Accessibility links

logo-print

"ვერცხლი" და "ბრინჯაო" "ოქროს პრაღაში"


რამდენიმე წამიც და დაიწყება 10 წლის ანასტასია სიდამონიძისა (საქართველო) და მისი თანატოლის, ელენე ბაძღარაძის (რუსეთი) პარტია.

რამდენიმე წამიც და დაიწყება 10 წლის ანასტასია სიდამონიძისა (საქართველო) და მისი თანატოლის, ელენე ბაძღარაძის (რუსეთი) პარტია.

გასული კვირანახევრის განმავლობაში პრაღამ ნორჩ და ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. „ძველი კონტინენტის“ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩეხეთის დედაქალაქში ათასზე მეტი ბავშვი და მოზარდი ჩამოვიდა. გოგონები და ბიჭები ექვს-ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ. საქართველო ტურნირზე წარმოდგენილი იყო 22 მოთამაშით. მათგან ორმა (რვა წლის ნიკოლოზ კაჭარავამ და 14 წლის გიორგი სიბაშვილმა) მედლების მოპოვებაც შეძლეს: თავ-თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში ნიკოლოზმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო გიორგიმ - მესამე. ტურნირის რამდენიმე მონაწილეს, მათს მწვრთნელებსა და მშობლებს დეა კურკუმული, ირინე კურტანიძე და თამარ ღვინიანიძე გაესაუბრნენ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე

როგორც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ გვითხრა, ქართველ მოჭადრაკეებს კარგი შედეგი საჩვენებლად ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი. მან განსაკუთრებით აღნიშნა ნიკოლოზ კაჭარავა, გიორგი სიბაშვილი, ნინო ხომერიკი და ნატო იმნაძე, რომლებმაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მედლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ (საბოლოოდ კაჭარავამ და სიბაშვილმა, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, იმნაძეს კი საპრიზო სამეულამდე სულ ცოტა დააკლდა - 14 წლამდე ასაკის გოგონათა ტურნირში ნატო მეოთხე ადგილს დასჯერდა).

„აქ ჩვენგან 22 სხვადასხვა ასაკის ბავშვია ჩამოსული - როგორც გოგონები, ისე ბიჭები. თითო ასაკობრივ ჯგუფში რამდენიმე მოთამაშეა. მათ მოიპოვეს აქ ჩამოსვლისა და მონაწილეობის უფლება და ამიტომ ჩვენ ვაფინანსებთ მათ ხარჯებს. მათ მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ კარგად ითამაშონ,“ გვითხრა გია გიორგაძემ.

ვერცხლის მედალოსანი ნიკოლოზ კაჭარავა

ვერცხლის მედალოსანი ნიკოლოზ კაჭარავა

რვა წლის ბიჭების ტურნირში საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია ნიკოლოზ კაჭარავა. მისმა მწვრთნელმა ლევან ბახტაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ: „ნიკოლოზი მართლაც შესაშურ ფორმაშია. ნიჭიერი ბავშვია და წინ დიდი მომავალი აქვს, თუ ამ ყველაფერს სწორად მიჰყვა. რა თქმა უნდა, მშობლებმაც ხელი უნდა შეუწყონ და ისინი მართლაც ყველაფერს აკეთებენ. მეც ყველანაირად ვეცდები, გვერდში დავუდგები და დანარჩენი მის ხელშია - როგორ იშრომებს და როგორ მოინდომებს.“

დიანა ლომაიამ სამი პარტია მოიგო, ოთხი ყაიმით დაამთავრა და ორიც - წააგო

დიანა ლომაიამ სამი პარტია მოიგო, ოთხი ყაიმით დაამთავრა და ორიც - წააგო

ყველაზე უმცროს გოგონათა ტურნირში 56 მონაწილეს შორის მე-18 ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონმა, 7 წლის დიანა ლომაიამ, რომელიც ჭადრაკს, როგორც თვითონ გვითხრა, ოთხი წლის ასაკიდან თამაშობს: „მე ვარ დიანა ლომაია, შვიდი წლის. სამი წელია, ჭადრაკზე დავდივარ. ჩემი მწვრთნელი არის ირაკლი გეთია. პირველად ვიღებ მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში. ვარ საქართველოს ჩემპიონი.“

ქართველი ბავშვებიდან ნახევარზე მეტი პრაღაში მშობლებთან ერთად ჩამოვიდა. ცხრა წლის თამარ ესაძის მამა, რომელიც, ამასთანავე, მისი მწვრთნელიცაა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თამარი მეორედ მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატში: „თამარ ესაძე მესამე წელია, ჭადრაკს თამაშობს. მე მისი მწვრთნელი, ასევე მამა, მურმან ესაძე ვარ. შარშან რვაწლიანებში ითამაშა ევროპის პირველობისთვის და ფინალში ბულგარელთან ითამაშა. წელს მეორედ მონაწილეობს ევროპის პირველობაში.“

ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი სიბაშვილი

ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი სიბაშვილი

ბავშვები უკვე რვა დღეა, პრაღაში არიან, თუმცა ამ ულამაზესი ქალაქის დათვალიერებას დატვირთული რეჟიმის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. 14 წლის გიორგი სიბაშვილის თქმით, ჭადრაკი იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ გართობისთვის დრო მოთამაშეებს ნაკლებად რჩებათ: „ძალიან იშვიათად გავდივართ ქალაქში. რომ გავიდეთ, იქ დიდი ენერგია უნდა დავხარჯოთ, ხოლო მოჭადრაკეს დიდი ენერგია სჭირდება პარტიის სათამაშოდ, მოსამზადებლად და ამიტომ დრო ნაკლებად გვრჩება.“
XS
SM
MD
LG