Accessibility links

logo-print
ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტი, შრომის კოდექსი, სოციალურად დაუცველთა ბაზების მოწესრიგება, პენსიების მატება... - ეს სოციალური პოლიტიკის ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს განახორციელა. ამ რეფორმების პარალელურად, გასული წელი დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის აქტივობებითაც გამოირჩეოდა.

„ჯანდაცვაში მოლოდინები ყოველთვის სჭარბობს რეალობას“, - ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც, იმავდროულად, კმაყოფილია ამ მხრივ მიღწეული შედეგით. კერძოდ, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ორი ეტაპი განხორციელდა და, მთლიანობაში,საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური უმრავლესობა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კლინიკების 80 პროცენტზე მეტი მოიცვა. სამედიცინო სერვისების პროგრამაში კი გაერთიანდა 6 ძირითადი ბლოკი: პირველადი ჯანდაცვა, გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, გაფართოებული სტაციონარული მომსახურება, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მშობიარობა. დავით სერგეენკოს თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით 2014 წელს ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლსა და მის გაუმჯობესებაზე:

"შეფასება, რა თქმა უნდა, შეიძლება. ცალსახად, ეს პროექტი იყო ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის მიმართულებაში. საბოლოოდ, შემაჯამებელი, სტატისტიკურად დაზუსტებული მონაცემები ჩვენ გვექნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, სადაც უკვე შევძლებთ მთლიან, საბოლოო შეფასებას“.
73 პროცენტს ხელფასი არ გააჩნია. ბუნებრივია, იმიტომაც არის სიღარიბის კატასტროფულად მაღალი დონე და, სულ ბოლოს, ასეთი ღარიბი როცა არის ხალხი, იქ სახელმწიფოს რაობის საკითხი დგება...

მოგვიანებით შეფასდება 2013 წლის კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის განხორციელების პირველ ეტაპს საქართველოს მთავრობა უკვე ამ დღეებში, 1 იანვრიდან იწყებს. საქმე ეხება მედიკამენტების რეცეპტით გაცემის გადაწყვეტილებას, რომელსაც სკეპტიკურად და შიშით ელის მოსახლეობის ნაწილი. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სიახლის დანერგვას არასაჭირო მედიკამენტების მიღებისა და მოსახლეობის მიერ თვითნებური მკურნალობის პრაქტიკასთან შებრძოლების მიზნით გეგმავს. ზოგადად კი, კვლავაც პირველ ადგილზე რჩება სოციალური დაცვის ის სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც შრომის ბაზრის გაფართოებას და დასაქმების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის შემუშავება გასული, 2013 წლის ერთ-ერთი საანგარიშო საკითხია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად კი, დასაქმების პრობლემა, თავისი სიმწვავით, 2013 წელსაც ძირითად სოციალურ პრობლემებს შორის პირველ ადგილზე სახელდებოდა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 2013 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას შენიშნავს, რომ საქართველო სოციალურ ჭაობშია ჩაფლული:

“27 პროცენტი იღებს ხელფასს მხოლოდ საქართველოში. ეს არის, დაახლოებით, 610 000 კაცი, ანუ ეს არის ჯანსაღი მუშახელის 27 პროცენტი. აქ უცხოელებიც შედიან, ვინც საქართველოში იღებს ხელფასს. 73 პროცენტს ხელფასი არ გააჩნია. ბუნებრივია, იმიტომაც არის სიღარიბის კატასტროფულად მაღალი დონე და, სულ ბოლოს, ასეთი ღარიბი როცა არის ხალხი, იქ სახელმწიფოს რაობის საკითხი დგება“.

NDI-ის დეკემბრის კვლევის შედეგები კი უმუშევრობის წლიურ დინამიკას, მცირედი ცვლილებით, პრაქტიკულად იმავე ზღვრებში ტოვებს - კერძოდ, 2013 წლის ბოლოს გამოკითხულთა 31 პროცენტი თავს დასაქმებულად, 69 პროცენტი კი დაუსაქმებლად მიიჩნევს. ამაზე დემურ გიორხელიძე შენიშნავს, რომ დასაქმების ხელშეწყობის ძირითადი გასაღები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ურთიერთობებს კი, 2013 წლის ცვლილებების თანახმად, ახალი შრომის კოდექსი არეგულირებს. კოდექსი, რომელიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ერთ-ერთი შეფასების თანახმად, კარგია იმიტომ, რომ ბოლომდე არც დასაქმებულს მოსწონს და არც დამსაქმებელს, ძალაში 2013 წლის 4 ივლისიდან შევიდა. „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ლიდერი გიორგი ციმინტია მიიჩნევს, რომ ახალი შრომის კოდექსი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს შეესაბამება, თუმცა მისი ზოგიერთი ნაწილის პრაქტიკაში განხორციელება გაჭირდება:

გიორგი ციმინტია

გიორგი ციმინტია

“იგივე ნორმა იმის შესახებ, რომ ვიღაცას მივცეთ დამატებითი ანაზღაურება დამატებით სამუშაო დროზე პრაქტიკულად ბევრი ორგანიზაციისთვის იქნება გარკვეული ტვირთი. ისინი შეეცდებიან, რომ ისეთნაირად გაუწერონ სამუშაო გრაფიკი თანამშრომლებს, რომ ასეთი ფაქტი არ მოხდეს - შესაბამისად, არ გასცენ თანხა, ან თუ მოხდება ასეთი რამე, მათ მისცენ სიმბოლური ანაზღაურება. მაინც უფრო წავა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც იყო. ეს იქნება დამოკიდებული იმ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ზეპირი შეთანხმებით”.

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესების, ხელფასების მატებისა და სამუშაო დღის გრაფიკში შესვენების საათის გამოყოფის მოთხოვნით კი გასულ, 2013 წელს რამდენიმე ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა - გაფიცვები მოაწყვეს „ჯეოსთილის“, „მადნეულის“, „ფეროშენადნობის“ „რკინიგზისა“ და ზოგიერთი სხვა საწარმოს თანამშრომლებმა:

„24 საათი მუშაობს ჩვენი ქარხანა. სამი ცვლა არის და ვმუშაობთ 12 საათს. ამდენი წლებია ასე ვმუშაობთ და შესვენების უფლება არ გვქონდა. ისედაც უსამართლოდ გვექცევიან, რა მხრივ, რომ ვერ დაისვენებ, რომ ნორმალურად შეჭამო და შესვენება გააკეთო. და ახლა ისეთი რაღაც შემოიღეს, რომ ეს 12 საათი ხომ უნდა ვიმუშაოთ და 12 საათიდან იმ ერთ საათს გვაკლებენ, ანუ 11 საათს გვიტარებენ და 12 საათს გვამუშავებენ. და თურმე ჩვენ შესვენების უფლება არ გვქონია. ცეხი არ უნდა გაჩერდესო და ისე უნდა შეისვენოთო და ისე, ფაქტიურად, არ გამოდის შესვენება“, – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

გაფიცვების შეწყვეტა 2013 წელს უმეტესად ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე, დასაქმებულთა მოთხოვნების ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად ხერხდებოდა. შრომის ბაზრის სამართავად კი მასობრივი უმუშევრობის პირობებში სახელმწიფომ გასულ წელს ძირითადად ისეთ ღონისძიებებს მიმართა, როგორიც შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის შექმნაა.
XS
SM
MD
LG