Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ეკონომიკური პოლიტიკის გლობალური გავლენა


ევროპისა და აზიის საფონდო ბირჟებზე - ისევე როგორც ნავთობის ფასსა და ევროს მიმართებაზე ამერიკულ დოლართან - ზრდით აისახა განცხადება, რომ ესპანეთი თავისი ბანკების დასახმარებლად 100 მილიარდ ევროს მიიღებს. ეს პირველი რეაქციებია მას შემდეგ, რაც ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა გამოაცხადეს, რომ ესპანეთს დახმარების შეთავაზებით მიმართეს.

ინფორმაციამ ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სასიკეთოდ იმოქმედა როგორც ნავთობის ფასზე, ისე ევროს კურსსა და მთავარ საფონდო ინდექსებზე აზიასა და ევროპაში. მადრიდის ინდექსი თითქმის 6 პროცენტით გაიზარდა, ევრო ერთი პუნქტით გამყარდა დოლარის კურსთან მიმართებით, ხოლო ნავთობის ფასი ერთ ბარელზე ორშაბათს ორი დოლარით გაძვირდა.

ევროკავშირის ეკონომიკურ საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ოლი რენმა ესპანეთის მთავრობის მიერ ბანკების დასახმარებლად გამოყოფილ 100 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტს ევროზონაში ფინანსური კრიზისის გავრცელების პრევენციისაკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი ძლიერ სიგნალს გაუგზავნის საფინანსო ბაზრებს იმის თაობაზე, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს ესპანეთს მის ძალისხმევაში, მოახდინოს ქვეყნის საბანკო სექტორის რესტრუქტურიზება და რეკაპიტალიზება. ეს მნიშვნელოვანია იმაში დასარწმუნებლად, რომ აღნიშნული კრედიტი შესაძლებელია მივიდეს ესპანეთის კომპანიებსა და ოჯახებამდე და რომ ჩვენ შევძლებთ იმ ვირუსის ლოკალიზებას, რომლის გავრცელებაც სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა.“

მნიშვნელოვანია, რომ ყველანი აღმოვჩნდით ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობას მოითხოვს ევროპაში და განსაკუთრებით საბერძნეთში ...
ოლი რენი

თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის კავშირს არაერთხელ განუცხადებია, რომ კრიზისი დაიძლევა. შესაბამისად, ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ საფინანსო ბაზრებზე ორშაბათის მოგება შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს. ანალიტიკოსები ყურაღებას ამახვილებენ ვალებში ჩაფლულ საბერძნეთში 17 ივნისს დაგეგმილ არჩევნებზე, სადაც მკაცრი მომჭირნეობის პოლიტიკით უკმაყოფილო ამომრჩევლები, როგორც მოელიან, მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატებს, რომლებიც გამოდიან მოწოდებით ქვეყანამ შეწყვიტოს ევროს გამოყენება. ორშაბათს ოლი რენმა, ევროკავშირის ეკონომიკურ საქმეთა უმაღლესმა კომისარმა, ისაუბრა საფრთხეზე, რომელიც საბერძნეთის მომჭირნეობის პოლიტიკის ოპონენტებისაგან მომდინარეობს:

„მნიშვნელოვანია, რომ ყველანი აღმოვჩნდით ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობას მოითხოვს ევროპაში და განსაკუთრებით საბერძნეთში. ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ტურბულენტურობა, რაც თანაბრად საშიში იქნება როგორც საბერძნეთის, ისე ევროპისათვის.“

გასულ თვეში საბერძნეთის უშედეგო საპარლამენტო არჩევნებში ბევრმა ამომრჩეველმა ზურგი შეაქცია ორ ტრადიციულ პარტიას - ახალ დემოკრატებსა და საბერძნეთის სოციალისტურ („პასოკის“) პარტიას. ამის შედეგად მეტი მომხრე გაუჩნდა უფრო რადიკალური ყაიდის პარტიებს, რომლებიც პირობას დებენ, რომ უარს იტყვიან საბერძნეთის მთავრობის მიერ ადრე ნაკისრი ხარჯების შემცირების ვალდებულებაზე, რასაც ქვეყნისათვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დახმარების მორიგი ტრანშის მიღება უნდა უზრუნველეყო. თუკი დახმარების მიღების პირობები გაუქმდება, მაშინ საბერძნეთის საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ შეაჩერონ დახმარების სესხის გამოყოფა, რაზეც ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული. ეს კი გამოიწვევს დეფოლტს, საბერძნეთი იძულებული გახდება დატოვოს ევროს ზონა და მიმოქცევაში შემოიღოს საკუთარი ეროვნული ვალუტა. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება კი, თავის მხრივ, შეასუსტებს ევროს, ხოლო აზვირთებული ბიძგები მსოფლიო საფინანსო სისტემებსაც შეარყევენ.

ამომრჩევლებმა საფრანგეთშიც კიდევ ერთხელ გამოხატეს წინააღმდეგობა მკაცრი საბიუჯეტო შემცირების პოლიტიკის მიმართ, როდესაც გასულ თვეში ფრანგ სოციალისტთა ლიდერი ფრანსუა ოლანდი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს სოციალისტურ პარტიას. თუკი საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი ტური, რომელიც, საბერძნეთის მსგავსად, საფრანგეთშიც 17 ივნისს ტარდება, ფრანგ სოციალისტებს გამოკვეთილ უმრავლესობას მოუტანს საკანონმდებლო ორგანოში, ეს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შესაძლებლობას მისცემს წამოიწყოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის მიმართული რეფორმები და თავიდან აიცილოს ფინანსური მომჭირნეობის ზომები, რაც ევროზონის სხვა ქვეყნებს დააკისრეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლოა მოასწავებდეს დასასრულს გერმანია-საფრანგეთის ალიანსისა, რომელიც ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისის დროს ევროზონის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG