Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დეკლარირებული მიზნები და დეკლარირებული შედეგები, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ 2016 წლის „სოციალური პროგრესის ინდექსში“, რომელიც ქვეყნაში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, საქართველო 69,17 ქულით 133 ქვეყანას შორის 54-ე ადგილზე მოხვდა. წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 6 პუნქტით გაუმჯობესდა და დასახელებული შედეგით საშუალო სოციალური პროგრესის ზედა ზღვრის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

"სოციალური პროგრესის ინდექსი" საერთაშორისო კვლევითი პროექტის, The Social Progress Imperative-ის, კომბინირებული მაჩვენებელია, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების მიღწევებს სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიხედვით აფასებს.

სოციალური განვითარების სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევის შეფასებისას ავტორები 50 მაჩვენებელს იყენებენ, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები - კვება, სამედიცინო დახმარების წვდომა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, წყლის, ელექტროობისა და სანიტარული მომსახურების ხელმისაწვდომობა, პირადი უსაფრთხოების დონე.

ადამიანის ძირითადი კეთილდღეობა - საბაზო ცოდნის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის განათლების დონე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებების წვდომა, ჯანდაცვის დონე, ეკოლოგიური მდგრადობა.
ადამიანის განვითარების შესაძლებლობა - პირადი და სამოქალაქო თავისუფლების დონე, ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ტოლერანტობა და ინკლუზია, უმაღლეს განათლებაზე წვდომა.

როგორც აღვნიშნეთ, მთავარ მიღწევად ჯანდაცვის მიმართულებაა მიჩნეული. კვლევის თანახმად, დადებითად არის შეფასებული საქართველოს პოზიცია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით ყველა კომპონენტში (95,51 ქულა). 98,29 ქულით შეფასდა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თუმცა გაცილებით ნაკლები, 70.87 ქულით არის შეფასებული პირადი უფლებები, წყალი და სანიტარია - 90.16 ქულა, ინფორმაციაზე წვდომა - 76.29 ქულა, პირადი თავისუფლება 57.12 ქულა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა - 74.65 ქულა, ჯანდაცვა და კეთილდღეობა - 59.24 ქულა, ტოლერანტობა და ჩართულობა - 25.93 ქულა, პირადი უსაფრთხოება - 82.49 ქულა, გარემოს ხარისხი - 53.51 ქულა, უმაღლეს განათლებაზე წვდომა - 45.95 ქულა.

ასევე, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ტოლერანტობისა და ინკლუზიის ინდიკატორის ყველა პუნქტი, მათ შორის, რელიგიური, სექსუალური, ძალადობის, დისკრიმინაციისა და იმიგრანტების მიმართ. ასევე დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული გარემოს ხარისხი და რელიგიის თავისუფლება.

სოციალური პროგრესის კუთხით 2016 წლის ლიდერი ფინეთი გახდა, რომელსაც კანადა, დანია, ავსტრალია და შვეიცარია მოსდევს. რეიტინგის ბოლო ხუთეულში კი ნიგერია, ანგოლა, ჩადი, ავღანეთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG