Accessibility links

2014 წელი მიიწურა და ქართული სპორტის სეზონური მონაგარიც შეგვიძლია შევაჯამოთ.

უკვე ტრადიციაა: წლის მთავარი სპორტული მიღწევები მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებზე მოდის. წლეულსაც ყველაზე მეტად სწორედ საჭიდაო სახეობებმა იყოჩაღეს და ლოგიკურიცაა, ყველა გამოკითხვაში მოწინავე პოზიციებს რომ იკავებენ.

დავიწყოთ მთავარი, ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი, წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულით, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციების ვერსიებით, ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ძიუდოისტს ტოლ-სწორი კონკურენტიც არ ჰყავდა.

გაზაფხულზე ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ზედიზედ მეორედ, ზაფხულის ბოლოს კი მსოფლიო კონკურენციაშიც იმარჯვა და, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

2014 წელი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტური ლიდერის რანგში დაასრულა.

"ყველა ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ჩემპიონი გავხდი. მხოლოდ ერთხელ დავიკავე მესამე ადგილი. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ და ვეცდები მომავალშიც ასე გავაგრძელო”, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფილარმონიის ივენთ ჰოლში გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ.

წლის საუკეთესო სპორტსმენს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გუნდურ წარმატებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, მაგრამ წლევანდელი სეზონი შარშანდელივით შედეგიანი მაინც ვერაა. ქართულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, მსოფლიოს მორიგ ოქრომდე კი ვეღარ მივიდა და მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.

გასული სეზონი, ტრადიციულად, უხვმედლიანი იყო მოჭიდავეთათვისაც, მაგრამ წარმატებულს 2014 წელს მაინც ვერ დავარქმევთ. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ეროვნულმა ნაკრებებმა გულშემატკივრებს იმედები აშკარად გაუცრუეს და რომ არა ასაკობრივი ნაკრებების ყოჩაღობა, ალბათ, სრულ კრახზე მოგვიწევდა საუბარი.

სამაგიეროდ, იყო რამდენიმე სკანდალი, რომლებმაც ქართული ჭიდაობის ტრადიციებს ჩრდილი მიაყენა. სექტემბერში, ტაშკენტში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, დიდი შიდადაპირისპირება დაიწყო – ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ეროვნული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები დაითხოვა, რასაც სრულიად ქართული საჭიდაო თემის აჯანყება მოჰყვა და კვერცხების სროლითა და კაბინეტის კარის აჭედვით გაჯერებული მძიმე პერიოდი ფედერაციის პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომით და ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში კი კიდევ ერთმა სახელოვანმა ვეტერანმა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა - მანუჩარ კვირკველიამ გაიმარჯვა.

ახალმა პრეზიდენტმა პირველსავე კომენტარში აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა ორად გაყოფილი საჭიდაო ოჯახის გაერთიანებაა:

"მეორე მხარე ჩემთვის არ არსებობს. ყველანი ერთად უნდა ვიყოთ და ვაკეთოთ საქმე, რომელიც ქართულ ჭიდაობას დიდ გამარჯვებებამდე მიიყვანს. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვებას მივიჩნევ”.

რაც შეეხება სპორტის გუნდურ სახეობებს, ბოლო წლების მსგავსად, ისევ ისახელეს თავი მორაგბეებმა და კალათბურთელებმა, მაგრამ წლის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად მაინც წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მიღწევას დავასახელებ.

ნატურალიზებული უცხოელი სპორტსმენებით გაძლიერებულმა ქართულმა გუნდმა შესარჩევი ჯგუფური ეტაპი და პლეი-ოფი წარმატებით დაძლია და, პირველად დამოუკიდებელი ქართული წყალბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროდებიუტი წარუმატებელი გამოდგა – ქართველმა წყალბურთელებმა შეჯიბრება მოუგებლად დაასრულეს, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო.

