Accessibility links

logo-print
ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დიდოსტატ სალომე მელიას მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ქართული საჭადრაკო სკოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად აღიარეს სპეციალისტებმა – ასეთი შედეგისათვის კონტინენტის წინა 13 ჩემპიონატზე არც ერთ ჩვენს მოჭადრაკე ქალს არ მიუღწევია. ალბათ, ერთგვარად სიმბოლურიცაა: 2000 წელს ევროპის პირველი ჩემპიონატის მასპინძელი ხომ ბათუმი იყო - სალომე მელიას სამშობლო.

"იმ პირველ ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელმა, მეც ვითამაშე", - ამბობს სალომე. - "ხელიდან არ ვუშვებდი შემთხვევას და ცნობილ დიდოსტატებს ავტოგრაფებს ვთხოვდი... მერე, წლების შემდეგ, ისინი სიცილით მეუბნებოდნენ, როცა ვუგებდი, ეს შენ ხარ, ბათუმში ავტოგრაფებს რომ გვთხოვდიო?! 14 წლის ასაკის გოგონებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2001 წელს მოვიპოვე, შემდეგ კი არაერთი პირადი და გუნდური პირველობა მოვიგე და მაინც – ეს ბოლო წარმატება ბელგრადში, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის."

სალომე მელია ახლა ბათუმშია. წარმომიდგენია, როგორ დასტრიალებენ თავს შვილსა და შვილიშვილს სალომეს მშობლები, რომელთა წვლილი სახელოვანი მოჭადრაკის აღზრდაში, დამერწმუნეთ, ფრიად მნიშვნელოვანია.

"სულ რამდენიმე წლის ვიყავი, მამამ რომ ჭადრაკის თამაში მასწავლა," - იხსენებს სალომე. - "თვითონ კარგი მოყვარულის დონეზე თამაშობს. დედა კი, პრაქტიკულად, სულ გვერდით მედგა, ხელს მიწყობდა ტურნირებისათვის მომზადებასა თუ საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში. სულ რამდენიმე დღეში თბილისში დავბრუნდები და ჩვენი გუნდი მომზადებას დაიწყებს მომავალი წლის ასპარეზობისათვის. მექნება პატარა ტაიმ-აუტიც, დეკემბერში მეორე შვილს ველოდები. შემდეგ ისევ ვარჯიში, ტურნირებია."

ისე მოხდა, რომ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის მომდევნო თემაც ბათუმს უკავშირდება, სადაც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა უეფასა და სკანდინავიის ქვეყნების ხელშეწყობით მოქმედი ევროპის კულტურათა ინტეგრაციის ასოციაციის სახალისო, ე.წ. ღია ფეხბურთის სემინარი. აღსანიშნავია, რომ მონაწილე ექვსი ქვეყნის 58 წარმომადგენელს შორის ცხრა ერაყიდან იყო.

აი, რას ამბობს სირვან შოვქათი, სახალისო ფეხბურთის მენეჯერი: "ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც ქურთები ცხოვრობენ, შედარებით სიმშვიდეა და ბავშვებიც ხალისით დადიან სავარჯიშოდ... ბაღდადში, ქალაქის გარეუბნის სტადიონზე აფეთქებას ცხრა ნორჩი ფეხბურთელი ემსხვერპლა: პოლიციელებმა ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ცემით მოკლეს კერბელის გუნდის მწვრთნელი მოჰამედ აბასი... და მაინც, ფეხბურთი ძალზე პოპულარულია ერაყში. ათასობით ბავშვი და მოზარდი დასდევს ბურთს, გულშემატკივრები კი სტადიონების ტრიბუნებს ავსებენ, რომ თავიანთ საყვარელ გუნდებს დაუჭირონ მხარი."

გასაკვირია: ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველდღე ტერაქტები, უმწვავესი პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირებაა, მაინც მოხერხდა ისეთი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ აზიის ქვეჯგუფის პირველ ეტაპზე სამხრეთ კორეას და უზბეკეთს, კატარსა და ლიბანს გაუსწრო. სულ ახლახან კი 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთში ერაყის ნაკრებმა პენალტების სერიაში დათმო ნახევარფინალი ურუგვაისთან, 88-ე წუთამდე კი იგებდა... იმასაც შეგახსენებთ, რომ ერაყში დაიწუნეს ზიკოსა და მარადონას მუშაობა და იქ ბორა მილუტინოვიჩია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ერთი სიტყვით, ერაყელებს აზიის ფეხბურთის ლიდერთა რიგებში ჩადგომა სურთ. 27-მილიონიანი ქვეყნისათვის ეს არ უნდა იყოს აუხდენელი ოცნება.

ჩვენ კი მოთმინებით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მით უმეტეს, რომ დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი, აგვისტოს ბოლო დეკადაში კი ევროლიგაზე გორის “დილისა” და თბილისის “დინამოს” მატჩებია.

ამასობაში, ეროვნული ნაკრების საკვალიფიკაციო მატჩებიც მოგვიახლოვდება, თუმცა ბრაზილია ისევ შორს დარჩება.
XS
SM
MD
LG