Accessibility links

ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზაცია მოახდინა და სპორტსმენები არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით დაყო, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც 130-მდე მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი აწერს ხელს. მიმართვა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით შემუშავდა.

კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც სპორტული საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვაშია ასახული, ამბობს, რომ ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი არ შეიძლება განიხილებოდეს ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მესიჯშია თავმოყრილი ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობისა და სპორტული ორგანიზაციების სახელზე მომზადებული მიმართვის არსი - კერძოდ, რომ დასრულდეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები და, მეორე, შეწყდეს სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმების შექმნა.

”ხელისუფლება სპორტსმენებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დასაშინებლად. ქმნის ჯან-ღონით გამორჩეულ სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუნდობლად უსწორდებიან სწორედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს - მათ შორის, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს - მხოლოდ განსხვავებული აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამო. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად შეიძლება იქცეს.”
საქართველოს რიგითი მოქალაქის პოზიციიდან ვსაუბრობ, არა როგორც მინისტრის. ცოტა უხერხული ხომ არ არის ადამიანთა ჯგუფის მხრიდან მსგავსი განცხადება და მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სპორტსმენების პოლიტიზებაზე, როცა განცხადება კეთდება პოლიტიკური ორგანიზაციის ტრიბუნიდან...

ეს არის ნაწყვეტი მიმართვიდან, რომელიც ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა გააცნო. საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ძიუდოში, შოთა ხაბარელს კი ვთხოვეთ დაეზუსტებინა პოლიტიკური ზეწოლისა და სპორტსმენთა ეგრეთ წოდებულ სადამსჯელო ოპერაციებში გამოყენების რა კონკრეტულ ფაქტებს მიაწვდის საინიციატივო ჯგუფი მიმართვის ადრესატებს.

”მინდა გითხრათ ჩემს საქმეზე: პატარა ბიზნესი მქონდა და იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი მქონდა, დამიყადაღეს. იგივე კალაძესთან დაკავშირებით, იგივე ზვიადაურთან დაკავშირებით. უამრავი ფაქტია. ვისაც ქონება არ ჰქონდა, სამსახურიდან გაუგდეს ახლობელი ან აშინებენ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზონდერების ფაქტებს, ნახეთ რა მოხდა ერედვში? მე ახლა ვიმყოფები ქარელში, საზოგადოებას, ხალხს ვხვდები. აქაც ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა. გარკვეული წარმოშობის ადამიანები - ეტყობა, სპორტსმენები არიან - მოდიან და უნდათ, რომ ჩვენი შეხვედრა საზოგადოებასთან ჩაშალონ.”

„ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით მომზადებული მიმართვის ადრესატები არიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი, გაერო, ევროკავშირი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და სხვა სპორტული ორგანიზაციები. მიმართვის ხელმომწერთა შორისაა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჭადრაკში, ”სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი


”მე ვარ ადამიანი,მოქალაქე, რომელსაც მაქვს უფლება, კონსტიტუციური უფლება, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება და ამის გამო მტერი არ უნდა ვიყო ამ ხელისუფლების თვალში. იმიტომ, რომ მე კარგის მეტი ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია. ეს მიმართვა არის ზუსტად მიმართული იქითკენ, რომ სპორტი იყოს თავისუფალი აბსოლუტურად. სპორტი ყოველთვის უნდა იყოს სპორტის სამსახურში და არა რომელიმე მმართველის სამსახურში.”


შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების სისტემატურად დარღვევის გამო, მიმართვის ავტორები და ხელმომწერები საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ მოახდინონ სათანადო რეაგირება ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე - სპორტსმენებზე ზეწოლისა და რეპრესიების შეწყვეტის, იმავდროულად კი, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კი საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” მიმართვას ჩვენთან საუბარში შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

”საქართველოს რიგითი მოქალაქის პოზიციიდან ვსაუბრობ, არა როგორც მინისტრის. ცოტა უხერხული ხომ არ არის ადამიანთა ჯგუფის მხრიდან მსგავსი განცხადება და მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სპორტსმენების პოლიტიზებაზე, როცა განცხადება კეთდება პოლიტიკური ორგანიზაციის ტრიბუნიდან, გარკვეულ ყოფილ სპორტსმენთა მხრიდან.“

ლადო ვარძელაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას საქართველოში სპორტსმენებს არავინ უშლის, აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობა კი თავად სპორტსმენების კარიერაზე ახდენს უარყოფით გავლენას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG