Accessibility links

logo-print

2016 წლის მთავარ სპორტულ მოვლენამდე - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებამდე - შვიდი თვე რჩება. ლიცენზიების გათამაშება კი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და ქართული სპორტის 2015 წლის მონაგარის შეჯამებისას მედლებთან ერთად ოლიმპიადის საგზურებიც უნდა დავთვალოთ.

გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად უკვე რამდენიმე გამოკითხვა ჩატარდა, რომლებშიც ყველაზე მეტი ხმები ოთხ კანდიდატზე გადანაწილდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ წელი მსოფლიოს ჩემპიონების რანგში დაასრულეს. კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასა და მორაგბე მამუკა გორგოძეს კი, მართალია, მსგავსი ტიტულები არ მოუპოვებიათ, მაგრამ, ეროვნულ ნაკრებებთან და უცხოეთის კლუბებთან ერთად, შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარეს და არაერთი აღიარებაც დაიმსახურეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, ქვეყნის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა, რომელიც მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე სექტემბერში ლას-ვეგასში გამართულ ჩემპიონატზე ავიდა.

„აქამდე მსოფლიოს ჩემპიონობამდე ყოველთვის სულ ცოტა მაკლდებოდა და მიხარია, რომ ამჯერად ოქროს მედალი მოვიგე. ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ, მედლების გარდა, ოლიმპიური ლიცენზიებიც თამაშდებოდა”, - გვითხრა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ქართველ მოჭიდავეს მსოფლიო პირველობის ოქრო ბოლოს 2005 წელს ჰქონდა მოპოვებული. მაშინ მსოფლიო კონკურენციაში ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა იმარჯვა. ამჯერად კი მან წარმატებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მიაღწია. მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ექვსი წონითი კატეგორიიდან ოთხში ლას-ვეგასშივე შეასრულა ოლიმპიური ნორმატივი. წინ კი კიდევ სამი სალიცენზიო ტურნირია და მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, რიოში სრული შემადგენლობით გამგზავრებაა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან განსხვავებით, ძალიან წარუმატებელი სეზონი ჰქონდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, რომელსაც ჯერ ოლიმპიური თამაშების არც ერთი ლიცენზია არ მოუპოვებია.

ძალოსნები ოლიმპიურ ფიცარნაგზე სამი სპორტსმენით გავლენ, რაც მნიშვნელოვანწილად ლაშა ტალახაძის დამსახურებაა. 22 წლის მძიმეწონოსანს დოპინგთან დაკავშირებული დისკვალიფიკაციის გამო ორი წელი გაუცდა. საერთაშორისო არენას ნოემბრის ბოლოს ტეხასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუბრუნდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ კი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ოქროს ამბავი გვამცნო – მსოფლიოს რუსი ჩემპიონის ალექსეი ლოვჩევის სისხლში დოპინგის კვალი აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი მიღწევა გაუქმდა და მსოფლიოს უძლიერეს მძიმეწონოსან ძალოსნად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა.

"ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, მწვრთნელების დახმარებით, ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახე. შეჯიბრზე მთლად კარგი შედეგი ვერ ვაჩვენე, მაგრამ ოქროს მედალი მაინც მოვიპოვე, რადგან რუსმა სპორტსმენმა ვერ გაიარა დოპინგ-ტესტი. არავის ვუსურვებ იმას, რაც მე გამოვიარე, მაგრამ მომხდარმა მაინც გამახარა. წინ კი ოლიმპიური თამაშებია და ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი რიოში ვაჩვენო”.

სპორტის გუნდური სახეობებიდან, პირველ ყოვლისა, რაგბი და კალათბურთი უნდა გამოვარჩიოთ. ქართველმა მორაგბეებმა სექტემბერ-ოქტომბერში ბრიტანეთში გამართულ მსოფლიო თასზე ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგეს და მსოფლიოს 2019 წლის თასის ფინალური ეტაპის საგზურიც აქედანვე გაინაღდეს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გამარჯვება უძლიერეს ტონგასთან, რამაც ბორჯღალოსნებს საერთაშორისო არენაზე მორიგი აღიარება მოუტანა. ყველაზე მეტი კომპლიმენტი ნაკრების კაპიტანს მამუკა გორგოძეს ერგო, რომელიც ახალ ზელანდიასთან 33 ქულით წაგებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მოგვიანებით კი მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებამდე ხუთი ქულა დააკლდა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ევროპის 3-გზის ჩემპიონ ლიტვასთან ბოლო წამებზე დამარცხდა. ქართველთა შემადგენლობაში მთელი ჩემპიონატის განმავლობაში უნაკლო იყო ზაზა ფაჩულია. ნაკრების კაპიტანი საკლუბო დონეზეც გამორჩეულ სეზონს ატარებს – “დალას მავერიკსის” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ამჟამად ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდაა, რადგან კოკოშკოვს კონტრაქტის ვადა ამოეწურა, თუმცა გამორიცხული არაა, კალათბურთის ფედერაციამ სერბ სპეციალისტთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

„ჩვენი აზრით, ქართულ კალათბურთს წარმატებული წელი ჰქონდა. ალბათ, შეიძლებოდა მეტის მიღწევაც, მაგრამ რაღაც-რაღაც მომენტებში შეიძლება იღბალმა გვიმტყუნა, შეიძლება გამოცდილებამ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო და უფრო გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს. როგორც იცით, იგორ კოკოშკოვმა განცხადება გააკეთა, მაგრამ ამით მასთან საუბარი დამთავრებული არ არის. იანვრის ბოლოს ან თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე გვეცოდინება ახალი მწვრთნელის ვინაობა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის”, - აცხადებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.

გუნდურ სახეობებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წყალბურთელთა ისტორიული შედეგი: საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ტრადიციულად, წარმატებული სეზონი ჰქონდა ძიუდოს ნაკრებს, რომელიც უმედლოდ არც ერთ მაღალი რანგის ტურნირზე არ დარჩენილა. სრულ ტრიუმფს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო დააკლდა. სტაბილური შედეგიანობა მსოფლიო რეიტინგში ქართველი ძიუდოისტების მაჩვენებლებზეც აისახა და შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში ოლიმპიადის ლიცენზია უკვე განაღდებულია.

„დარჩენილია რვა ტურნირი, რომლებსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა ტრადიცია არ დავარღვიოთ და ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გავემგზავროთ. ერთ-ერთ გრან პრის თბილისი უმასპინძლებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ, დიდი ალბათობით, ერთი წარმომადგენელი ქალთა ძიუდოშიც გვეყოლება. ოლიმპიურ თამაშებზე პროგნოზის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ყველა სინჯის მედლის მოპოვება”.

ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს მოჭადრაკეებმა. აპრილში ჩინეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა 9 ტურში 17 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა. აქამდე საუკეთესო შედეგი შარშანწინდელ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასვლა იყო.

ქართული სპორტის წარმატებულ სახეობებში, სამწუხაროდ, ვერც 2015 წელს გაწევრიანდა ფეხბურთი. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ერთ-ერთი აუტსაიდერის რანგში ჩაამთავრა.
იშვიათი გამონათება იყო თბილისში შოტლანდიის ნაკრების ძლევა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან სტუმრად ღირსეულად წაგება. საკლუბო ევროტურნირებზე კი საქართველოს წამყვანმა კლუბებმა გამოსვლა, ტრადიციულად, საწყის ეტაპებზევე დაასრულეს.

საფეხბურთო თემაზე 2015 წლის სუპერთასის ბრწყინვალე მატჩიც უნდა გავიხსენოთ, რომელსაც 11 აგვისტოს თბილისმა უმასპინძლა. დინამოარენაზე ერთმანეთს ევროპის უძლიერესი კლუბი ბარსელონა და ევროპალიგის ჩემპიონი სევილია დაუპირისპირდნენ და ბარსელონამ 5:4 მოიგო.

თბილისში 2015 წელს კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნავი სპორტული ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის უნდა გამოვარჩიოთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა 50 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს. სპორტის 9 სახეობაში მედლების 111 კომპლექტი გათამაშდა. ქართველმა ახალგაზრდებმა კი 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილი დაიკავეს. თბილისი 2015-ის საორგანიზაციო მხარე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს. ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა თბილისის სპორტის სასახლეში გამართულმა ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში.

ბოლოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომენტარიც:

„2015 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ეროვნული ფედერაციები და საპარლამენტო კომიტეტი ერთობლივად ვზრუნავთ, რომ მომავალი წელიც რაც შეიძლება უხვმოსავლიანი იყოს, მით უმეტეს, რომ ოლიმპიური წელი გველის და წლევანდელი შედეგები უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს”.

2015 წლის ბოლოს ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 14 ლიცენზიაა. ამას შეგვიძლია ახლავე დავამატოთ ძიუდოისტთა მინიმუმ ხუთი ლიცენზია. ოლიმპიური თამაშები აგვისტოში გაიმართება. წინასწარი გეგმით, ქართული დელეგაცია ბრაზილიაში მინიმუმ 30 სპორტსმენით გაემგზავრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG