Accessibility links

სამხრეთი კორეა მზად არის თავდასხმის მოსაგერიებლად


სამხრეთი კორეა, 11 აპრილი: "პეტრიოტის" ტიპის რაკეტები სეულში

სამხრეთი კორეა, 11 აპრილი: "პეტრიოტის" ტიპის რაკეტები სეულში

შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას სამხედრო მზადყოფნა აქვთ გამოცხადებული ცნობების გამო, რომ ჩრდილოეთი კორეა შესაძლოა, სარაკეტო თავდასხმისათვის ემზადებოდეს.

ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაში ხუთშაბათს ისევ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადება: „ჩვენი იარაღი მზად არის ცეცხლის გასახსნელად და ქობინები ზუსტი კორდინატებით არის დაპროგრამებული. ღილაკს როგორც კი დავაჭერთ, იარაღი გაისვრის და ჩვენი მტრების ობიექტები ცეცხლის ალში გაეხვევა“, - განაცხადა დიქტორმა ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიისთვის ჩვეულ სტილში.

ფხენიანისაგან განსხვავებით, სამხრეთ კორეის განცხადებები მოზომილია, თუმცა მიანიშნებს შესაძლო კონფრონტაციისათვის მზადებაზე. ასე იყო ხუთშაბათსაც. სეულმა აღნიშნა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეიდან ნებისმიერი სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად. "თუ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ჩვენი „პეტრიოტის“ რაკეტების მოქმედების რადიუსში ჩაიფრენს, შეგვიძლია მათი ჩამოგდება“, აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიმ მინ-სეოკმა სეულში ჟურნალისტებთან საუბრისას. მანამდე სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, მომზადებული ჰქონდეს საშუალო რადიუსში მოქმედი ორი რაკეტა, აღმოსავლეთ სანაპიროდან გასაშვებად.

ოთხშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა, რომ ის „საშიშ ზღვარს“ უახლოვდება: „ჩრდილოეთი კორეა თავისი აგრესიული რიტორიკით, თავის ქმედებებით ძალიან მიუახლოვდა სახიფათო ზღვარს. მისი მოქმედება და მისი განცხადებები არ ეხმარება ფეთქებადი ვითარების განმუხტვას“. ამ საკითხზე პენტაგონში საუბრისას, ჩაკ ჰეიგელმა „არაპროგნოზირებადი“ უწოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩონ ინს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მზად აქვს გეგმები, რათა გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, მათ შორის სამხრეთ კორეას და იაპონიას.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამწვავებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვიც. „ჩრდილოეთ კორეის საკითხში არა გვაქვს აზრთა სხვაობა შეერთებულ შტატებთან. მაგრამ საჭირო არ არის სამხედრო მანევრებით ვინმეს დაშინება. არსებობს შანსი, რომ ყველაფერი დაწყნარდება“, - განაცხადა ლავროვმა ლონდონში, „დიდი რვიანის“ მინისტერიალში მონაწილეობისას.

ყველა ეს განცხადება, თუ სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად მზადება მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის მუქარას, რომ ბირთვული იარაღით დარტყმას მიაყენებს შეერთებულ შტატებს და ომს დაიწყებს სამხრეთ კორეასთან. მუქარას ემატება ფხენიანის რჩევა სამხრეთ კორეაში მყოფი უცხოელებისათვის: ომის საფრთხის გამო დატოვონ ეს ქვეყანა. ჩრდილოეთი კორეა ევაკუაციას ურჩევს ფხენიანში მყოფ უცხოელ დიპლომატებსაც.

მაგრამ, ამ უკიდურესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, ექსპერტები არ მოელიან, რომ ჩრდილოეთი კორეა მართლაც გამოიყენებს სამხედრო ძალას. გარდა იმისა, რომ მას არ შესწევს უნარი, რაკეტებით მისწვდეს ამერიკის კონტინენტს, ძნელი წარმოსადგენია, გარისკოს თუნდაც სამხრეთ კორეაზე, ან იაპონიაზე თავდასხმა, რადგან კონფლიქტს, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის გამანადგურებელი მარცხი მოჰყვებოდა.
XS
SM
MD
LG