Accessibility links

logo-print

არჩევნები სპეციალურ უბნებზე


სპეცუბანი ე.წ. მოდულის შენობაში

სპეცუბანი ე.წ. მოდულის შენობაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრის დილის რვა, საათზე სტანდარტულ უბნებთან ერთად, გაიხსნა ასევე ეგრეთ წოდებული სპეციალური უბნები, სადაც ხმას აძლევენ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ან მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, სამედიცინო სტაციონარების პაციენტები და ძალოვან უწყებებში დასაქმებული არასამოქალაქო პირები. სულ, ქვეყნის მასშტაბით, 71 ასეთი უბანი გაიხსნა.

ვაკის მე-80 სპეციალური უბანი ვაჟა-ფშაველას 72-შია გახსნილი. ამავე მისამართზე მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტები. საარჩევნო უბანში მოხვედრამდე, რკინის ალაყაფის კართან, რომელსაც შეიარაღებული ჯარისკაცი იცავდა, საგანგებოდ ჩვენ შესახვედრად გამოსულმა ოფიცერმა ყველა სახის ჩამწერი აპარატურა ჩამოგვართვა და მხოლოდ უბნის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ დაგვიბრუნა. გზად გვერდი ავუქციეთ საარჩევნო უბნამდე მისასვლელ კიბეზე რიგში ჩამწკრივებულ რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ეპიტაშვილის თქმით, მათი რაოდენობა, სულ, 1094-ია:

„ესენი არიან ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები - მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი პირები ან ის ოფიცრები, რომლებსაც სამსახურებრივად მუდმივად უხდებათ ნაწილში ყოფნა.“
გაყალბება ხდება კატასტროფულად, საშინლად! ის ადამიანები შემოდიან ხმის მისაცემად, რომლებიც საერთოდ არ არიან ცესკოს მიერ გადმოცემულ სიებში, ანუ ამ უბანში არ არიან რეგისტრირებული ...

გიორგი ეპიტაშვილის თქმით, დილის 12 საათისთვის ხმა უკვე მიცემული ჰქონდა ამომრჩეველთა 30 პროცენტზე მეტს, თუმცა დამკვირვებელთა ერთმა ნაწილმა ამომრჩეველთა მაღალ აქტივობაზე მეტად ყურადღება გაამახვილა, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონის უხეშ დარღვევაზე. გივი მეფარიძე, „კავკასიური დიალოგის ცენტრის“ დამკვირვებელი, ამბობს:

„გაყალბება ხდება კატასტროფულად, საშინლად! ის ადამიანები შემოდიან ხმის მისაცემად, რომლებიც საერთოდ არ არიან ცესკოს მიერ გადმოცემულ სიებში, ანუ ამ უბანში არ არიან რეგისტრირებული. იღებენ ორ-ორ ბიულეტენს, ანუ მონაწილეობას იღებენ როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში.“

კენჭისყრის პროცესით ასევე უკმაყოფილო იყო საუბნო კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნელი ჯობავა:
ვერაფერს გავხდი კომისიის თავმჯდომარესთან! აბსოლუტურად სხვა რაიონებიდან არიან ამომრჩევლები, მაგალითად, მარნეულიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან, ბორჯომიდან ...

„ვერაფერს გავხდი კომისიის თავმჯდომარესთან! აბსოლუტურად სხვა რაიონებიდან არიან ამომრჩევლები, მაგალითად, მარნეულიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან, ბორჯომიდან... გვაიძულეს ამ რაიონებიდან მოსული ამომრჩევლებისათვის მიგვეცა ბიულეტენები.“

დაირღვა თუ არა ამით კანონი? ამ კითხვის პასუხად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკითხი მარტივად რეგულირდება საარჩევნო კოდექსით:

„თუ თავდაცვის სისტემაში ჩართული ხალხია (ამის შესახებ წერია საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში), ანუ არიან თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს კონტრაქტით მოსამსახურეები, მაშინ პრობლემა არ არის, ორივე ბიულეტენი უნდა გაიცეს.“

სულ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 ოქტომბერს 71 სპეციალური უბანი გაიხსნა, მათ შორის, 37 თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში, სადაც 35 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12 სპეციალური უბანი გაიხსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლება აქვს 2850 პატიმარს, ანუ იმ პირებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ან მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. სპეციალურ უბნებში საარჩევნო პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა დღის განმავლობაში მასშტაბური დარღვევები არ გამოვლენილა.
XS
SM
MD
LG