Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძებნილი მაღალჩინოსანი რატკო მლადიჩი დაკავებულია


ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერი რატკო მლადიჩი
ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერი რატკო მლადიჩი
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, დიდი ხნის მანძილზე ძებნილი პირი, რატკო მლადიჩი, სერბიაში დააკავეს.

გაეროს სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალის ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილი - ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერი, რატკო მლადიჩი - 15 წლის მიმალვის შემდეგ სერბიაში დააკავეს.

ინფორმაცია სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა სახელდახელოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა - განაცხადა, რომ მლადიჩი დააკავეს „სერბიის მიწაზე“ ხუთშაბათს:

ტადიჩის თქმით, უკვე დაწყებულია მლადიჩის ჰააგაში ექსტრადიციის პროცედურა: „სერბიის რესპუბლიკის სახელით ვაცხადებ, რომ რატკო მლადიჩი დავაკავეთ. ექსტრადიციის პროცესი დაწყებულია. ეს ამბავი სერბიის მხრიდან ჰააგის ტრიბუნალთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობის შედეგია.“

მლადიჩის დაპატიმრებას მიესალმა გაეროს სამხედრო ტრიბუნალის მთავარი პროკურორი სერჟ ბრამერტცი, რომლის თქმითაც, ბელგრადმა „ერთ-ერთი საერთაშორისო ვალდებულება შეასრულა“.

ცნობას მიესალმნენ აგრეთვე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩევლის მოადგილე ბენ როუდსი და სხვა ოფიციალური პირები.

68 წლის მლადიჩს ბრალად ედება 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების დროს ომის დანაშაულების ჩადენა და გენოციდი. მის ბრალდებებს შორის არის სარაევოს 43-თვიანი ალყა, რომლის დროსაც 12,000 ადამიანი დაიღუპა, ბოსნიაში „ეთნიკური წმენდის“ განხორციელება და 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში 7,000-ზე მეტი მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის გაჟლეტის დაგეგმვა.

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ყველაზე დიდი მასშტაბის შემთხვევა იყო 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების მანძილზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ განხორციელებული ჰოლოკოსტის შემდეგ სრებრენიცა ევროპაში მასობრივი მკვლელობის ყველაზე ფართომასშტაბიან აქტად ითვლება.

ტადიჩის თქმით, მლადიჩის დაკავება სერბიისთვის დადებითი მოვლენაა, ვინაიდან ამით ქვეყნის ისტორიაში ერთი თავი დასრულდება, რაც სერბიას გზას გაუხსნის რეგიონის სხვა ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

მართლაც, მლადიჩის ფაქტორი სერბიისთვის მთავარ წინაღობას წარმოადგენდა ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ბრიუსელი სერბიას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებოდა მანამ, სანამ მლადიჩი თავისუფალი იყო.

ტადიჩის თქმით, მლადიჩის დაპატიმრება და ექსტრადიცია მსოფლიოს თვალში სერბიის მორალურ სახეს აძლიერებს. ამას ჩვენი ხალხის, სერბებისთვის ვაკეთებთო, განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, „ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ღირსების საკითხიაო“.

ტადიჩმა ასევე განაცხადა, მლადიჩის დაკავებით ბელგრადის მხრიდან გაეროს ტრიბუნალთან თანამშრომლობა არ მთავრდებაო. მისი თქმით, გრძელდება იმის გამოძიება, თუ ვინ იყვნენ ის პირები, ვინც მლადიჩს და სხვა ძებნილებს მიმალვაში ეხმარებოდა. ტადიჩმა კიდევ უფრო კონკრეტულადაც ისაუბრა - მისი თქმით, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, მლადიჩს მართლმსაჯულებისგან მიმალვაში სერბიის მთავრობის გარკვეული წარმომადგენლები თუ ეხმარებოდნენ ამ წლების განმავლობაში.

მლადიჩის დაკავების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბელგრადში მოქმედი ცნობილი რადიოსადგური - B-92 - სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მართლმსაჯულებისგან დამალვის წლებში მლადიჩი მილორად კომადიჩის სახელს იყენებდა.

მლადიჩი ჰააგის ტრიბუნალს თუ გადაეცა, მისი სასამართლო ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება მას შემდეგ, რაც 2002 წელს ყოფილი იუგოსლავიისა და სერბიის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის პროცესი დაიწყო. მილოშევიჩი ჰააგაში ვერდიქტის გამოტანამდე გარდაიცვალა - 2006 წლის მარტში.

ომის დანაშაულებში ბრალდებული კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რადოვან კარაჯიჩი ბელგრადში, ავტობუსში დააკავეს, 2008 წლის ივლისში - გადაცმული და ვინაობა შეცვლილი - და ჰააგას გადასცეს.
XS
SM
MD
LG