"შეიძლება ითქვას, რომ სასწაული მოხდა, მაგრამ ეს შედეგი კანონზომიერია. წლების განმავლობაში ჩვენი და წყალბურთელების მიერ გაწეულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ამ ეტაპისთვის უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ - მოვხვდით ევროპის 12 უძლიერეს ნაკრებს შორის”, – თქვა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საგზური ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა” ევროპის ერთა თასზე ხუთივე მეტოქეს ადვილად აჯობეს, სეზონის მიწურულს კი თბილისში ტესტ-მატჩში მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრი იაპონიაც დაამარცხეს და ბობოლა სარაგბო ნაკრებებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"2014 წელს დადებითად შევაფასებ, რადგან წინსვლა გრძელდება. შეიძლება ნელა, მაგრამ მაინც სწორი გზით მივდივართ. წინ კი უმნიშვნელოვანესი წელი გველის და თუ ზუსტად ერთ წელიწადშიც ასეთი კმაყოფილები და ბედნიერები ვიქნებით, მაშინ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ”, – გვითხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს რაგბის კავშირი 2014 წლის საუკეთესო სპორტულ ფედერაციად დასახელდა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ასევე ტრადიციული გამოკითხვის შედეგად კი, წლის გუნდის ნომინაციაში პირველობა საკალათბურთო ნაკრებს ერგო. სპორტულმა მასმედიამ სერბი სპეციალისტის იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით დაძლევა დაუფასა.

შეგვიძლია 2014 წლის შეჯამება აქ დავასრულოთ ისე, რომ გასული სეზონის წარუმატებლობებსა და იმედგაცრუებებზე არაფერი ვთქვათ, მაგრამ სპორტის ყველაზე პრესტიჟულ სახეობას გვერდს ვერაფრით ავუვლით.

სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს საამაყო ჯერაც არაფერი გვაქვს, ათწლეულების წინანდელი საკლუბო მიღწევების გარდა.

საქართველოს წარმატებული კლუბები, წინა წლების მსგავსად, წლეულსაც საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ ევროტურნირებს, ეროვნულმა ნაკრებმა კი თითქმის ყველა პრინციპული თამაში წააგო და სეზონის ბოლოს მსოფლიოს რეიტინგში ფარერის კუნძულებსაც ჩამორჩა.

თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ვადაზე ადრე დაკარგა, თავად სპეციალისტმა კი პოსტი ასევე ნაადრევად დატოვა.

წლის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრები კიდევ ერთ ვეტერან ფეხბურთელს, კახა ცხადაძეს ჩააბარა. აქვე ახალი მწვრთნელის პირველი განცხადებაც:

"ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ფეხბურთელებმა ბოლოდროინდელი ფსიქოლოგიური კრიზისი დაძლიონ და აღარასოდეს თქვან, რომ მათ მოგება არ შეუძლიათ”.

ცხადია, 2014 წელს იყო კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი წარმატება და წარუმატებლობა. იყო მნიშვნელოვანი მოვლენებიც:

აღდგა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი და სექტემბრიდან სასწავლო პროცესიც დაიწყო.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სექტემბერშივე აგორებული საფეხბურთო მსაჯების სკანდალიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ 8 ქართველი არბიტრი დააკავა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ მატჩებზე ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე და ასრულებდნენ კიდეც.

2015 წელი კი ქართული სპორტისთვის გასულ წელზე პრინციპული და საინტერესო უნდა იყოს.

საქართველო ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლებს. უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჩემპიონი კლუბები სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ზაფხულში დინამოარენაზე დაუპირისპირდებიან.

ზაფხულშივე თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

და კიდევ, 2015 წელს რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება იწყება. გველის რაგბის მსოფლიო თასი და საკალათბურთო ევროპირველობა.

დასასრულ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის 2014 წლის შემაჯამებელი კომენტარი:

"ჩვენმა სპორტმა წლეულს 541 მედალი აიღო ეროვნულ და ასაკობრივ შეჯიბრებებზე, აქედან 197 ოქროსი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა. ამიტომ ვიმედოვნებ, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მით უმეტეს, რომ ოლიმპიადის სალიცენზიო წელი მოდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ სეზონში საქართველო რამდენიმე დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”.

XS
SM
MD
LG