით, ეს იძულებითი ქმედებები სასწრაფოდ შესაცვლელია. თუმცა, არის ხოლმე სატელეფონო ზარის განხორციელების პროცესში სასიამოვნო გამონათებები. ძირითადად მაშინ, როცა სამსახურში ახლობლის სტაჟირების გავლის მიზნით, ჩემი მეგობრები თხოვნით მომმართავენ. უნდა ნახო და მოუსმინო ახალ თაობას: ან რა ინგლისური, ან რა კომპიუტერი, ან რა აზროვნება, ან რა ხედვები, ან რა, ან რა!..

ეს თაობა ღირსეულად ჩაანაცვლებს მამების თაობას და უზარმაზარ ნახტომს გააკეთებინებს ჩვენს ქვეყანას. მანამდე ჩვენ ევროკავშირში უნდა შევიდეთ; და კიდევ ნატოში. აუცილებლად!

24 იანვარი, პარასკევი
დილიდან ვეცნობი პროგნოზებს. დავოსის პარალელურად, ეკონომიკური ინფორმაციის ნაკადის გაძლიერებას ვატყობ. ვრცელდება დამაიმედებელი პროგნოზები მსოფლიო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ამ უკანასკნელმა მშპ-ის ზრდის წლიური პროცენტიც კი გაადიდა. მძიმე წლის შემდეგ, მოსახლეობას და ბიზნესს მეტი სივრცე და ფინანსები ჭირდება.

საინტერესო კვლევას ავრცელებს ACT მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. ოჯახების მესამედისთვის თურმე მიუღებელია დაქორწინების შემდეგ მათი შვილების ცალკე ცხოვრება. მეორე კვლევითი კომპანია ARC-ის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 56-მა პროცენტმა არ იცის, რა ღირს 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგია, მაშინ როდესაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი პირები 20 პროცენტამდეა ჩვენს ქვეყანაში. დედა-შვილობაც უნიკალური ვიცით და დარდიმანდული ცხოვრებაც თავისებურად უნიკალური გვაქვს.

...ელექტრონულ ჟურნალ „მარკეტერში“ წავაწყდია ლექსი ჩიქოვანის მშვენიერ სტატიას, რომელიც მის მიერ დაფუძნებულ ბრენდინგის კომპანია „ლაივის“ საქმიანობაზე და განვლილ გზაზე მოუთხრობს მკითხველს. მართალია, „ლაივი“ ჯერ არ არის „მაიკროსოფტი“ და არც ალექსი ჩიქოვანია ბილ გეიტსი, მაგრამ კომპანიის მცირე ბიოგრაფიას თავად ალექსი წერს და არა დაქირავებული მემუარისტები, როგორც ამას ბილ გეიტსი აკეთებს.

25 იანვარი, შაბათი
შაბათობა ქართული სიტყვაა და რუსული субботник-იდან მომდინარეობს. ამ სიტყვის კონოტაციაზე და მის წარმოშობაზე ბევრის თქმა შეიძლება. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ეს „ტრადიცია“ ვ.ი. ლენინს უკავშირდება. შაბათობები განსაკუთრებით მიყვარდა სკოლაში სწავლის პერიოდში, როცა ვასუფთავებდით სკოლისა და მისი შემოგარენის მწვანე საფარს, ვაგროვებდით ჯართსა და მაკულატურას და „ნედეთი“ ვხეხავდით დაპრესილი ნახერხით დამზადებულ სასკოლო მერხებს.

ალბათ, ბავშვობიდან გამომყვა და ახლაც შაბათს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ: ვთათბირობ, უფრო სწორად, შაბათობას ვატარებ. ვაანალიზებთ, ვაფასებთ განვლილ კვირას და ვგეგმავთ შემდეგ კვირას.

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიის, „სააჩი ენდ სააჩის“ გლობალური აღმასრულებელი დირექტორის, კევინ რობერტსის გამონათქვამი მოვუყვანე მაგალითად ჩემი გუნდის წევრებს: „მსოფლიო ვითარდება, ვითარდება ტექნოლოგიებიც, ვითარდება მარკეტინგი, იხვეწება სტრატეგიები, მოქმედების ტაქტიკა, თუმცა ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ბიზნესები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები ვერ ეწევიან ტექნოლოგიური რევოლუციის ტემპს. ჩვენ ვცხოვრობთ სუპერგიჟურ სამყაროში, სადაც ჩვენი შვილები უკავშირდებიან ერთმანეთს და ბრენდებს ყოველგვარი საფასურის გარეშე. თუ გინდა გადარჩე, სწრაფად აზროვნება არ არის საკმარისი, ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედო. სტრატეგია მოკვდა, რადგან რაც უფრო მეტ დროსა და ფულს ხარჯავ სტრატეგიებზე, მით უფრო მეტ დროს აძლევ შენს კონკურენტს, მიირთვას შენი ლანჩი.“

შემდეგ მეც დავამატე მოსაზრება, რომელიც შემდეგი ორი-სამი წლის სტრატეგიას გამოხატავს ჩვენი კომპანიისთვის: დაიწყეთ ბევრი, მაგრამ მცირე იდეით და იდეების სიმრავლე აქციეთ „დიდ იდეად“. იოცნებეთ იმისათვის რომ იმოქმედოთ, მოყევით თქვენი ისტორია, იგრძენით თავად თქვენი კომპანიის სუნი, სული, ხმა და ისე მიაწვდინეთ თქვენს მომხმარებელს. შეიყვარეთ თქვენი ოცნება და ოცნებები და ისე მიაწოდეთ ისინი თქვენს კლიენტებს. მარკეტინგი და პიარი კვდება იქ, სადაც შთაგონების გარეშე დარჩენილი მომხმარებელი არ აპირებს, თქვენი ოცნებების თანაზიარი გახდეს.

თამამად მოიწონეთ, გაიზიარეთ, მიამაგრეთ და იოცნებეთ!

Like, share, pin and dream!
XS
SM
MD
LG