Accessibility links

საქართველოში სპორტის ვარსკვლავები - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები - ყოველთვის იზიდავდნენ პოლიტიკურ ბრძოლებში ჩაბმულ პარტიებს, თუმცა სპორტის პოლიტიზების ხარისხმა თვალშისაცემად მოიმატა 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა მმართველმა პარტიამ და მისმა მთავარმა ოპონენტმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებზე. პოლიტიკაში ჩართული აღმოჩდნენ არა მარტო ცალკეული სპორტსმენები, არამედ სპორტული ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომლის უკანასკნელმა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ ახალი თავმჯდომარის არჩევნები პოლიტიკური ვითარების შეცვლის გამო გადადო. რატომაა საქართველოში სპორტი უკიდურესად პოლიტიზებული და რა გავლენას ახდენს ეს გარემოება სპორტის განვითარებაზე?

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ერთადერთი ქართველი ჩემპიონი,
20 წლის ლაშა შავდათუაშვილი, რამდენიმე თვის წინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნებსით თუ უნიებლიეთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული აღმოჩნდებოდა. სწორედ ოლიმპიურმა ჩემპიონობამ შესძინა მის სახელსა და მხარდაჭერას განსაკუთრებული მიმზიდველობა, რის გამოც ახალგაზრდა სპორტსმენი ქართულმა საზოგადოებამ, სპორტული არენის ნაცვლად, ტრიბუნაზე მდგომი იხილა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ხელშეწყობისთვის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ, რათა თქვენი სახე და გულები ბევრჯერ ვნახო გაბრწყინებული! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“

სპორტსმენი ამგვარი მოკრძალებული სიტყვით მშობლიურ გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეკრებაზე გამოვიდა, რამდენიმე ხნით ადრე კი მოჭიდავეთა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და საკუთარი პოზიცია ღიად გამოხატა.

„ ‘ქართულ ოცნებასთან’ ერთად ბოლომდე დავდგებით. 27-დან იწყება ჩვენი ნაბიჯები და გაგრძელდება ოქტომბრამდე. ოქტომბერში დავასრულებთ!“
უფრო ლეგიტიმური რომ იყოს, უნდა ჩატარდეს ფედერაციების არჩევნები. ყველამ ვიცით, როგორც ჩატარდა ფედერაციების არჩევნები... მეც ამ წრეში ვარ! ...

ოქტომბერში მართლაც დასრულდა ხელისუფლებისათვის ბრძოლა, თუმცა პრობლემები დარჩა როგორც სპორტის ცალკეულ სახეობათა ფედერაციებში, ასევე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. 3 ოქტომბერს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას ოლიმპიური კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩია, მაგრამ ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა არჩილ გოგელიამ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არჩევნების გადატანა მოითხოვა:

„უფრო ლეგიტიმური რომ იყოს, უნდა ჩატარდეს ფედერაციების არჩევნები. ყველამ ვიცით, როგორც ჩატარდა ფედერაციების არჩევნები... მეც ამ წრეში ვარ! ძალიან გთხოვთ, სესია ჩავატაროთ, ოღონდ არჩევნები გადავიტანოთ, რათა ლეგიტიმური იყოს და თქვენც უფრო თავისუფლად იმუშაოთ და იყოს კონკურენტუნარიანი.“

ყრილობის გადაწყვეტილებით, არჩევნები ორი თვის შემდეგ, 20 დეკმბერს გაიმართება. ამჟამად ძნელი სათქმელია მომავალ დელეგატთა შორის იქნებიან თუ არა სპორტის სახეობათა ფედერაციების მოქმედი ხელმძღვანელები, რომელთა შესახებაც არჩილ გოგელიამ თქვა, ყველამ იცის, როგორც არიან არჩეულებიო. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებდა:
იყო უსამართლობა! ფედერაციებიც იყო უკიდურესად პოლიტიზებული და ყოველივე ამან განაპირობა ჩემი წასვლა პოლიტიკაში, რათა ამ უსამართლობას დავპირისპირებოდი ...

„აბსოლუტურად! ფედერაცია არ დარჩენილა, დაწყებული ფეხბურთის ფედერაციიდან, ბადმინტონის ფედერაციით დასრულებული, რომ თავიანთი ხალხი არ დაენიშნათ და ეს ხდებოდა ძალადობრივად. შესაბამისად, იმ ფულს, რასაც სახელმწიფო ურიცხავდა ფედერაციებს, თავად ხელისუფლება აკონტროლებდა.“

სწორედ ამგვარი ძალადობით დაატოვებინეს ოლიმპიური კომიტეტი და ძიუდოს ფედერაცია შოთა ხაბარელს - ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონს, ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელსა და აწ უკვე მოქმედ პოლიტიკოსს.

„იყო უსამართლობა! ფედერაციებიც იყო უკიდურესად პოლიტიზებული და ყოველივე ამან განაპირობა ჩემი წასვლა პოლიტიკაში, რათა ამ უსამართლობას დავპირისპირებოდი. პირდაპირ გეტყვით, აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ინიშნებოდნენ, არადა, არჩევითი თანამდებობებია სულ. ყრილობამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტებიც და გენერალური მდივნებიც. ეს არის ნორმალური, მაგრამ აქამდე სულ ინიშნებოდა „ზემოდან“. ახლა ასე აღარ იქნება, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. ფედერაციები უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკისგან“, უთხრა შოთა ხაბარელმა რადიო თავისუფლებას.

შოთა ხაბარელთან ერთად არჩევნების გადატანა „ქართული ოცნების“ კიდევ ორმა წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ზვიად ზვიადაურმა და ლერი ხაბელოვმა მოითხოვეს. სხვათა შორის, ლერი ხაბელოვმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როცა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ღიად გააპროტესტა ის დარღვევები, რომლებიც გია ნაცვლიშვილის პრეზიდენტად არჩევას უძღოდა. აი, რა განუცხადა მაშინ ხაბელოვმა რადიო თავისუფლებას:

„ოლიმპიური სახეობის 31 ფედერაციაა და ამ ფედერაციებიდან მხოლოდ და მხოლოდ სამმა ჩაატარა თავისი საანგარიშო არჩევნები. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ძველი ხელმძღვანელები ირჩევენ ოლიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტს. მეორე ის, რომ არათანაბარი ბრძოლა იყო და, თუ გადავხედავთ განვლილ საარჩევნო მარათონს, ვნახავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი კანდიდატი ხვდებოდა ფედერაციებს, ერთის პროგრამა შუქდებოდა და დანარჩენი არც ერთი კანდიდატი არ იყო ყურადღების ქვეშ.“
„ისე, რომ კონკურენტი არ ჰყავდა! მეორე ის, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და ამის გამო კომიტეტის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატურები არ იყო წარდგენილი ...

არჩევნების შემდეგ ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიღმა დარჩა, გია ნაცვლიშვილს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და კახეთში პრეზიდენტის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, 122 დელეგატიდან 94-მა დაუჭირა მხარი. ოპონენტთა თქმით, არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მმართველმა პარტიამ. ნიშანდობლივია ის, რომ ოთხი წლის შემდეგ უკვე გია ნაცვლიშვილმა დაიჩივლა ახალი მმართველი პარტიის ზეწოლაზე:

„დელეგატების 98% იყო სპორტული ორგანიზაციებიდან. ბუნებრივია, იყვნენ ის დელეგატებიც, რომლებიც ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ წარდგენილი, მაგრამ ასეთი იყო ორი-სამი კაცი. მე მგონი, პირიქით იყო ზეწოლა პარტიული ნიშნით.“

გია ნაცვლიშვილის პასუხად, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ არ შეიძლებოდა პოლიტიკური გარემოს გათვალისწინების გარეშე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების ჩატარება. და კიდევ:

„ისე, რომ კონკურენტი არ ჰყავდა! მეორე ის, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და ამის გამო კომიტეტის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატურები არ იყო წარდგენილი. კიდევ ის, რომ არ ჩატარებულა არჩევნები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფედერაციებში, რომლებთანაც უნდა იმუშაოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.“

შოთა ხაბარელის თქმით, არჩევნები როგორც სპორტის ცალკეულ სახეობათა ფედერაციებში, ასევე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, რაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის თქმით, საქართველოში სპორტის განვითარების აუცილებელი, მაგარამ არასაკმარისი პირობაა. ელგუჯა ბერიშვილის თქმით, დამღუპველია მოქმედი სპორტსმენების გადაბირება პოლიტიკაში, როგორც ეს მოხდა ჭიდაობაში სამგზის ევროპის ჩემპიონის ზაზა კედელაშვილის შემთხვევაში, თუმცა, ბერიშვილის აზრით, არანაკლებ საზიანოა სპორტსმენების ჩართვა აქტიურ საარჩევნო კამპანიებში.

„ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი გამოიყვანეს გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე და სიტყვა ათქმევინეს. ოცი წლის ბიჭია, მთელი სპორტული ცხოვრება წინ აქვს. პირიქით უნდა იყოს, რომ მოვიდეს, უნდა უთხრან, არა, შვილო, შენ წადი, საქმეს მიხედე, ჩვენ შენგან მეორე მედალს ველოდებითო. ამის ნაცვლად, გვერდზე იყენებენ სპორტსმენებს, რათა მათი ავტორიტეტი პარტიასა და არჩევნებზე გადავიდეს. ეს არის ძალიან ცუდი და თუ ასე გაგრძელდება, ასევე ძალიან ცუდი იქნება“, უთხრა ელგუჯა ბერიშვილმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG